„ავერსი ფარმას“ გამო, პანდემიას შესაძლოა საქართველოსთვის კატასტროფა მოეტანა – რა გააკეთა „ავერსის“ მფლობელმა 2019 წელს?

1,794 წაკითხვა

საქართველო CoViD-19 პანდემიასთან ბრძოლაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გარეშე, შიშველი ხელებით აღმოჩნდებოდა და კატასტროფული შედეგები დადგებოდა, „ავერსი ფარმას“ მფლობელ პაატა კურტანიძეს თავისი რომ გაეტანა.

საქმე ის არის, რომ 2019 წელს, პანდემიის დაწყების წინ, ,,ავერსმა“ კატეგორიულად მოსთხოვა ცენტრს კუთვნილი ტერიტორიის დაცლა!

ინფექციური საავადმყოფოს უზარმაზარ ტერიტორიას, 58175 კვ.მ-ს, თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც დღეს უკვე ყველასთვის ნაცნობი ადგილია, 2009 წლის დეკემბრიდან პაატა კურტანიძე ფლობს.

„ავერსის“ მფლობელმა მიწა და მასზე არსებული 18 შენობა 2009 წელს აუქციონზე შეიძინა – 12 250 000 აშშ დოლარად.

პირობად გათვალისწინებული იყო, რომ: შემოსული თანხიდან ახალი ცენტრი აშენდებოდა; მანამდე კი (2 წლის განმავლობაში) ცენტრი პროფილით ფუნქციონირებას გააგრძელებდა და უსასყიდლოდ ისარგებლებდა შენობის ფართით. იმ 2 წლის განმავლობაში არც ახალი ცენტრის აშენების პირობა შესრულდა და მეტიც – ცენტრს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეც შეექმნა.

შპს „ავერსი ფარმამ“ მოითხოვა, 2013 წლის სექტემბრიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ტერიტორია დაეტოვებინა. ცენტრის სხვა შენობაში გადატანა ერთი ხელის მოსმით, როგორც კურტანიძეს სურდა, წარმოუდგენელი იყო, ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ხელისუფლებამ დაიწყო შესაფერისი ფართის ძებნა და თან მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წლის სექტემბრიდან შპს „ავერსი ფარმასთვის“ ყოველთვიური იჯარა გადაეხადა, რათა ქვეყანა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გარეშე არ დარჩენილიყო.

2015 წელს ცენტრისთვის მოიძებნა ფართი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, თუმცა იქიდან სოციალურად დაუცველთა და იძულებით გადაადგილებულთა გამოსახლება ვერ მოხერხდა. ასე რომ, ცენტრმა ამ შენობით ვერ ისარგებლა. მეტიც – შენობას, როგორც ცენტრის ბალანსზე რიცხულს, სასამართლოს ყადაღა დაედო, რადგან „ავერსი ფარმამ“ სასამართლოში იჩივლა, ცენტრის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

შემდეგ უკვე თავად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი, 2009 წლის პრივატიზების უკანონოდ ცნობისა და ტერიტორიისა და ნაგებობების დაბრუნების მოთხოვნით.

ეს პაატა კურტანიძისთვის შეშფოთების საგანი გახდა და 2015 წლის მაისში, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების შუამდგომლობით, შედგა შეთანხმება, რომ, თუ ცენტრი სარჩელს უკან გამოიტანდა, შეიქმნებოდა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი“, რომლის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნებოდა, ხოლო 49%-ის – „ავერსი ფარმა“.

ცენტრმა სარჩელი გამოიტანა და კურტანიძემ აქაც ისარგებლა.

მომზადდა ააიპ-ის წესდების პროექტი და გადაეგზავნა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს. 2016 წლის იანვარში დაიწყო მოლაპარაკება „ავერსი ფარმასა“ და ცენტრს შორის 5000 კვ.მ მიწის გადაცემის შესხებ, 25%-იან წილის სანაცვლოდ ააიპ-ში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის #623 განკარგულებით, დაფუძნდა ააიპ „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი“, რომელსაც 5000 კვ. მ ფართი უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა.

2016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ინფექციური საავადმყოფო უნივერსიტეტის ქუჩაზე, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდებოდა.

თუმცა 2017 წელს ცენტრისთვის ლუბლიანას ქუჩაზე თავად თენგიზ ცერცვაძემ გამონახა შენობა და ახლა ინფექციურისთვის ამ შენობის გადაცემაზე მიმდინარეობს მუშაობა. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ინფრასტრუქტურის მინისტრს გასული წლის დეკემბერში ვრცელი წერილითაც მიმართა, რომელშიც განმარტა, რა არის გასაკეთებელი ან გადასაკეთებელი ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებთ:

„ყველაფერი ეს შედარებით იოლად და შედარებით მცირე დანახარჯებით შეიძლება გაკეთდეს/გადაკეთდეს.

 ჩვენი შეფასებით, შენობის დამთავრებას და საჭირო კონდიციებამდე მიყვანას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება (პროექტირების ჩათვლით) და, დაახლოებით, 5-6 მილიონი ლარი დაჯდება (შეიძლება ვცდებოდეთ და ექსპერტები უკეთესად შეაფასებენ), მაგრამ ეს მაინც, სულ ცოტა, 2-2.5 წლით ნაკლები იქნება, ვიდრე ბელიაშვილის ქუჩაზე ასაშენებელი შენობის შემთხვევაში…

დიდად მადლობელი ვიქნებით, თუ მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება ჩქარა მიიღებს და ყველა საჭირო პროცედურას შესაძლოდ მოკლე ვადებში განახორციელებს, თორემ წარსულის მწარე გამოცდილებით, ყველა წინა შეპირება ჯერ გაჭიანურდა, ხოლო შემდეგ განუხორციელებელი დარჩა.

ქვეყანაში კლინიკების სიმრავლის მიუხედავად, როგორც ადრე მოგახსენეთ, არცერთ მათგანს არ შეუძლია, შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც ჩვენს ცენტრს აკისრია და ამიტომ ცენტრის საქმიანობის გაჩერება (რაც გარდაუვალია) ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“.

ეს წერილი 2019 წლის დეკემბრით არის დათარიღებული. როგორც ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ცენტრის საქმიანობის გაჩერება გარდაუვალია, რადგან 2019 წელს „ავერსმა“ უარი თქვა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე და კატეგორიულად მოითხოვა კუთვნილი ტერიტორიის დაცლა. მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალმა მენეჯმენტმა ლუბლიანას ქუჩაზე შენობის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში შპს „აპექს სტუდიო 1“-მა გაიმარჯვა. პროექტირების ვადად 24 თვე განისაზღვრა, ღირებულება 980 294.44 ლარს შეადგენს. რამდენად ძვირი უჯდება სახელმწიფოს ინფექციური პათოლოგიების ცენტრისთვის ახალი შენობის აშენება, აპარატურისა და ლაბორატორიებისა გადატანა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ამას, როგორც მინიმუმ, კიდევ ორი წელი დასჭირდება. ამასობაში ბ-ნი კურტანიძე ცენტრის წინააღმდეგ ცბიერ ტაქტიკას იყენებს.

„იჯარაზე შეთანხმება ბევრ ყველაზე გადაუდებელ პრობლემას გადაგვიწყვეტდა, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაგზავნილ კიდევ ერთ წერილში, –  ბ-ნი კურტანიძე კვლავ დაჟინებით ითხოვს რეანიმაციისა და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას, რაც ავტომატურად ნიშნავს ცენტრის საქმიანობის შეწყვეტას. იცის რა, რომ ცენტრის საქმიანობის ერთბაშად შეწყვეტა ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს, რომელიც მათაც დააზარალებს, ისი მიმართავს ე.წ. „მცოცავ ანექსიას“ და „ჟანგბადის თანდათან გადაკეტვას“.

„მცოცავი ანექსია“ კი იმას გულისხმობს, რომ  კურტანიძემ: დაანგრია სამრეცხაო, გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციის შენობას, რის გამოც წვიმის დროს წყალი ჩადის. ამავე შენობაში განთავსებულია მძლავრი ელექტროგამანაწილებელი კვანძი, რომლის დასველების შემთხვევაში, მთელი ცენტრი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩება. ასევე, კურტანიძე ითხოვს რეანიმაციისა და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას. კატეგორიულად არ აძლევს ცენტრს უფლებას, აამოქმედოს „ემერჯენსი“, გააკეთოს ბოქსირებული კორპუსის რემონტი, მოაწყოს სავალდებულო ვენტილაცია უარყოფითი წნევით (რაც ამ პროფილის კლინიკისთვის კრიტიკულად აუცილებელია) და ცხელი წყალი. ეზოში უფასოდ აღარ უშვებენ ცენტრის სამსახურებრივ და თანამშრომლების პირად ავტომანქანებს და სხვ.

წყარო: PIA.ge

PIA.ge-ს ექსკლუზივი

ს.

Next Post

„მოვითხოვ კორონით სიკვდილის უფლებას“ - ირინა სარიშვილი

სამ მაი 12 , 2020
1,794 წაკითხვა„ცოტაც და მოვითხოვ კორონით სიკვდილის უფლებას შიმშილით დახოცილთა მასისგან რო რაღაცნაირად გამოვეყო… გამომაცხადებენ მაინც…ირინა ამბიციური“ ირინა სარიშვილი