სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ივანიშვილის ერთადერთი სწორი არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილია“ – აურზაური „სალხინეთში“

1 min read

„მედიაპრესი“ გთავაზობთ საარქივო მასალებს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების საინტერესო მოსაზრებებს, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წლების წინ გაკეთებული შეფასებები, ზუსტად პასუხობს დღეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და გამოწვევებს. 

გვესაუბრება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ივერიონის“ მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია

ბატონო ზაურ, საქართველოში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანმა პრობლემებმა იჩინა თავი, საზოგადოებისთვის „თავის ტკივილი“ მაინც ლარის კურსის კატასტროფულად დაცემა აღმოჩნდა. ზოგი ამას მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმებით ხსნის, ზოგი საქართველოს მთავრობის უუნარობით. არიან ისეთებიც, ვინც ლარის კურსის გაუფასურებაში სებ-ის პრეზიდენტის, ირაკლი ქადაგიძის დანაშაულებრივ ქმედებებს ხედავს!.. როგორია თქვენი კომენტარი?

– სიტყვა „შეიძლება“, ალბათ, ზედმეტია – საქართველო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში თანდათან შედის და ეს მარტო ლარის კურსის კატასტროფულად დაცემას არ უკავშირდება – ყველა თავსმოხვეულმა თუ ობიექტური კანონზომიერებით ნასაზრდოებმა კატაკლიზმებმა (სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ), ერთბაშად იჩინა თავი და ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვეჭვობ, ამ გამოწვევას დღევანდელმა ხელისუფლებამ ადექვატურად  უპასუხოს, მითუმეტეს, ქვეშ-ქვეშა დინებები 2012 წლის არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო და ახლა უფრო მიზანმიმართულ და ორგანიზებულ ფაზაში გადავიდა. მთელი უბედურება იმაშია, რომ დღეს საქართველოსთვის პრობლემას მხოლოდ „ნაციონალები“ არ წარმოადგენენ – აშკარად მოღალატური მოძრაობები სეიმჩნევა თვით ხელისუფლების შიგნითაც. მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, ივანიშვილის კრიტიკა და მისი მხრიდან საკუთარი გუნდის არასწორად შერჩევაზე აპელირება წყლის ნაყვა იქნება. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან და როგორ ვუშველოთ ქვეყანას!

თქვენ ლარის კურსის კატასტროფულად დაცემაზე მკითხეთ – გარეშე ფაქტორების უგულებელყოფაც არ შეიძლება, მაგრამ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს „საჩუქარი“ საქართველოს სებ-მა მოუმზადა – ვიტყვი პირდაპირ: რაც დღეს ლარს მოუვიდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მავნებლური (მოღალატეობრივი) პოლიტიკის შედეგია. ამ ე.წ. „პოლიტიკამ“ არა მარტო კომერციული ბანკებისა და ცალკეული ბოსების ჯიბე გაასქელა, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის ღრმა კრიზისში შეყვანას შეუწყო ხელი. თუ ამას დროზე არ ეშველა, პოლიტიკური კრიზისის წინაპირობად იქცევა.

სხვათაშორის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ უპატიებელ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მათ არ დაიწყეს საიმპიჩმენტო პროცედურები, რომ არაფერი ვთქვათ მიხეილ სააკაშვილზე, სებ-ის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ.

ჩვენ 9 წლის მანძილზე აშკარად გამოკვეთილ ფაშისტურ რეჟიმთან გვქონდა საქმე და როგორ შეიძლებოდა იმ ადამიანების თანამდებობებზე დატოვება, რომლებსაც ფულად-საკრედიტო და სამართლებრივი პოლიტიკის სადავეები ეჭირათ ხელში?! უნებლიედ მახსენდება ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში – ჩვენც ისე ხომ არ მოვიქცევით, როგორც ნაციონალები იქცეოდნენო – სწორედ დემოკრატობანას თამაშმა მიგვიყვანა ასეთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე…

ვეთანხმები ბ-ნ ნასყიდა დარბუაშვილს, რომელმაც „ივერიონში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პირდაპირ აღნიშნა, რომ ლარის კურსის კატასტროფულად კლება სებ-ის მიერ განხორციელებული დივერსიაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა მაინც უნდა გამოიბერტყოს ყური მთავრობამ და საფუძვლიანად შეისწავლოს ლარის უკიდურესად გაუფასურების რეალური მიზეზები…

– თქვენ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ახსენეთ, რომელსაც უფლებამოსილება ამ რამდენიმე დღის წინ შეუწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ კუბლაშვილის გავლენებზე მოსამართლეთა მიმართ და სამართლებრივი სივრცის „ნაციონალიზაციაზე“, მან მაინც შეძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გარკვეულ ბარიერებს წააწყდა. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ქ-ნ ნინო გვენეტაძეს.

– ქ-ნი ნინო გვენეტაძეს იურისტთა არმია უჭერს მხარს, სხვათაშორის, ის მისაღებია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. ყველა ხაზს უსვამს მის კომპეტენციას, პრინციპულობას და შინაგან პატიოსნებას, რაც უდაოდ მისასალმებელია. ერთადერთი, რასაც მას ნაკლად უთვლიან, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობაა, რომელიც, თურმე 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეუჩერებია. არ ვიცი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში აღმოჩნდება თუ არა იგი თანაპარტიელების გავლენის ქვეშ, მაგრამ მომავალი თავმჯდომარის საჭირო კრიტერიუმებს სხვა მხრივ ნამდვილად აკმაყოფილებს.

რამდენადაც ვიცი, თუ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტში ჩავარდა, პრეზიდენტს მისი ხელმეორედ წარდგენის უფლება არა აქვს, რაც გარკვეული დროით გადაავადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატის წარდგენისა და კენჭისყრის პროცედურებს. ამით გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმიც შეიძლება შეიქმნას!

– ამ ბოლო ხანებში ბევრი საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტილების მოწმენი გავხდით. რომელი ერთი ჩამოვთვალო… საზოგადოების გამძაფრებული რეაქცია მოჰყვა აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ადგილობრივ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმცირესობაში გადასვლით დაგვირგვინდა!..

– „აურზაური სალხინეთში“, შეიძლება ასე დავარქვათ აჭარაში განვითარებულ მოვლენებს. მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ანალოგიურ „დივერსიებს“ მიზანმიმართული პოლიტიკა არ დაუპირისპირა, უმრავლესობის რღვევის პროცესი სხვა რეგიონებშიც შეიძლება გაგრძელდეს. მითუმეტეს, ოზურგეთის სახით ამის მაგალითი უკვე სახეზე გვაქვს.

ფაქტია, სათავეში დაშვებულმა შეცდომებმა უკვე მყარად იჩინეს თავი, არ ვიცი, რამდენად მოახერხებს დღევანდელი ხელისუფლება „გაქოცებული“ „ნაციონალების“ ნეიტრალიზებას და როგორ აიცილებს თავიდან კარს მომდგარ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ ამ მწარე გამოცდილებიდან ობიექტური დასკვნა უნდა გამოიტანოს და მომავალში მაინც უნდა გაითვალისწინოს – გუნდი პროფესიონალიზმისა და ერთგულების ნიშნით უნდა იკვრებოდეს და არა ვიღაცის ხუშტურებით. არსებობს გენიალური გამოთქმა: არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ რომ ხეხო ქვიშითა! არადა, დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტად „ოცნებაში“ გადაპორტირებული „ნაციონალები“ უთხრიან სამარეს.

დღეს ბევრს საუბრობენ კოალიცია „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დაშლაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა იქნება. უკვე საუბარია კონკრეტულ ვადაზეც – სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერი. რა შანსი აქვს ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და მოსალოდნელია თუ არა ახალი პოლიტიკური ძალების შესვლა ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე?

– ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თუ გავაანალიზებთ, ადვილად შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე დავდგეთ. სხვა საკითხია, ვის აწყობს ეს და ვის არა!…

თუ მიხეილ სააკაშვილის ამ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებას – „ჩვენ ივანიშვილის მთავრობას არჩევნებამდე ვერ დაველოდებით“ – გავიხსენებთ, გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვადამდელი არჩევნები არ აწყობს. რაც არ უნდა შექმნან მათ ხელოვნური კრიზისი ქვეყანაში, რაც არ უნდა დააბრალონ დღევანდელ ხელოისუფლებას ეკონომიკური კრიზისის გაღღმავება და „მოსახლეობის ძარცვა“, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას არჩევნების გზით მაინც ვერ მოიპოვებენ! სააკაშვილის განცხადება კი იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი რევანშისთვის ემზადებიან. სხვათაშორის, ამ მიზანს ემსახურება„ ნაციონალების“ კონცენტრირება უკრაინაში და სააკაშვილის ხელისუფლების ფუნქციონერთა დანიშვნა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა იერარქიაში. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ „ნაცმოძრაობას“ დღესაც აქვს თავისი „ძველი პატრონების“ მხარდაჭერა.

ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ეს მოხდა, „ნაციონალების“ რევანში არა დღევანდელი ხელისუფლების, არამედ, ქართული საზოგადოების კრახი იქნება და ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ უარესის ღირსნი ვართ!

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, რა შანსი აქვს ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, გიპასუხებთ: დღევანდელი გადასახედიდან „ქართული ოცნების“ შანსი ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი ვერ იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად და სტრუქტურულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია არ არის – საკმაოდ სუსტია პარტიული ვერტიკალი და ჯერჯერობით მისი გაძლიერების ტენდენციაც არ ჩანს. არა მარტო ჩემთვის, ალბათ სხვებისთვისაც გაუგებარი იყო რა პრინციპით შეირჩა ირაკლი კობახიძე პარტიის აღმასრულებელ მდივნად, რომელმაც პარტიაში „ძრავის“ ფუნქცია უნდა შეასრულოს. ახლა პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან საუბარია ახალ სახეებზე. პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ რა სახე შეიძლება გახდეს გიორგი მოსიძე „ქართული ოცნებისთვის“? თუ ამ პრინციპით აპირებენ პარტიის „გაძლიერებას“ ახალი სახეებით, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი…

– დღეს „ქართული ოცნება“, ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირდება, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული სიმპათიებით ნამდვილად სარგებლობს!..

– ირაკლი ღარიბაშვილს ისევ დავუბრუნდები, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს სიმპათიები „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის – ღარიბაშვილი მაინც ფორმალური ლიდერია და მას ნაკლებად „სცხელა“ პარტიის გაძლიერებაზე იფიქროს! მითუმეტეს, უკვე ღიად საუბრობენ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე და გავლენის სფეროების გადანაწილებაზე კალაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის…

მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მომენტზე: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არსებობის მანძილზე ბევრი შეცდომა დაუშვა – ერთ-ერთი და მთავარი მაინც საკუთარი მომხრეების გადაგდებაა, როგორც ამას საზოგადოებაში ამბობენ ხოლმე.

ბევრი პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ვიცი, ვინც მმართველი პარტიის გვერდში იდგა და გამარჯვების შემდეგ საერთოდ დაივიწყეს. ასე მაგალითად, მწერალი მერაბ შათირიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ სათავეებთან იდგა და ბევრი რამ გააკეთა სხვადასხვა არჩევნებში კოალიციის გამარჯვებისთვის, აიძულეს ცენტრალური ოფისიდან წამოსულიყო, უფრო სწორად, ანალიტიკოსის ის შტატი გააუქმეს, რომელსაც იგი იკავებდა. იგივე შეიძლება ითქვას ლაშა გვასალიაზეც, რომელმაც სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდსა და ფოთში, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები ფაქტიურად მოაგებინა და რამდენიმე თვეა დაპირებულ სამსახურს ამაოდ ელოდება! კიდევ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება… ძნელია მათ უნდობლობის ბარიერი გადაალახინონ და ისევ უკან დააბრუნონ, თუმცა, უნდა სცადონ!

ამასთან, თუ „ქართულ ოცნებას“ გადარჩენა და საკუთარი სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა, მან მთლიანად უნდა გადაახალისოს პარტიული შემადგენლობა და ახალი ადამიანები უნდა მოიწვიოს (თუმცა, არა მოსიძისნაირი), ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნების დროს გარკვეული მოსაზრებით განზე დარჩნენ, მაგრამ ყველანაირი რესურსი გააჩნიათ პარტია გააძლიერონ! სხვანაირად, კრახი გადაუვალია!..

– ამ ბოლო დღეებში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საზოგადოება მესამე ძალას ელოდება და ეს ძალა „თავისუფალი დემოკრატები“ იქნებაო. რამდენადაც ვიცით, სხვა ძალებიც ემზადებიან დიდ პოლიტიკაში შემოსასვლელად…

– ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, უკვე გაკოტრებულია. თუ ვინმეს იმის ილუზია ექნება, რომ ალასანია საქართველოს რამე ხეირს მოუტანს, ძალიან ცდება. ეს მან პოლიტიკაში შემოსვლის დღიდანვე დაამტკიცა – ყოველთვის ცდილობს ევრო-ამერიკული ტიპის პოლიტიკოსის მანტია მოირგოს, მაგრამ საკუთარ თავს თვითონვე ხსნის ნიღაბს და ნამდვილ სახეს აშიშვლებს. ალასანიასნაირი პოლიტიკოსების ნდობა არ შეიძლება!

რაც შეეხება „სხვა ძალებს“, ამ სხვა ძალებში ალბათ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ. გარკვეული მოძრაობები აშკარად შეიმჩნევა და უკვე იმასაც ამბობენ, რომ მათ ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო (განსაკუთრებით ეს „პატრიოტებს“ ეხებათ).

პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ, როცა საქმე საქართველოს მომავალს ეხება, ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ: ნინო ბურჯანაძემ ბევრჯერ გაუშვა შანსი ხელიდან, არადა,მას ნამდვილად შეეძლო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსის იმიჯი შეენარჩუნებინა. დღეს მისი დიდაქტიკური ტონი და რიტორიკა საზოგადოებას ბევრს არაფერს ეუბნება. ამასთან, გავიხსენოთ რა ფუნქციას ასრულებდნენ ქრისტიან-დემოკრატები „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში. სად არიან ახლა ისინი? – ნინო ბურჯანაძესთან. მემგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი…

რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტულ ალიანსს“, არა მგონია, ეს ის პოლიტიკური ძალა იყოს, ვინც ასე სჭირდება დღევანდელ და მითუმეტეს, ხვალინდელ საქართველოს! თუ ასეთი პატრიოტები არიან, რატომ არ აპროტესტებენ იმ ანტიქართულ კანონპროექტებს, რომელიც აშკარა საფრთხეებს შეიცავს – მეტიც, ქართული იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული. არ მახსოვს, მათ ხმა ამოეღოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვასთან ან ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით. არც განათლების სისტემაში ჩადებული ნაღმებზე იღებენ ხმას! როგორც ვატყობ, საყდრისიც დაივიწყეს. აბა „ნაციონალებს“ ყველა აგინებს და დამნაშავეთა დასჯასაც ყველა ითხოვს!..

– თქვენ ყველა იმედი გადაგვიწურეთ… თუმცა,შეუძლებელია არ შევეხოთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და კიდევ: თქვენი აზრით, საბოლოოდ დაიშლება თუ არა კოალიცია?

– ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტია, არა მარტო იმიტომ, რომ მას ბევრი ფული აქვს, არამედ, იმიტომაც, რომ „ნაციონალური“ რეჟიმისგან განთავისუფლება მის სახელს უკავშირდება და დღევანდელი ხელისუფლება პრეზიდენტ-პრემიერ-პარლამენტიანად მისი ფორმირებულია.

რადგან საზოგადოება სასოწარკვეთილებაშია და მისი მთავარი საზრუნავი ლარის კურსის დასტაბილურებაა, ვიდრე, ერისთვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის ზრუნვა, გადამწყვეტი სიტყვა ისევ ივანიშვილმა უნდა თქვას და თავისი გაფუჭებული საქმე თვითონვე უნდა გამოასწოროს – უპირველესად „გაფუჭებულში“ „ნაციონალებისადმი“ ლოიალობას და უნიათო და უპასუხისმგებლო გუნდის ფორმირებას ვგულისხმობ.

ჩვენ ვხედავთ, როგორ „გაუმართლა“ მას მარგველაშვილმა, რომელიც საეჭვო არ არის, რომ ამერიკელებმა შემოგვტენეს, იგივე შეიძლება ითქვას პარლამენტზეც, სადაც გვინდა არ გვინდა, „პარადი“ მაინც „რესპუბლიკელებს“ მიჰყავთ.

ერთადერთი ნათელი წერტილი ივანიშვილის არჩევანში ირაკლი ღარიბაშვილია, მაგრამ მტრული გარემოცვისგან თუ არ გაათავისუფლა იგი და ახალი, პროფესიონალთა და ჭეშმარიტ პატრიოტთა გუნდის ფორმირებაში  არ დაეხმარა, კობახიძეებით, მოსიძეებით და მარგინალიზებული ძველი სახეებით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს!

აქვე მახსენდება ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებში, ასეთი პასუხი გასცა – იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოხდებაო.

თუ დიდი უბედურება თავიდან ვერ ავიცილეთ, მერე ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი ნამდვილად ვერ უშველის. სიტუაცია მანამდე უნდა დალაგდეს!

რაც შეეხება კოალიციის დაშლას, კოალიცია ფაქტიურად დაშლილია, „რესპუბლიკელები“ ფორმალურად ინარჩუნებენ ადგილს უმრავლესობაში და საჭირო დროს ელოდებიან, რომ „ნახტომი“ გააკეთონ და თავიანთ იდეურ „და-ძმებს“ შეუერთდნენ!

„ივერიონი“ 2015 წ

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ