Breaking News
Home / ინტერვიუ / „გამორიცხულია, ივანიშვილმა თავისი კანდიდატურა დაასახელოს, თუ დასავლეთი არ აიძულებს ამის გაკეთებას“ – ნინო ბურჯანაძე

„გამორიცხულია, ივანიშვილმა თავისი კანდიდატურა დაასახელოს, თუ დასავლეთი არ აიძულებს ამის გაკეთებას“ – ნინო ბურჯანაძე

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას, როგორ იქცა სახელმწიფო ერთი კაცის საწარმოდ, შეიცვლება თუ არა საქართველოში პოლიტიკური რეალობა, რაზე აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, რატომ აკრიტიკებს მოსახლეობას, აპირებს თუ არა სააკაშვილზე შურისძიებას, რა შეიძლება დაავალოს დასავლეთმა ყოფილ პრემიერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება.

ქვეყანაში მთავარი თემა უკვე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია და პირდაპირ გკითხავთ, აპირებთ თუ არა თქვენი კანდიდატურის დასახელებას?

„მეც და ჩემი გუნდიც ვფიქრობთ ჩემს კანდიდატურაზე. ყველას ახსოვს, მე მეკავა ამ ქვეყანაში ყველა უმაღლესი თანამდებობა, რომლებიც შეიძლება პოლიტიკოსს ეკავოს. ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გადავარჩინე ძალიან სერიოზულ კრიზისებს, გადავარჩინე ჩემი პირადი რეიტინგისა და ხანდახან ჩემი მხარდაჭერისა და ავტორიტეტის ხარჯზე. მე რომ მეფიქრა მხოლოდ საკუთარ რეიტინგზე და მემოქმედა ისე, ეს ჩემს ავტორიტეტს აუცილებლად გაზრდიდა, მაგრამ ქვეყანას დააზარალებდა, გარდა ამისა, მე მაქვს უნიკალური კონტაქტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შემიძლია ერთნაირად ველაპარაკო თურქეთის პრეზიდენტს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიდერებს, ასევე ჩრდილოეთის ქვეყნებს. ვერავინ დამაბრალებს იმას, რომ ოდესმე უკან დამიხევია ან შემშინებია, თუ მიმაჩნდა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანია.

მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩემი პრეზიდენტობა არის ის რეალური გზა, რომლითაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის ბევრი პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ, თუ გამოჩნდება უკეთესი კანდიდატი, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი შესაძლებელია, მე არ ვიბრძვი სკამისთვის, მე ვიბრძვი ქვეყნის გადარჩენისთვის. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია“.

უკეთეს კანდიდატურაზე როდესაც საუბრობთ, შალვა ნათელაშვილს გულისხმობთ? მან უკვე დაასახელა თავისი კანდიდატურა. რა შემთხვევაში შეიძლება, პირველმა ლეიბორისტმა თავისი კანდიდატურა მოხსნას და ასპარეზი თქვენ დაგითმოთ?

„ვერ გეტყვით, ეს შალვა ნათელაშვილს უნდა ჰკითხოთ. მე ერთი რამე ვიცი და ამაზე ბატონ შალვასაც იგივე მოსაზრება აქვს – მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, შესაძლებელი და აუცილებელიცაა კომპრომისები. წინა არჩევნებიდან პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გააცნობიერა, რომ საჭიროა ერთობა, რათა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს.

„ლიდერთა საბჭოში“ შემავალი პარტიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს იმის წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო იქცა ერთი კაცის საწარმოდ, ერთი ადამიანის ღობის შიგნით შემოსაზღვრულ ტერიტორიად. ივანიშვილს შეუძლია, გადააადგილოს პრემიერ-მინისტრები, შეუძლია, მოთხაროს გურია და აჭარა და საკუთარ ეზოში გადმორგოს, შეუძლია, ისე შეუცვალოს თბილისს იერსახე, რომ არავის ჰკითხოს. ეს ქვეყანა აღარ არის ჩვენი. ან ვაცნობიერებთ იმას, რომ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას და გადავდივართ ერთი კაცის შპს-ს დაქვემდებარებაში, ან ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს და ამისთვის ბოლომდე ვიზრუნებთ.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მოსახლეობაში ჩანერგოს ნიჰილიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთი მხრივ, ნამდვილად არის ის ფაქტორი, რომ იმდენად დააკნინეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მისი ფუნქციები იმაზე გაცილებით მეტად არის შეზღუდული, ვიდრე ადრე და ვიდრე ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მისი ფუნქციები არის შემცირებული, მთლიანად პრეზიდენტის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელება დამოკიდებული იქნება მის გამოცდილებაზე, გამბედაობაზე, ასევე მხარდაჭერაზე, რომელიც ექნება არა მარტო მოსახლეობაში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიც.

თუ საზოგადოება გამოფხიზლდება, მაშინ მე მექნება ძალიან სერიოზული შანსი, მაგრამ, თუ მოსახლეობა ისევ დაბრმავდება ივანიშვილის მილიარდებით და ზოგი სახლში დარჩება და ზოგიც მიეყიდება მას, ასეთ შემთხვევაში ზოგადად არჩევნებზე ლაპარაკი ძალიან რთული იქნება“.

თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ მოსახლეობას, ხშირად ამბობთ, რომ მოსყიდულია ამომრჩეველი, დაბრმავებულია ხალხი, უნდა გამოფხიზლდნენ და ა.შ. არ ფიქრობთ, რომ ასეთი ეპითეტებით მათი მოხსენიება თქვენ მიმართ აგრესიასა და გაღიზიანებას გააჩენს?

„უკეთესია მოვატყუო თუ ვუთხრა სიმართლე, თუნდაც არასასიამოვნო, პირდაპირ და ყოველგვარი შეფარვის გარეშე?! მე ჩემს შვილებსაც ვსაყვედურობ, როდესაც საჭიროა. არ ვეძებ სიტყვებს, როგორ ვუსაყვედურო, როდესაც რამე არ მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი შვილები ნამდვილად არ მყავს, არის შემთხვევები, როდესაც მათ არ ვეთანხმები რაღაცაში, როდესაც არ იქცევიან ისე, როგორც მე ვთვლი, რომ სწორია და მათ პირდაპირ და შეუფარავად ვეუბნები სათქმელს. იმავეს ვეტყვი ხალხსაც, რომელსაც, ვთვლი, რომ ჩემია, მშობლიურია.

ამას წინათ ერთ არხზე გამოკითხვას ვუყურებდი, სადაც ეკითხებიან, რას ფიქრობენ ივანიშვილის მიერ ხეების ამოთხრასა და საკუთარ ეზოში გადმორგვაზე. ისინი პასუხობდნენ, ცუდია, მაგრამ ჩვენ რა, ჩვენ ვინ გვეკითხება, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო.

რა თქმა უნდა, გავბრაზდი, რა გამოდის, რომ ჩვენ, ხალხს არაფერი შეგვიძლია?! მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია, ასე მიადგეს ნებისმიერ სოფელს, ნებისმიერ ოჯახს, ამოუთხაროს ხე და წაიღოს საკუთარ ეზოში?! ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით?! ეს არის პრობლემა, რომ ხალხი ასე ფიქრობს. ეს არის ის ნიჰილიზმი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. ხალხს დაავიწყდა, თუ რა ძალა აქვს. ხალხს დაავიწყდა, რომ ივანიშვილი და მის მიერ მოყვანილი უნიათო, არაფრისმქმნელი, უნიჭო და უინტელექტო მთავრობა აქეთ არის ამომრჩეველთან ვალში. ხალხს შეუძლია, როგორც მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში, ისეთივე წარმატებით გაუშვას იქ, საიდანაც მოვიდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ერთმა ქალბატონმა ისიც თქვა, კახი კალაძე კარგი მერია, რადგან ფული აქვს და კარგად აცვიაო. როგორ შეიძლება, ეს მოისმინო და არ გაბრაზდე, არ უსაყვედურო და არ უთხრა, რომ გამოფხიზლდეს, ნუ დაბრმავდება კალაძის ფულითა და კარგი ჩაცმულობით. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ჩემმა პირდაპირობამ და საყვედურმა ხალხი შეიძლება გააღიზიანოს და, თუ ღიზიანდება და არ მოსწონს, მაშინ ვერაფერს ვიზამ“.

მთავრობამ ახალი ნომრის გათამაშება დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და, თუ ასეა, როგორ აპირებთ, მის ფინანსებს დაუპირისპირდეთ?

„გამორიცხულია, ივანიშვილმა თავისი კანდიდატურა დაასახელოს, თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთი არ აიძულებს ამის გაკეთებას. თუმცა, არა მგონია, საქმე იქამდე მივიდეს. თავად ივანიშვილს არაფერში სჭირდება პრეზიდენტის სახელი, როდესაც თავი სრულიად სამყაროს მეფე ჰგონია. ის არ აიღებს ზედმეტ პასუხისმგებლობას“.

ივანიშვილმა რომც არ დააყენოს თავისი კანდიდატურა, „ოცნებას“ მაინც ეყოლება სხვა, რომელშიც დიდ ფულს დახარჯავს. თქვენ მზად ხართ, მათ ფინანსებს დაუპირისპირდეთ?

„ივანიშვილის მილიარდებს ვერც მე დავუპირისპირდები ფულით და ვერც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები. ჩვენთან არის ისეთივე კრიზისი, როგორიც თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში. ვერც ცალ-ცალკე დავუპირისპირდებით და ვერც გაერთიანებით.

ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა ქვეყანაში, რადგან გააჩინა მოცემულობა, როდესაც ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება. მეორე მხრივ, ასევე უბედურებაა ფაქტი, რომ ვერანაირი ფულით მის ფულს ვერ მოუგებ. მე ვერასოდეს შევკრებ იმდენ ფულს, რომ ფულის დახარჯვაში შევეჯიბრო ივანიშვილს, ვერც მე და ალბათ ვერც მთელი საქართველო, ერთად აღებული.

ამიტომ ფულის ამბავი გამოირიცხება. თუ ოპოზიციაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფულზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იყიდის მათ. მე რომც მქონდეს და გადავიხადო რამე თანხა, ივანიშვილს ყოველთვის ექნება იმის საშუალება, რომ ჩემზე მეტი შესთავაზოს მათ. ან ჩვენ გამოვრიცხავთ იმას, რომ ჩვენს ოპოზიციურ ერთობაში ფული ითამაშებს გადამწყვეტ როლს, ან ეს ერთობა არ იქნება“.

გამარჯვების შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტი, პირველად რომელ გადაწყვეტილებას მიიღებთ?

„პირდაპირ გეტყვით, შეხვედრა და მოლაპარაკების დაწყება რუსეთის პრეზიდენტთან აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების მიზნით. არ მაქვს იმის ილუზია და არც არავის ვაჯერებ იმაში, რომ ეს იქნება ჩემთვის ძალიან მარტივი, მაგრამ მე მას აუცილებლად დავიწყებ და ბოლომდე ვიბრძოლებ. საქართველო ვერ იქნება ჩემი, თუ აფხაზეთი და ცხინვალი არ იქნება ქართველების, თუ იქ არ დაბრუნდება ჩვენი ხალხი, ვერ ჩავთვლი, რომ მაქვს ქვეყანა და მყავს ღირსეული ხალხი.

ეს იქნება პირველი გადაწყვეტილება და არანაკლები მნიშვნელობის იქნება ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. მე არ ვლაპარაკობ შურისძიებაზე. მე ადამიანურად მაქვს შურისძიების უფლება. მტრობასაც აქვს თავის წესები. როდესაც მტერი ღირსეულად გებრძვის, ეს ძალიან დასაფასებელია.

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ უღირსი მეთოდებით იბრძოლეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ვებრძოდი თავგამოდებით, დაუნდობლად და ბოლომდე ვერავინ დამისახელებს ისეთ ფაქტს, სადაც მე მათთან მიმართებით გამოვიყენე უღირსი მეთოდები. ადამიანურად, შურისძიების უფლება მაქვს, მაგრამ არანაირად მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მე მათზე შური ვიძიო, იმიტომ, რომ შურისძიება ჩემთვის როგორც ადამიანურად, ასევე ჩემი რელიგიური მრწამსიდან მიუღებელია, მაგრამ, ამავე დროს, არავის დავაფარებ ხელს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, იმიტომ რომ, თუ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არ დაისაჯა ყველა ის ადამიანი, რომლებმაც დანაშაული, ბოროტება ჩაიდინეს, კანონი დაარღვიეს არასოდეს გვეყოლება ის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს კანონს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში ის რეალობა, რომ პრეზიდენტი ხარ, დაარღვიე კანონი, შელახე ადამიანის უფლებები და ღირსება, ხვალ აგებ პასუხს კანონისა და ხალხის წინაშე. როდესაც ეცოდინებათ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პოლიციის უფროსს, გამგებელს, რომ არ შერჩებათ კანონისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, იმ დღიდან გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება“.

კომენტარები

Powered by themekiller.com