სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ნატოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე – ნარკომანთა დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა?“

1 min read

განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკელი ექსპერტის ლუკ კოფის განცხადებამ ქართულ მედიაში. საზოგადოებაში? – სამწუხაროდ, არც არაფერი. მედიაში ატეხილი „ქარიშხლის“ გადატანას კი რა უნდა?! – გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთმინება ხელისუფალთა მხრიდან, შემდეგ საკითხისადმი წაყრუება. მედიასაც ხომ ისეთი დაავადება სჭირს, როგორიც საზოგადოებას?! – არავითარი თანმიმდევრობა. დასმული საკითხის მუდამ აქტუალურად წარმოჩენა ხომ მისთვისაც ისეთივე უცნობია, როგორც საზოგადოებისთვის?!

არადა ნატოში შესვლა, თანაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე მაინც უნდა „უტოკებდეს“ ხალხს ეროვნულ გრძნობებს?

არ „უტოკებს“, ვინაიდან მას შიმშილისგან თავის დახსნის პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, რაც უაღრესად ძნელია. მშიერ კაცს პატრიოტიზმს კი არა, მარტივ ჭკუის განძრევასაც ვერ მოსთხოვ. მისი ტვინის ღარები ჭამის პრობლემითაა დაკავებული. არადა სწორედ ახლაა ტვინის განძრევა საჭირო. სწორედ ახლაა, თუნდაც მკაცრი სახალხო განცხადება გასაკეთებელი. ხვალ გვიანი იქნება!

ხვალ, ჩვენი ხელისუფლება, ამერიკელ-ევროპელი „პარტნიორები“ გვეტყვიან – ეს, თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ რას გვერჩითო.

გაიხსენეთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მასზე მიბმული ნატოში შესვლის თემა. მაშინ ხალხმა „უმრავლესობით“ მხარი ნატოში გაწევრებას დაუჭირა. ბევრმა იცის, რომ ნატოში გაწევრების მსურველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ხელისუფლების გამოცხადებული მონაცემები, მაგრამ მერე რა?!

იქიდან მოყოლებული გამუდმებით გვეუბნება ხელისუფლება, რომ ხალხის გადაწყვეტილება – ნატოში შესვლა და ევროატლანტიკური ღირებულებების უალტერნატივო გაზიარებაა. ვგონებ, დაახლოებით ამგვარ ფარსთან გვექნება საქმე.

ფარსთან, რომელიც თავსატეხად გადაგვექცევა. ხალხი კი დუმს. დუმს ინტელიგენციაც. დუმს არასამთავრობო სექტორი. არადა, სულ ახლახანს ნარკომანთა დასაცავად პარლამენტთან დიდი მიტინგი მოაწყვეს. ნუთუ ნარკომანთა დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა?

ამ ორი თემის დაპირისპირება შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის საკითხი ისეთია, ვერც ერთი სხვა რომ ვერ შეედრება. იცის ეს ხელისუფლებამ?!

საეჭვოა! სამწუხაროდ, ჩვენი მედიის წყალობით პატრიოტიზმი „გოიმობაა“, ისე როგორც ტერიტორიული მთლიანობა. ასე რომ არ აღიქვამდნენ „მოჭარბებულად გადასავლეთებულ“ საქართველოში, პარლამენტთან მომიტინგეთა რაოდენობას ვინ დათვლიდა?!

ლუკ კოფის განცხადება პირველი მერცხალია საქართველო-ნატოს საკითხის მოწესრიგებაში. მოწესრიგება ქართველთათვის – ნატოში შესვლაა; დასავლეთისთვის, კერძოდ ნატო-ვაშინგტონისთვის – საქართველოს ნატოში შესვლის პროცედურის გაჭიანურება, ვინაიდან საქართველო ვერ აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს. გარდა ამისა მისი ნატოში შესვლა დაძაბავს დასავლეთ-რუსეთის ისედაც გაუარესებულ ურთიერთობას, რასაც შესაძლოა რუსული აგრესია მოჰყვეს. ნატოში გაწევრებულ საქართველოს საკუთარი ფრთები უნდა გადააფაროს ამ ორგანიზაციამ და საქართველოსთვის გამიზნულ რუსულ ბომბებს თავი უნდა შეუშვიროს.

ეს პერსპექტივა არ ხიბლავს ნატოს. არადა ნატომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს დასამშვიდებლად. სადამდე შეიძლება მან იძახოს – „მაპი“, „მაპზე“ უკეთესი, სხვა პროგრამები, რომელთა შესრულება ხელს გაუხსნის ნატოს საქართველოს მისაღებად? პროგრამებიც ამოიწურა და მოთმინებაც, ნატო კი არ ჩანს, რამაც ხალხს ისევ რუსეთისკენ მიაპყრობინა მზერა.

ნატო უპირველეს ყოვლისა სამხედრო ორგანიზაციაა – ძლიერი შეიარაღებით, მოჭარბებული შემართებით, პროფესიონალური ჯარით და ა.შ. თუმცა სინამდვილეში რა ძალაცაა – ხალხმა დაინახა.  ბრმა უნდა ყოფილიყო ადამიანი, ნატოს ძლიერებაში რომ ეჭვი არ შეეტანა. 18 წელია აშშ-ი და ნატოს წევრი სახელმწიფოები, არაწევრი მეტიჩრები, როგორიც საქართველოა, იბრძვიან ავღანეთში. შედეგი – ნული!

მერამდენე წელია აშშ-ი და მის მიერ შექმნილი კოალიცია, რომლის რიგებში 68 ქვეყანაა, მათ შორის ნატოს წევრებიც იბრძვიან ერაყ-სირიაში. შედეგი – სავალაო! და ამ ფონზე რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმიური ძალების წელიწადნახევრიანი მოქმედება სირიაში. შედეგი – „ისლამური სახელმწიფოს“, ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება. მის მიერ დაკავებული სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილის გათავისუფლება.

სწორედ აქედან არის ის პასუხი, რომელიც ხალხმა გასცა NDI-ის შეკითხვას – ვისი არმიაა ძლიერი, აშშ-ს თუ რუსეთის? ხალხმა რუსეთის არმია მიიჩნია ძლიერად.

გამოკითხულთა საკმაოდ დიდი პროცენტის სურვილია აღდგეს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები, რაც არა მარტო ნატოური პროპაგანდის კრახია, არამედ ევროატლანტიკური კურსისთვის წყლის შეყენება. დასავლელთა მიზანი – ხანგრძლივი დაპირებებით საქართველოს  ნატოს კარზე მიბმა, მაგრამ იქ არშეშვება, მარცხს განიცდის. ხალხს რუსეთი სურს, ეს კი დასავლეთისთვის მეხის გავარდნას უტოლდება.

ნატოში შესვლა-არშესვლის თემა საქართველოს ყველა ხელისუფლების უმთავრესი საკითხი იყო. ასეა დღესაც. ყველა ხელისუფლება პირდებოდა ხალხს, რომ ნატოში შეიყვანდა და აქედან გამომდინარე ყველა ატყუებდა – დღეს თუ არა, ხვალ.

არც ერთი სხვა საკითხისთვის საქართველოს ხელისუფლებას იმდენი დრო არ დაუხარჯავს, რამდენიც ნატოში გაწევრების პროპაგანდაში, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას საქართველოს აღმშენებლობისთვის მოეხმარა ეს დრო და ენერგია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ექსპერტი დენიელ ფრიდი გვმოძღვრავდა – თქვენ მიხედეთ თქვენს ეკონომიკას, იურისპრუდენციას, სოციალურ საკითხებს, სხვა პრობლემებს და ჩვენ, როდესაც დავინახავთ წინსვლას, უმალ დაგიძახებთ ნატოში.

მაინც რა პრობლემები დგას ჩვენს წინაშე, ნატოში შესვლას რომ წინ ეღობება?

კონფლიქტი მეზობელ რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ისეთთან; დაუკანონებელი საზღვრები ზემომოყვანილებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან; უსუსური ეკონომიკა; მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკე; გაუმართავი სასამართლო სისტემა, სხვა საკითხები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

საქართველო პრობლემებიანი ქვეყანაა და მისი ნატოში შეყვანა მიუღებელია ბრიუსელისთვის. უმალ იბადება კითხვა – ეს რომ ასეა, რატომ ადრე არ გვითხრეს?

როგორ არ გვითხრეს. განა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ობამას განცხადება ამას არ ნიშნავდა?! ვერც საქართველო და ვერც უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში ვერ შევლენო – პირდაპირ იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ თავისებურად იფიქრა – ობამა მალე წავა და ახალი პრეზიდენტი პოლიტიკას შეცვლისო.

და შეცვალა! ლუკ კოფის აზრი სწორედ ისაა, რასაც აშშ-ს ადმინისტრაცია ფიქრობს. საქართველო ნატოში – მე-5 პუნქტის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე. არის თუ არა კოფის გეგმა საქართველოს ხელისუფალთათვის მისაღები?

როგორც ამბობენ, არის! ვინაიდან ამ გეგმის დაბადებას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, განსაკუთრებით „ნაცებსა“ და „რესპუბლიკელებში“ ჰქონდა ადგილი. განა ისინი საკმაო რაოდენობით არ არიან „საოცნებო“ ხელისუფლებაში?

ის, რასაც კოფი გვთავაზობს აქედან გასროლილის უკან დაბრუნებაა. თუ ამ გეგმამ ფართო გასაქანი ჰპოვა, უდავოდ განხორციელდება. ქართული მედია მზადაა ეს მზაკვრობა ყოველდღე იმეოროს და გვიმტკიცოს, რომ საქართველოსთვის ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ჩაგვყლაპავს. საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას კი რა უნდა?!

მასმედიას და პოლიტიკურ ელიტას უაღრესად დადებითად მოეჩვენება ლუკ კოფის მიერ თავისავე განცხადებაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მან „ამერიკის ხმას“ გაანდო: „ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი, რომელიც ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად შედის ნატოში და ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება“.

ამას რა სჯობსო – იფიქრებს ნატოში შესვლის მსურველი ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი. ე.ი. ნატოში მიღებულ საქართველოს დაცვა ჩვეულებრივი რამ იქნება, მაგრამ არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

ლუკ კოფის წინადადებას გაიზიარებს თუ არა ნატოს წევრი 29 სახელმწიფო – არვინ იცის. არც ის არის ცნობილი, რა რეაქცია მოჰყვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ერთია თეორიული მსჯელობა და მეორეა პრაქტიკა. ჩვენგან წასული ყოფილ ავტონომიებში, რუსეთისა და თითო-ოროლა სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად აღიარებულში, სიზმარშიც ვერ ხედავენ ძველში დაბრუნებას. ორივე მათგანს უკიდურესი ნეგატიური განწყობა აქვს ნატოს მიმართ.

დავუშვათ, ყველაფერი ისე გათამაშდა, როგორც კოფი გეგმავს, როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში?

„ვგონებ ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატოს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოითმინონ“, – აცხადებს ლუკ კოფი. და აგრძელებს: „ბრიუსელის სამიტზე საქართველო „მაპს“ ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს“.

ნეტავ, ვინ შედის იმ „ზოგიერთში“ და როდის გაუვლის მათ დისკომფორტი?!

ასეა თუ ისე, ნატოს კარი ღიაა, მაგრამ ჩვენთვის არა. ოდესღაც გაიღებაო – გვაიმედებენ. არადა რა დრო შევალიეთ ნატოში შესვლაზე ფიქრსა და ოცნებას?!

წარსულს ვერვინ დაგვიბრუნებს, მომავალზე ფიქრი – პრაქტიკული და არაუტოპიური კი აუცილებელია. და არა მარტო ფიქრი – ნაბიჯის გადადგმაც არას დაგვიშავებდა. დროა გონს მოვეგოთ და ის მაინც გავიაზროთ, ნატოში შესულებს, რაოდენ მძიმე ხვედრი გველის ანტინატოურ გარემოცვაში.

პრობლემებს, რომლებიც ნატოში შესვლისთანავე გაგვიჩნდება, ვერც ლუკ კოფი გადაგვიწყვეტს და ვერც ნატოელი ბობოლები, რაც კარგად უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ