„იგი არ დაბრუნდება და არც უნდა დაბრუნდეს – თავისი საქმე უკვე გააკეთა!“

„მედიაპრესი“ გთავაზობთ საარქივო მასალებს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების საინტერესო მოსაზრებებს, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წლების წინ გაკეთებული შეფასებები, ზუსტად პასუხობს დღეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და გამოწვევებს. 

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ აბრაკადაბრაზე გვესაუბრება „ივერიონის“ მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია.

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მომავალ პარლამენტშიც შეინარჩუნებს. ბლეფი გამოდგა საუბარი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე, რომელსაც „ნაციონალები“ უნდა ჩაენაცვლებინა, როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დომინანტი ოპოზიციის როლს მომავალ არჩევნებში?

ეს ფუნქცია „ნაციონალებს“ ირმა ინაშვილმა უკვე ჩამოართვა – 21 მარტს მან ღიად განაცხადა, რომ დომინანტი ოპოზიციონერის ფუნქციას თვითონ ითავსებს. სხვა საკითხია, რამდენად რეალური იქნება ინაშვილის მუქარა! ერთი რამ ფაქტია: თუ საზოგადოებამ ელვისებური ნახტომი არ გააკეთა და ამ ხელისუფლებასაც კუთვნილი ადგილი არ მიუჩინა (თუმცა, ამის სიმპტომები ჯერჯერობით არ ჩანს), დომინანტი იქნება ის, ვისაც „ქართული ოცნება“, ანუ დღევანდელი ხელისუფლება მოისურვებს! არ გამოვრიცხავ, ეს „პატრიოტთა ალიანსი“ იყოს. ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, „პატრიოტები“ უფრო ხმაურიანი და მიზანსწრაფულები არიან. მართალია, მათი კრიტიკის სამიზნე („ნაციონალებს“ ვგულისხმობ) არ შეცვლილა, მაგრამ გადაჭარბებული ემოციებით ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების რეალური ოპონენტის მანტია მოირგონ… მე არ მჯერა, რომ „ნაციონალები“ პოლიტიკური რადარიდან გაქრებიან, მაგრამ სტატუსი შეიძლება შეიცვალონ!..

თქვენ ოპოზიციაზე საუბრისას „გამოგრჩათ“ თავისუფალი დემოკრატები“, არადა IRI-ის კვლევაში ირაკლი ალასანიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია!..

მე არც IRI-ის, არც  NDI-ის და არც უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული სოციოლოგიური სამსახურების კვლევებს არ ვენდობი – პირდაპირ ვიტყვი: ყველაფერი ბლეფია და დამკვეთის ინტერესების გამოხატვას ემსახურება. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, ალასანიას გუნდმა ოპოზიციური დომინანტის ნიშა დაიკავოს. ეს შეიძლება შედის ამერიკის ინტერესებში, მაგრამ მან იმდენად უხეში შეცდომები დაუშვა, არა მგონია მარტო ამერიკის სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალი ოპოზიციური ძალის ფორმირება ვერ ხერხდება… ეტყობა, ახალ პოლიტიკურ ძალაში „პატრიოტთა ალიანსს“ არ მოიაზრებთ, არადა ისინი ახლა ყალიბდებიან, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა…

მე ახალ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალაში ახალი იდეოლოგიის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს მოვიაზრებ. პოლიტიკური ძალა მარტო ადამიანთა ერთობა არ არის – მას საკუთარი იდეოლოგია და სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების პროგრამა და სტრატეგია უნდა გააჩნდეს! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებულ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არც საკუთარი, ეროვნულ თავისებურებებზე „დამყნობილი“ იდეოლოგია გააჩნია და არც განვითარების სტრატეგია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე მოტივტივე ძალების სტრატეგია, უცხო ქვეყნების (სხვა სახელმწიფოების) ნება-სურვილის უსიტყვოდ აღსრულებას გულისხმობს!..

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არ არიან ადამიანები, ვისაც ახალი სიტყვის თქმა შეუძლია, მაგრამ მათი გაერთიანება ვერ ხერხდება. მიზეზად ფინანსური რესურსების უქონლობა სახელდება – უცხო ქვეყნიდან შემოტანილი კაპიტალით კი ეროვნულ საქმეს არავინ გაგაკეთებინებს. ქართველი ბიზნესმენები (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) ჯერჯერობით ჩირგვში ჯდომას ამჯობინებენ და როგორც ამბობენ, ყველა „საცობს“ ადვილად ერგებიან!..

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღითიდღე ეცემა, პროტესტანტის დროშა ჯერჯერობით ისევ „ნაციონალებს“ უჭირავთ… როდემდე შეიძლება არ აივსოს ხალხის მოთმინების ფიალა?!

ჩვენ სამი წელია გვიჩიჩინებენ, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკა „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს და ამიტომ პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ. ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ასე, მაგრამ ვისაც ხელისუფლებისადმი საზოგადოების ასეთ დამოკიდებულება ყველაზე მეტად აწყობს, თავად ხელისუფლებაა – ჩვენ არათუ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირება, არამედ თანამოაზრეთა ელემენტარული გაერთიანებაც ვერ მოვახერხეთ, რომ ხელისუფლების რეალური ოპონირება შევძლოთ.

რაც შეეხება ხალხს, ხალხი დაბნეულია და „შეუჩვეველს ნუ შემაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადამაჩვევო“-ს პრინციპით ცხოვრობს!

ამ რამდენიმე დღის წინათ „კოდორის გმირად“ შერაცხულმა და პატიმრობიდან ახალგანთავისუფლებულმა ემზარ კვიციანმა აქტიურ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა. როგორ შეაფასებდით მის გადაწყვეტილებას?

ბატონი ემზარი მებრძოლი კაცია. მის სახელს უკავშირდება წლების მანძილზე კოდორის ხეობის შენარჩუნება, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად გამოადგება იგი ქართულ პოლიტიკას!

მართალია, პოლიტიკა რინგია, მაგრამ აქ ჩვეულებრივი რინგისგან განსხვავებით, სხვა ინტელექტი და სხვა გამოცდილებაა საჭირო. ვერც იმას გეტყვით – ვინ ვის უფრო სჭირდება: ემზარ კვიციანს „პატრიოტთა ალიანსი“ თუ პირიქით – „პატრიოტთა ალიანსს ემზარ კვიციანი. მე პირადად პოლიტიკაში სხვა კატეგორიის ადამიანების შემოსვლის და სხვა პრინციპების დამკვიდრების მომხრე ვარ!

ისე, ნამდვილად გამიკვირდა, როცა კვიციანის „პატრიოტთა ალიანსში“გაწევრიანებაზე შევიტყვე. თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მეგონა დავით თევზაძეს დაუდგებოდა გვერდში. თუმცა, რას გაუგებ ქართულ პოლიტიკას.

როგორც ვიცით,  „პატრიოტთა ალიანსი“, რუსთაველის გადაკეტვით და პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება… ისინი ხელისუფლებისგან „ნაცრეჟიმის“ მამამთავრების საქართველოში ჩამოყვანას და სათანადოდ დასჯას ითხოვენ…

მოთხოვნებში ვეთანხმები „პატრიოტებს“, მაგრამ ასეთ აქცენტები სასიკეთო შედეგს რომ არ იძლევა, ფაქტია.

წინასწარ უნდა გავარკვიოთ, რა ძალა დგას ამ აქციების უკან და რას შეცვლის ეს ქვეყანაში? მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. დავუშვათ, საპროტესტო აქციებმა შეუვალი ხასიათი მიიღო და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, რა იცვლება მერე? დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ხელისუფლების ჯანსაღ ალტერნატივას ვერ ვხედავ. აბა, მხოლოდ სახელისა და გვარების  შეცვლა ქვეყანაში არსებითად არაფერს შეცვლის – ისევ მომხრეების და „თანამებრძოლების“ დასაქმებაზე დაიწყება საუბარი, პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები კი  თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან.

როდესაც სიტუაცია ქვეყანაში უკიდურესად იძაბება, ყოველთვის მიდის საუბრები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე…

ეს არამარტო არასწორი, არამედ, არარეალურია. თუ გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვით, მავრმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, იგი არ დაბრუნდება და არც უნდა დაბრუნდეს!

დიახ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ის, რისთვისაც მოვიდა პოლიტიკაში  – მან თავისი წილი „ოცნება“ უკვე აისრულა და ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიმტვრიოთ თავი, როგორ შევცვალოთ სასურველისკენ არსებული რეალობა და როგორ წავართვათ მას კულისებიდან მართვის ბერკეტები… თუ ობიექტურად შევაფასებთ, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს ინტერესები ბიზნესის ინტერესებს ექვემდებარება, რაც ძალიან სახიფათოა საქართველოს მომავლისთვის.

მე ძალიან ამაფორიაქა მისმა სიტყვებმა „მე რომ ხელისუფლებაში დავბრუნდე, ძალიან დიდი უბედურება უნდა მოხდესო“. თუ დიდი უბედურება მოხდება, მერე ივანიშვილი რას გვიშველის და საერთოდ, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მომხრე არ ვიქნები… ოღონდ, მიზეზებს ნუ დამაკონკრეტებინებთ!..

„ივერიონი“

2015 წ

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *