„ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ“

ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა De Telegraaf-თან მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკრაინის უშიშროების სამსახური მდევნიდა, სპეცრაზმმა ქვეყნიდან გამაძევა როგორც საშიში ტერორისტი, რამდენჯერმე ჩემთან ღამის საათებში შემოიჭრნენ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გულით ის ყოველთვის იქაა.

„რა თქმა უნდა, გული იქით მიმიწევს. უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ipn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *