„დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს” – მარინა ჯინჭარაძე

1,439 წაკითხვა

ჩოხატაურში მოკლული 26 წლის ავთო კალანდაძის ყოფილმა მასწავლებელმა მარინა ჯინჭარაძემ ფეისბუქში დაწერა:

„ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, –
შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;
ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, – ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, – სულ მომღერალი და მოცეკვავე…
არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა…
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია…
არც მკვლელისთვის…
,,ჭირი მართალსო“ – აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო…
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე – მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო…
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს…
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ…
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით…
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს – დამარცხებულები ვართ.“

Next Post

„ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია“ - რამაზ საყვარელიძე

პარ მაი 22 , 2020
1,439 წაკითხვაოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია – ამბობს „რეზონანსთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით: „სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის […]