მიმართვა პრემიერ გახარიას – დრო მომწიფდა, იმოქმედეთ დამოუკიდებლად!

4,000 წაკითხვა

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართვის ტექსტს „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე პირადი მიმართვა პრემიერმინისტრ გ. გახარიასადმი. აი ეს ტექსტიც:

მიმართვა პრემიერ გახარიას – დრო მომწიფდა, იმოქმედეთ დამოუკიდებლად!

ვიცი, რომ თქვენამდე მოვა ეს ღია წერილი, მის შინაარსს გაგაცნობენ.

უწინარესად მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენ ძირითადი განათლებით ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ბრძანდებით, მაშასადამე, პოლიტიკოსზე, მის მოწოდებაზე და ქარიზმატულობაზე სერიოზული წარმოდგენა მაინც გაქვთ, ფლობთ და აანალიზებთ ისტორიას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სტრატეგიული აზროვნებისთვის და იმავდროულად, არა მარტო საქართველოში წარმოადგენს უდიდეს დეფიციტს. ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო და იმედი ვიქონიო, რომ ამ ტექსტის შინაარსს უპრობლემოდ აღიქვამთ და გაიგებთ. რა შედეგი ექნება ამას, არ ვიცი, მაგრამ მაინც ვრისკავ და, ვგონებ, ცხოვრებაში პირველად, მივმართავ ღია წერილით თქვენი რანგის თანამდებობის პირს.

უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გველის წინ, რომელზეც ერთმანეთს უპირისპირდება ორი დიდი კონგლომერატი პარტიებისა მმართველი ძალისა და ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის სახით, ხოლო მათგან ცალკე მოქმედი პარტიები მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. ამ პარტიების როლი, შეიძლება, კონკრეტულ ვითარებაში, საპარლამენტო კოალიციების შექმნისას, გაიზარდოს, მაგრამ ეს არ არის პრინციპული. თავად ორი დაპირისპირებული კონგლომერატი, არსებითად, უკვე აღარ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამომრჩევლების დიდი ნაწილის თვალში. ეს წარმოდგენა ამომრჩეველს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც მმართველმა „გუნდმა“ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, ამერიკელი კონგრესმენ-სენატორების ანუ თაღლითების კომპანია „ფრონტერას“ ლობისტების, ზეწოლის შედეგად მიაღებინა გადაწყვეტილება ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა თუ კრიმინალის შეწყალების შესახებ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიწყალა მმართველმა „გუნდმა“, მნიშვნელოვანია – რატომ, რა მიზეზით.

აშკარაა, რომ მიჩუმებული ოპოზიცია უეცრად წელში გაიმართა და თავისი არა მრავალრიცხოვანი, მაგრამ სტაბილური მომხრეების, მობილიზაციას ახდენს, ხოლო მმართველი „გუნდი“ ვერ უსაბუთებს უფრო მრავალრიცხოვან თავის ამომრჩეველს, რა უფლებით მოსპო მან საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის ნიშან-წყალი. ამომრჩევლების უმეტესობას დღეს უკვე ერთნაირად ეზიზღება „ნაცებიცა“ და „ქოცებიც“. აწი ხალხი ხმას „ქოცებს“ მარტო „ნაცების“ და „სისხლიანი 9 წლის“ შიშით აღარ მისცემს. ეს ორი კონგლომერატი, რაოდენ დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს ერთმანეთთან და მეტიც, რაოდენ დიდი არ უნდა იყოს მათ შიგნით ფარული დაპირისპირებები (ფრანგული სიტყვა კონგლომერატი შემთხვევით არ გამოვიყენე, რადგან იგი „ძალიან განსხვავებულის“ ერთად „შეკვრას“ გულისხმობს, რაც ზუსტად მიესადაგება მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც), ხალხისთვის დღეს უკვე ერთია.
პრინციპში, ამომრჩეველი, ელექტორატი უფრო პოლიტიკურად აზროვნებს, ვიდრე თავად პოლიტიკოსები – ხალხი ხედავს, რომ მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას არ აქვთ იდეოლოგიური სხვაობები: ორივენი მემარჯვენე ეკონომიკური მიდგომებითა და ფუჭი სოციალური დემაგოგიით გამოირჩევიან, ორივე რადიკალურად დასავლეთს ემონება თავისი ლიბერალიზმითა და ყალბი პოლიტკორექტულობით, მათგან არც ერთს არ გააჩნია საქართველოს განვითარების რეალისტური გეგმა.

ამიტომ, დღემდე თავისუფალია ნიშა კონსერვატული „მესამე ძალისთვის“, რომელსაც „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მიღმა დარჩენილი პარტიები ვერ ავსებენ და, სავარაუდოდ, ვერ შეავსებენ – რიგი მიზეზების, მაგრამ, პირველ რიგში, დამაჯერებელი, ძლიერი, ქარიზმატული ლიდერების არყოლის გამო. არადა, ხალხში ასეთ ძალაზე, უკვე საკმაო ხანია, არსებობს მოთხოვნა და დღეს ეს თემა საოცრად აქტუალურია.

თქვენ აქამდე ბრწყინვალედ განვლეთ პოლიტიკოსისთვის აუცილებელი გზა. ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, ლიბერალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ღიად გიპირისპირდებიან და ორგანულად ვერ გიტანენ, თქვენი საუკეთესო რეკლამაა და თქვენი პოლიტიკური აქტივია. შარშანდელი 20 ივნისის აქციისა და შემდგომი აქციების დაშლით, თქვენ მოახდინეთ ლეგიტიმური ძალის (აღარ ვწერ – ძალადობის, რომ ყველამ სწორად გამიგოს) დემონსტრირება. გაირკვა, რომ ხალხს უნდა ძლიერი ლიდერი. სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ შექმნილმა გაურკვევლობამ, ფსევდოპლურალიზმმა, მუდმივმა გაუმართლებელმა მოლოდინმა და ამ ფონზე ისევ „სააკაშისტების“ თავხედურმა აქტიურობამ კვლავ აქტუალური გახადა „ძლიერი ხელის“ თემა. ზოგ „ანტიმიშისტსაც“ კი მოენატრა მიშას „ძლიერი ხელი“. პარადოქსია თითქოს, მაგრამ მოწმენი ვართ ახალი ციკლის, სადაც „ძლიერი ხელი“ ისევ მოთხოვნადია მისი შესუსტების შედეგად გამოწვეული არეულობებით.

რა თქმა უნდა, ხალხს სააკაშვილის დანაშაულებრივი, სისხლიანი ხელი არ მოენატრა, ეს ილუზიაა და, მადლობა უფალს, რომ ასეა. მაგრამ ზოგადად „ძლიერი ხელი“, როგორიც თქვენ დაანახეთ საზოგადოებას, საჭიროა. მართალია, კორონავირუსის კრიზისის დროს თქვენ არსებითი ხასიათის შეცდომები დაუშვით ეკლესიასთან ურთიერთობაში, ზედმეტად მიენდეთ ჩვენი კვალიფიციური ექიმ-მენეჯერების ამჯერად არაკვალიფიციურ, ჯანმოს კომიკური თავკაცის მიერ გამოშვებული „გაიდლაინების“ საფუძველზე გაჟღერებულ უაზრო მოთხოვნებს, აღდგომის დღესასწაულის ზეიმის აკრძალვის ჩათვლით, მაგრამ, გარკვეული პირობით, მორწმუნე მრევლიც შემობრუნდება თქვენსკენ.
თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, გახდეთ ეროვნული ლიდერი, ძლიერი ფიგურა, როგორიც იყო ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით 2013 წლის მიწურულამდე. თქვენი პოპულარობა იქნება უზარმაზარი და ეს იქნება დამსახურებული პოპულარობა, რადგან (თუკი) თქვენ სათავეში ჩაუდგებით საქართველოს რეალური სუვერენიტეტის შექმნის საქმეს, თქვენ შეხვალთ საქართველოს ისტორიაში. თქვენი ამჟამინდელი პოზიციებით, თქვენი პოლიტიკური კარიერის პიკი მიღწეულია და მეტად ვერ განვითარდებით. თქვენი ქარიზმა მინელდა, თქვენ მალე იქცევით იმ მთავრობის პრემიერ-ტექნოკრატად, რომლის მომავალი წარმატებულობა საეჭვოა, მაგრამ ახლა შეგიძლიათ, გახდეთ ძლიერი ლიდერი, რომელიც მოწოდებითაა პოლიტიკოსი. საჭიროა ძალიან თამამი, მაგრამ ერთადერთი სწორი – როგორც თქვენთვის პირადად, ისე და მით უფრო, საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯის გადადგმა!

ვგულისხმობ იმას, რომ მომწიფდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დატოვოთ უღიმღამო, აქოთებული ჭაობი სახელად „ქართული ოცნება“ და შექმნათ თქვენი საკუთარი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. გთავაზობთ კოლონიალიზმისგან გამწარებული ქართველობისთვის ფრიად მიმზიდველ სახელწოდებასაც – „ახალი ძალა სუვერენული საქართველოსთვის“. თქვენ არ გჭირდებათ „მამა-მარჩენალი“, თქვენ დღეის მდგომარეობით ხართ თვითკმარი პოლიტიკოსი. არ ხართ მდიდარი, მაგრამ არც ლუკმა-პური გაუჭირდება თქვენს ოჯახს, ამ მხრივ დაზღვეული ბრძანდებით. გადადგით ეს ნაბიჯი და გახდით ქართველი ხალხის საყვარელი ლიდერი – რომც დამარცხდეთ, მაინც ღირსეულ ადგილს დაიკავებთ ისტორიაში, რადგან თქვენი ბრძოლა იქნება სიმართლისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისათვის, მშრომელი ხალხისათვის ბრძოლა.

არ ვამტკიცებ, რომ ეს ამ კვირაში უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, იმავე ხალხს, რომელიც ხელის გულზე გატარებთ, პოპულისტური მიდგომაც სჭირდება ერთგვარად, ასეთია პოლიტიკის თვისება. იდეალიზმი და რეალიზმი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი უნდა მოქმედებდნენ. მიზანი უნდა იყოს იდეალისტური, სუფთა, ამაღლებული, მაგრამ მეთოდები, თუ საჭიროა, მაკიაველისტურიც. ცოტა ხნით კიდევ დარჩით მთავრობის მეთაურის პოსტზე, მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენს მიერ შეპირებული „კორონა“-დახმარებების გაცემა დაიწყოთ და ამ მაჟორულ ნოტაზე მიუჯახუნეთ კარები „ქოცებს“, რომლებიც თქვენ თავისიანად და ე. წ. „გუნდის“ ლიდერად მაინც არ მიგიჩნევენ. თქვენ არ ხართ „სოროსელი“, არ გაქვთ გავლილი მათი სკოლა, მეტიც, დიდი „ცოდვა“ გაქვთ – მოსკოვში ცხოვრობდით, სწავლობდით და მუშაობდით. თქვენ მთავრობაში მართლა არ გყავთ არც ერთი მინისტრი, რომელიც თქვენი კადრი იქნებოდა. თვით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც „ნაცების“ ჯიბრით ავირჩიეთ, არ გასახელებთ მათ რიცხვში, ვისაც ე. წ. პოლიტპატიმრების თუ კრიმინალების შეწყალება შეუთანხმა. თქვენი „ანტიკორონავირუსული“ რიტორიკა უკვე დროში იწელება, რაღაც ეტაპის შემდეგ ისე აღგიქვამთ ხალხი, როგორც თეთრხალათიანს, ახალგაზრდა ამირან გამყრელიძეს ან მომავალ პაატა იმნაძეს… არ გაგიკვირდეთ, „ქოცებმა“ ბოლოს „ლუგარის ცენტრის“ დირექტორობა ან რაიმე მსგავსი ეგზოტიკური პოსტი შეგთავაზონ – ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე გვიან, არჩევნების შემდგომ დღეს, თქვენ მათთვის უინტერესო და არააქტუალური იქნებით. შეიძლება, მანამდეც, 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად. ნუ დაელოდებით ამას, თავად იმოქმედეთ, ქართველი ხალხი გელით!

პატივისცემით,
გულბაათ რცხილაძე

 

Next Post

ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებას მიმართავს

კვი მაი 24 , 2020
4,000 წაკითხვაჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზიგადოებას მიმართავს: „ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან […]