ირაკლი კაკაბაძის ღია წერილი

1,747 წაკითხვა

მწერალი ირაკლი კაკაბაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს ღია წერილით მიმართავს:

„ძვირფასო კონგრესმენო კინზინგერ,

ჩვენ ძალიან გვიხარია რომ მეგობრობთ საქართველოსთან და მუდამ რჩევებს გვაძლევთ როგორ წავწიოთ წინ ჩვენი დემოკრატია. როგორც თქვენ კარგად იცით საქართველოს დიდი ხნის მულტი კულტურული ტრადიცია აქვს წმინდა შუშანიკით დაწყებული, გაგრძელებული საიათ ნოვათი და დამთავრებული დიდი კინორეჟისორით, სერგო ფარაჯანოვით. მედეას დრომდე (დაახლოებით მე-13 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ჩვენ აგრეთვე გვქონდა არაჩვეულებრივი ფემინისტური ტრადიციებ, სადაც მთელი სიმდიდრე და ჯანდაცვის საკითხები ქალთა ხელში იყო. ეს იყო მანამ, სანამ დასავლელი (კერძოდ ბერძენი) იმპერიალისტები არ შემოვიდნენ ძველ საქართველოში და არ შემოიტანეს მათთან ერთად პატრიარქალური და ავტორიტარული მართვა.

როგორც თქვენ უფროს მეგობრებს, რომელთაც სახელმწიფოებრიობის 24 საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს და მსოფლიოს მესამე ქრისტიანულ ქვეყანას (სომხეთისა და რომის შემდგომ) ჩვენც გვინდა ერთ-ორი რჩევა მოგცეთ. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვყავს ისეთი განსწავლული ლობისტური და სპეციალურ ინტერესთა მანქანა, რომელიც ოპერირებს ვაშინგტონ, კოლუმბიის ოლქში – ჩვენ მაინც ენთუზიაზმზე დაყრდნობით და უფასოდ გადავწყვიტეთ რამდენიმე პუნქტით ჩამოგიყალიბოთ რა იქნება უკეთესი თქვენი ახალგაზრდა დემოკრატიის უკეთესად განვითარებისთვის.

ჩვენ დიდი პატივისცემა გვაქვს დიდი ამერიკელი მოქალაქეების მიმართ, როგორებიც არიან თომას ჯეფერსონი, აბრაჰამ ლინკოლნი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, არეთა ფრანკლინი, ლუის არმსტრონგი, რობერტ ციმერმანი, მართინ ლუთერ კინგ კუნიორი, მალკოლმ ექსი, მუმია აბუ ჯამალი, ანჯელა დეივის, ლეონარდ პელტიერი და ბევრი სხვა. ამერიკა უთუოდ დიდი ქვეყანაა და მისი ისტორიის გარკვეულ ნაწილში იგი უთუოდ აკმაყოფილებდა სახელმწიფოებრიობის იმ სტანდარტს, რომლებიც ჩვენთან დაადგინეს დავით აღმაშენებელმა მე-11-12 საუკუნეებში და თამარ მეფემ მე-12-13 საუკუნეებში.

მაგრამ ახლა, ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ჯორჯ ფლოიდის ცივსისხლიანმა მკვლელობამ პოლიციის ოთხი წევრის მიერ მინეაპოლისში და იმ ფაქტმა რომ მისი ოთხი მკვლელიდან სამი ჯერ დაპატიმრებულიც კი არ არის და ვინც დაპატიმრებულია ის მხოლოდ მესამე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით – უნდა გამოგიტყდეთ, ბატონო კინსიჯერ, ეს სრულიად მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის და საქართველოს ნამდვილი მეგობრისათვის. რასისტული და პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა ამერიკული დემოკრატიისთვის დიდი უკან დახევის მაჩვენებელია. აგრეთვე, ასობით პოლიტპატიმარი და აქციებზე დაზარალებული ადამიანი, რომლებიც ძირითადად რასიული დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან – ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ წარდგნენ თავისუფალი და მოუსყიდველი სასამართლოს წინაშე, რომელიც თავისუფალი იქნება რასისტული და პოლიტიკური გავლენებისგან.

ჩვენ ღრმად გვწამს რომ თქვენი ხელისუფლება, როგორც საქართველოსა და სომხეთს უძველესი ერების მეგობარი და იმედია ქურთი ერის მეგობარიც დააკმაყოფილებს დემოკრატიის და თანასწორი საზოგადოების დიდ სტანდარტს, რომელზედაც ჩვენ აგებული გვაქვს ჩვენი ცივილიზაციები ათასობით წლის განმავლობაში.

ჩვენ გვინდა გისურვოთ წარმატება დემოკრატიისთვის, თავისუფლებისათვის, ტრანსპარენტულობისა და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის ბრძოლაში, სადაც რასიზმისა და ეთნოცენტრიზმის ადგილი არ არის.

გულწრფელად თქვენი
ირაკლი ზურაბის ძე კაკაბაძე
მწერალი და პროფესორი
Oxfam/PEN პრემიის ლაურეატი – 2009

ნათქვამია ირაკლი კაკაბაძის ღია წერილში.

Next Post

„უგულავა არის ნამდვილი ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი“ - ირაკლი ღარიბაშვილი

სამ ივნ 2 , 2020
1,747 წაკითხვა„უგულავა არის ნამდვილი ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი“– ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა „ევროპული საქართველო“-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და განაცხადა, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.  

შესაძლოა მოგეწონოთ