„ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” – რამაზ საყვარელიძე

3,313 წაკითხვა

„ამას შედეგედ კიდევ ის მოყვება, რომ „ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” – ასე განიხილავს „რეზონანსთან” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

ოკუმენტში, სახელწოდებით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა საუბარი. კვლევის ავტორების ერთ-ერთ რეკომენდაციაა დაწესდეს სანქციები „რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელების” მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც „აზიანებენ აშშ-ის პარტნიორი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოზიციებს”.

ამასთან დაკავშირებით კვლევის ავტორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ურჩევენ შეადგინოს კრემლთან დაკავშჳრებული ოლიგარქების სია, რომლებიც „აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას”.

კვლევაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სიის ერთ-ერთ შესაძლო წევრად განიხილება და მასთან დაკავშირებით სიტყვა-სიტყვით ნათქვამია: „ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ის ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ”.

ივანიშილთან ერთად, ამავე სიის პოტენციურ წევრებად განიხილებიან რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი და უკრაინელი მილიარდერი ვიკტორ მედვედჩუკი.

ეს კვლევა შეადგინა რესპუბლიკური კვლევების კომიტეტმა – ეს გახლავთ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ფრაქციის უმსხვილესი შიდა გაერთიანება, რომელიც 150-მდე კონგრესმენს აერთიანებს. მათი კვლევა სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარმოადგენს კომიტეტის ხედვას აშშ-ის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ამ გამოწვევებზე რეაგირების მეთოდებთან დაკავშირებით. უშუალოდ ამ კვლევას კი თან ერთვის 13 კონგრესმენის ხელმოწერა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბრისას ეს კონგრესმენები „ნაცინალური მოძრაობის” ლობისტებად მოიხსენია, თავად კვლევა კი – „დაბალი რანგის დოკუმენტად”.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ფრაზას, რომ „ივანიშვილი საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა” იყენებს და ამ შემთხვევაში კონგრესმენები აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ ასახავენ.

„არ ვიცი რამდენად სერიოზულია (ეს დოკუმენტი) და ამას რა შეიძლება მოჰყვეს, მითუმეტეს დღევანდელი ამერიკის მხრიდან. დღევანდელი ამერიკა ჩვეულებრივი ამერიკა არაა, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დღევანდელ შეერთებულ შტატებში ხდება.

„ქართული მხრიდან ამ ტიპის დოკუმენტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს. საერთაშორისო ასპარეზზე არ ვამბობ, ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში არცერთი კონფლიქტი და ძალადობის ფაქტი თითქმის არ ყოფილა. 20 ივნისის ღამე – ეს მაგალითი არაა, ეს უფრო გამონაკლისია. სამხედრო კონფლიქტებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე გაუგებარია ეს ფრაზა, რომ ივანიშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას ახდენს.

„ეს ფრაზა არის „ნაციონალების” ფრაზა. საზოგადოებას რეალურად დესტაბილიზაციის განცდა ვერ ექნება იმიტომ, რომ კონფლიქტები არ ხდება. ამას შედეგედ კიდევ ის მოჰყვება, რომ „ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ”, – განაცხადა საყვარელიძემ.

Next Post

„არ გაგახარებთ, ამოგშანთავთ“ – შალვა რამიშვილი ნოდარ მელაძეს და tv “პირველს”

პარ ივნ 12 , 2020
3,313 წაკითხვაარ გაგახარებთ, ამოგშანთავთ მაინც – ამ სიტყვებით მიმართა შალვა რამიშვილმა TV პირველის წარმომადგენლებს და კონკრეტულად ნოდარ მელაძეს, მისი თქმით, არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ტყუილი ინფორმაცია გაავრცელონ.

შესაძლოა მოგეწონოთ