სუსის მიერ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა?

2,081 წაკითხვა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ტელეარხის ვებგვერდზე განთავსებული ანონსის თანახმად, 15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს “ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ მასალაში დაკონკრეტებული არ არის, მათი ინფორმაციით, რის გამო იგეგმებოდა ჟურნალისტის ლიკვიდაცია და უკავშირდება თუ არა ეს ზემოაღნიშნულ მოვლენებს.

მანამდე, დაკავებულის ადვოკატმა ნინო მიქატაძემ “რუსთავი2”-ს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ყალბი დოკუმენტების შეძენა, შენახვა და გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი.

“ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, წარდგენილი ბრალდება გახლავთ 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას გამოყენების მიზნით და მის გამოყენებას, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – განმარტა მიქატაძემ.

 

Next Post

„ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა” - ნიკა გვარამია

ორშ ივნ 15 , 2020
2,081 წაკითხვატელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო. “კონტრტერორისტულმა […]