„ბატონო პრეზიდენტო, საიდუმლოდ უნდა გითხრათ“ – მოკრძალებული რჩევა ქართული პოლიტიკისთვის

„ბატონო პრეზიდენტო, საიდუმლოდ უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტმა გორბაჩოვმა არ იცის შედეგი. მან იცოდა ჩვენი შეხვედრის თაობაზე – მე თვითონ ვუთხარი მას ამის შესახებ. ცხადია, ჩვენ დაუყოვნებლივ გავუგზავნით მას ჩვენი შეთანხმების ტექსტს, საიდანაც გამომდინარე მან უეჭველად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან ძალიან, ძალიან გულგახსნილი ვარ. ჩვენ, ოთხი ქვეყანა, ვთვლით, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთი. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ დამალულად. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავცემთ ჩვენს განცხადებას პრესას. ველით თქვენის მხრიდან გაგებას.“ – ეს სატელეფონო საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ელცინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს შორის, რომელიც 1991 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ბელორუსიის ბელოვეჟის ტევრიდან – რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

ბელოვეჟიდან რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირი დაიშალა, რის შესახებაც მისმა პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა მოსახლეობას საგანგებო სატელევიზიო გამოსვლით აცნობა.

იმჟამად თბილისში ომი იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამსახურდიას წინააღმდეგ, ამდენად გორბაჩოვის განცხადებას დიდი ზეიმი არ მოჰყოლია. საქართველოს სხვა პრობლემები ჰქონდა – ძმათა მკვლელი ომი.

პრეზიდენტ ელცინის სატელეფონო საუბარი ამერიკელ კოლეგასთან ნათელი დამადასტურებელია გორბაჩოვის ზეობის დროს ჩამოყალიბებული პროამერიკული და დამთმობი პოლიტიკის გაგრძელების.

გორბაჩოვის ლიბერალიზმმა, დასავლეთისადმი მონურმა განწყობამ, ეკონომიკისა და ფინანსების თავდაყირა დაყენებამ, საბჭოთა ძალოვნების და კომუნისტური პარტიის დისკრედიტაციამ, ბეჭებზე დადო საბჭოთა იმპერია და მას აღარაფერი დაუტოვა, თვითლიკვიდაციის გარდა.

ბელოვეჟის გადაწყვეტილება, თუნდაც არალეგიტიმური თითქმის ყველა პარამეტრით, გაიზიარა კრემლმა და პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, ვინაიდან მას და ე.წ. მის გუნდს წინააღმდეგობის თავიც არ ჰქონდათ.

დაშლილი საბჭოთა კავშირი და ამ კავშირიდან გამოსული თავისუფალი სოციალისტური ქვეყნები, რის ვაი-ვაგლახით დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის, კაპიტალიზმის გზას. გუშინდელ ძმებს შორის უცბათ გაწყდა კავშირები ყველა დარგში. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაიწყეს ახალი ცხოვრების შენება.

ეს პროცესი ბნელ ოთახში იატაკზე დავარდნილი რკინის ფულის ძებნის მსგავსი იყო. დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებიდან თითქმის 30 წელიწადი გავიდა. სამწუხაროდ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ იატაკზე დავარდნილი ფულის ძებნას და როგორც ჩანს ვერ ვიპოვით.

დანარჩენებმა რაღაც იღონეს, რაღაცას მიაღწიეს, მეტნაკლები წარმატებით, ჩვენ ისევ ვეძებთ. თითქოს ამ ძებნაში „ახალი ძმები“, სტრატეგიულ პარტნიორებად მონათლულნი, გვეხმარებიან, მაგრამ გვირაბის ბოლოს შუქი არ ჩანს.

რას შეიძლება მივაწეროთ ყოველივე ეს? – უპირველესად გულუბრყვილობას, ვიღაცაზე მინდობას და მისთვის საკუთარი პასუხისმგებლობის აკიდებას. რატომღაც თანამედროვე ქართველმა იფიქრა, რომ „ღმერთის წილხვედრი ქვეყნის“ რჩენა მთელი მსოფლიოს ვალია და თავისი გასაკეთებელი სხვას გადაუმისამართა.

სულ ახლახანს, აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა კლინტონ-ელცინის სატელეფონო ჩანაწერები, რამაც მკითხველი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმ მოღალატურ პოლიტიკაში, რომელსაც დამოუკიდებელი რუსეთის პირველი პრეზიდენტი ელცინი ატარებდა. ცნობილი ფაქტია ელცინ-კლინტონის „მეგობრული“ ურთიერთობები, თუმცა „თეთრი სახლი“ და ამერიკული პოლიტიკა ე.წ. მეგობრობას საკუთარი სარგებლის მოპოვებასაც კარგად უხამებდა.

სწორედ ელცინის დროს მოხდა ამერიკული ბიზნესის მიერ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ქარხნების ცენტებში შეძენა. იყიდებოდა არა მარტო უნიკალური სამრეწველო ობიექტები, არამედ სამხედრო-საზღვაო და სატვირთო გემები, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები.

რუსეთის ეკონომიკა აშშ-ს ხელში აღმოჩნდა. ქვეყანა გახდა მესამეხარისხოვანი,  წიაღისეულით აშშ-ის დანამატი. ლიბერალურმა რუსეთმა, ანტირუსულად განწყობილმა და აშშ-ის მეხოტბემ, ისეთი „საამური“ ცხოვრება შექმნა, ჭკვიანი და განსწავლული რუსები რომ მასობრივად მიაყენა აშშ-ის კარს. 200000-ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღო აშშ-ის ბიზნესმა, კვლევითმა ცენტრებმა, რამაც არნახული წარმატება მოუტანა მათ. სტატისტიკის მიხედვით, ელცინის წლებში არსებული დემოგრაფიული ვითარება გაუტოლდა მეორე მსოფლიო ომის (1943-44) მდგომარეობას.

კითხულობთ სატელეფონო ჩანაწერებს და უმალ ფიქრობთ – რამდენად დაცემული უნდა ყოფილიყო უზარმაზარი რუსეთი და მისი პოლიტიკა, რომ პატარა ბავშვივით ანგარიში ჩაებარებინა ამერიკის ხელისუფლებისთვის. ამ სატელეფონო საუბრებიდან ხანდახან გამოსჭვივის დიდი რუსეთის ამბიციებიც – ერთობ დაუბალანსებელი და დღევანდელი ვითარებისთვის გამაღიზიანებელი, თუნდაც ასეთი:

ელცინი: „ბილ, ერთ რამეს გთხოვ – დაუთმე რუსეთს ევროპა. აშშ-ი არ არის ევროპაში. ევროპით, ევროპელები უნდა დასაქმდნენ. რუსეთი სანახევროდ ევროპაა, სანახევროდ აზია“.

კლინტონი: „შენ, რა აზიაც გინდა?“

ელცინი: „აბა რა, ბილ. ბოლოსდაბოლოს ჩვენ მოვილაპარაკებთ ამის შესახებ“.

კლინტონი: „მე ვფიქრობ, რომ ევროპელებს ეს არ მოეწონებათ“.

ელცინი: „არა ყველას, მაგრამ მე ევროპელი ვარ. ვცხოვრობ მოსკოვში – ეს ევროპაა. მე, ეს მომწონს. შენ შეგიძლია დარჩენილი მსოფლიოს ქვეყნები აიღო და უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. მე კი ევროპის უსაფრთხოებას ვუზრუნველვყოფ“.

კლინტონ-ელცინის სატელეფონო საუბრები უფრო ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ძველი გამოთქმისა არ იყოს – ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მძიმე და ავისმომასწავებელი, როგორიც დღეს. ის გაცილებით მძიმეა, ვიდრე „ცივი ომის“ პერიოდში, როდესაც ორმა დაპირისპირებულმა პოლუსმა კარგად იცოდა საკუთარი მოქმედების ჩარჩოები. დღეს, ჩარჩოები აღარ არსებობს და ისეთი შეტევა მიმდინარეობს რუსეთზე, უარესს რომ ვერ ინატრებდა ამერიკელი ნეოკონსერვატორებიც.

კლინტონ-ელცინის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება, რუსეთზე 2007 წლიდან დაწყებული შეტევის გაგრძელებაა და ანტირუსული განწყობისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით ევროპელების, რომელთა ქვეყნებსაც ელცინი იჩემებს.

აშშ-ი, კოლექტიური დასავლეთი – ყოველთვის აღტაცებული გორბაჩოვ-ელცინის გამყიდველური პოლიტიკით, დარწმუნებული იყო რუსი ლიბერალების მონურობაში. მაგრამ ვითარება კარდინალურად შეიცვალა ხელისუფლებაში პუტინის მისვლის შემდეგ. 2007 წელს კი მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმულმა სიტყვამ – ერთობ პირდაპირმა და დასავლეთის დამადანაშაულებელმა, მძლავრად შეანჯღრია დასავლური პოლიტიკური სისტემა და დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ახალი დაპირისპირება შექმნა, უფრო სწორად ძველის, ისტორიულის რეანიმაცია მოახდინა.

მეფის რუსეთი ყოველთვის ჰქონდა ყელში გაჩხერილი დიდ ბრიტანეთს, ევროპის გავლენიან სამეფო კარს, მოგვიანებით აშშ-ს. განსაკუთრებული დაპირისპირება იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ახალგაზრდა ქვეყნის წინააღმდეგ სისტემატურად წესდებოდა დასავლური სანქციები. ზოგიერთი ამას კლასობრივი, იდეოლოგიური ბრძოლით ხსნიდა.

მაგრამ ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ თუ ამას ჰქონდა  ადგილი, მხოლოდ უმნიშნელოდ. მთავარი იყო და არის თვით რუსეთი, რამაც გამოიწვია და იწვევს რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის ომს – „ცხელის“ გარდა. ისიც ჯერ-ჯერობით, ვინაიდან ბირთვულ ეპოქაში „ცხელი ომი“ თვითმკვლელობის საწინდარია. და რომ არა ორივე მხარეს არსებული ბირთვული ბომბები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაერთი ომი გაჩაღდებოდა.

დასტური ამისა ისევ აშშ-ის არქივების გამომზეურებაა, სადაც შავით თეთრზე წერია საბჭოთა კავშირის ატომური ბომბებით განადგურება. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაპრებს არ დაუშურებიათ ბირთვული ბომბები საბჭოთა კავშირისთვის, მათ შორის თბილისისთვისაც, თუმცა ვითარების ღრმა გაანალიზების შემდეგ ეს მზაკვრული გეგმა ორმოცდაათიანი წლებისთვის გადაუდიათ.

გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა საბჭოთა ატომური, წყალბადის ბომბების და სარაკეტო შეიარაღების გამოჩენამ.

საბჭოეთის დაშლის დღემდე ამ ქვეყანას არასასურველი სამხედრო გამოწვევა არ მოკლებია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. რუსულ შეკავებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პუტინის ხელისუფლებში მისვლისთანავე, აშშ-ა დაიწყო ევროპის ქვეყნებში ანტისარაკეტო სისტემების განთავსება; აღმოსავლეთ ევროპის ნატოში გაწევრება; რუსეთის საზღვრებთან ნატოს ჯარების მიბჯენა; ყოფილ საბჭოთა სივრცეში ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების მომზადება-განხორციელება; რუსეთის ირგვლივ სამხედრო რკალის ჩამოყალიბება; უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას აბუნტება, მათი გადაბირება და ანტირუსულად განწყობა.

ზეწოლა არამარტო იარაღის მეშვეობით ხორციელდებოდა, არამედ პროპაგანდით, ტყუილი სატელევიზიო სიუჟეტებით. „ყველაფერში დამნაშავეები რუსები და პუტინი არიან“ – ასე ღაღადებენ დასავლური მედიასაშუალებები. ვერ ნახავთ ვერც ერთ დარგს – კულტურიდან დაწყებული, სამხედრო-პოლიტიკურით დამთავრებული, რუსეთს და მის პრეზიდენტს არ ლანძღავდეს.

ცხვება და ცხვება ანტირუსული ეკონომიკური სანქციები, განსაკუთრებით ამერიკულ-ევროკავშირული. არვინ დაეძებს შემოღებული სანქციები, რაიმეთი მაინც ვნებს თუ არა ევროკავშირს. დასავლური სტატისტიკის მიხედვით არათუ ვნებს, არამედ გაუსაძლის პირობებში აყენებს იმ ფერმერებს, სხვა მწარმოებლებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთთან. მათი ზარალი რამდენიმე ასეულ მილიარდ ევროს უტოლდება.

თვით „დასჯილი“ რუსეთი როგორ არის? – იკითხავს მავანი. ცხადია ეკონომიკურმა სანქციებმა შეაფერხა მისი განვითარების ტემპები, მაგრამ არა ისე, როგორსაც დასავლეთი გეგმავდა. რუსეთმა გამოძებნა შიდა რესურსი და სანქციური პოლიტიკა თავის სასარგებლოდ აქცია, ანუ თვით დაიწყო იმ პროდუქციის წარმოება, რასაც ევროპიდან იღებდა.

განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნება სოფლის მეურნეობაში. ბოლო წლებში ხორბლის და მარცვლეულის დამზადებაში რუსეთმა სარეკორდო მონაცემები აჩვენა. შესაბამისად გაზარდა ექსპორტიც. დღეს, რუსული ხორბალი პირველია მსოფლიოში. საექსპორტოდ გადის ქათმის, საქონლის, ღორის ხორცი, სხვა პროდუქტები.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტით შემოსულმა თანხამ იარაღით ვაჭრობის თანხას გადააჭარბა.  1.5%-ით  გაიზარდა ქვეყნის ეროვნული შემოსავალი, რაც ნაკლებია, ვიდრე აშშ-ი და ევროკავშირში, აღარაფერს ვამბობ ჩინეთზე. მაგრამ მსოფლიოს ინსტიტუტების გათვლით,  სამომავლო ეკონომიკური ზრდა სრულიად მოსალოდნელია.

როგორც ჩანს რუსეთმა გაუძლო ეკონომიკურ სანქციებს და წარმატებებსაც აღწევს, მაგრამ ამის არ სჯერათ ქართველ ექსპერტებს. ბატონი საყვარელიძის მიხედვით, რუსეთში ისეთი უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაა, ელცინის დროს რომ იყო.

როგორც ჩანს ექსპერტს არასდროს შეუხედავს რუსეთის ეკონომიკისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას არ იტყოდა. მაგრამ იქნებ სულ სხვაშია საქმე ანუ რუსეთის მუდმივ გაშავებაში? და საყვარელიძეც „აშავებს“ – ხალხს უქმნის ტყუილ წარმოდგენას მეზობელ ქვეყანაზე, რათა საქართველოს მოსახლეობას მუდამ ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს მასზე. ქვეყნისთვის „დამაშვრალიც“ ამას ჰქვია.

ყოჩაღ! საყვარელიძეების ძალისხმევით საქართველომ მუდამ ამერიკა-ევროპაზე უნდა იფიქროს, მუდამ მას უნდა ეთაყვანოს, ვინაიდან მხოლოდ დასავლეთი ეგულება დიდ ურჩხულთან მეომარი. დასავლეთი კი ომობს „ჰიბრიდულად“, პროპაგანდისტულად, “სკრიპალურად“, იდლიბურად, უკრაინულად, სპორტულად, მართლმადიდებლურად, … . და ამ საქმეში ფასდაუდებელია ქართული მედიის, პოლიტოლოგიის, პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის ძალისხმევა.

ვლანძღავთ და ვლანძღავთ მეზობელ რუსეთს, პრობლემებს ვუქმნით და ვერც კი ვფიქრობთ, რომ პრობლემებიანი რუსეთი უპირველესად ჩვენთვის არის პრობლემა. შორია დასავლეთამდე, მითუმეტეს აშშ-მდე. რუსეთი კარის მეზობელია. ნორმალური ურთიერთობების შემთხვევაში, წყალს ხომ მაინც არ დაიშურებს?!

დასავლეთს გაცილებით ურჩევნა ელცინის დროინდელი, დაჩოქილი რუსეთი. როგორც სენატორი მაკკეინი ამბობდა – „ბენზინგასამართი“ ქვეყანა, მესამე ხარისხოვანი, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს … .

მაგრამ რუსმა ხალხმა არ იგუა ძალთა არასამართლიანი გადანაწილება. მან პატრიოტიზმის გზა აირჩია, რასაც მიუხედავად მძიმე სანქციებისა და მწვავე გამოწვევებისა, წარმატებით ართმევს თავს. დღეს, რუსეთის ხსენებაა ყველგან და ყველა საკითხში – აშშ-ი გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინაში „განხორციელებული აგრესიით“ დამთავრებული.

რუსეთია ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სირიაში და ეხმარება ბაშარ ასადს ტერორიზმის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში. თანამედროვე რუსული ზებგერითი (15-20-ჯერ მეტი) იარაღი სერიოზულად აფიქრებს დასავლეთს. არადა რახანია გააფრთხილა ის კრემლმა – ნუ განათავსებთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემას, ვინაიდან მსოფლიო სამხედრო ბალანსს არღვევსო.

არ დაუჯერეს! შედეგმაც არ დააყოვნა. დასავლეთისგან შევიწროებულმა რუსეთმა, სამხრეთ-კორეის ოლიმპიურ თამაშებზე, განახევრებული გუნდით წარმატება აჩვენა, ხოლო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი არნახული აღმავლობით ჩაატარა.

საყვარელიძის გასაგონად – ჩავარდნილი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს ესოდენი წარმატებით ვერ ჩაატარებდა.

საგონებელში ჩავარდნილი დასავლეთი, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე შტამპავს და შტამპავს ანტირუსულ სანქციებს, მაგრამ უშედეგოდ. ვერ შესრულდა ამერიკული პროგრამა რუსეთის შეკავებისა, ვინაიდან დასაწყისიდანვე აბსურდულად მოსჩანდა.

მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შეიძლება 13 მილიონ კვ. კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყნის იზოლირება, რომელსაც 18 უშუალო მეზობელი ჰყავს და რომლის ნაპირებს 13 ზღვა და ოკეანე აკრავს.

წიაღისეულით მდიდარი რუსეთი ყოველთვის იქნება ხარბი დასავლური თვალის ყურადღების ქვეშ და მასთან ერთად გამოგონილი ზღაპრების ობიექტი, მაგრამ მისი წაქცევა აუხდენელ დასავლურ ოცნებად დარჩება. ასე რომ ვურჩევდი საქართველოს ხელისუფალთ, მთლიანად პოლიტიკას, საღი გონებით შეეფასებინა რუსეთის რაობა, თვალი გაესწორებინა სინამდვილისთვის და ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, სამშობლოს რომ წაადგება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *