რა ღირს “ნაცების” სიაში ჩაჯდომა – დააპირისპირება პარტიაში – ვინ ყიდულობს და ვინ ყიდის პარტიულ სიაში ადგილებს

2,097 წაკითხვა

როგორც მოსალოდნელი იყო, გაერთიანებული ოპოზიცია სულაც არ ყოფილა ისეთი გაერთიანებული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. აღმოჩნდა, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგა, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებდა და ის დაპირება, რომ 30 სამაჟორიტარო ოლქში ისინი ერთიან კანდიდატზე შეთანხმებოდნენ, აბსურდი რომ იყო, ადრეც მოგახსენეთ. მაშინ, ოპოზიციის ლიდერებმა ჯვარს გვაცვეს, აქაოდა, წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი ერთიანები ვართო და… მართლებიც ყოფილა, წარმოდგენა არ გვქონდა, თუ პარტიები არამარტო ერთმანეთს დაერეოდნენ, არამედ შიგნითაც აირეოდნენ და ბრძოლა წესების გარეშე დაიწყებოდა.

თავიდან მივყვეთ – მამუკა ხაზარაძე მალე მიხვდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში დარჩენა და საერთო კანდიდატზე შეთანხმება მინიმუმ იმას ნიშნავდა, რომ მისი პარტიის თანხები სხვებზე უნდა დახარჯულიყო. პირველი, რაც ვერ გათვალა ოპოზიციამ, სწორედ ეს გახლდათ – როგორ წარმოგიდგენიათ, ბანკირი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ ნაწილდება პროცენტები და ყველაზე კარგად იცის, როგორ იშოვოს სხვის ხარჯზე ფული, იგივე შეცდომას დაუშვებდა? ჰოდა, ლოგიკურიც იყო, საერთო კანდიდატის იდეას რომ გაემიჯნა და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომ თავად ხაზარაძეც და ბატონი ბადრი ჯაფარიძეც მაჟორიტარებად მოგვევლინებიან.

მაჟორიტარობისთვისაა გამზადებული დავით უსუფაშვილიც და როგორც გვეუბნებიან, ის ან საბურთალოზე იყრის კენჭს, ან მშობლიურ კახეთში, თუმცა კახეთზე ცოტა ქვემოთ. თავად ექს-სპიკერს თბილისი უნდა, რადგან მის მშობლიურ კუთხეში სიტუაცია ისე დაიძაბა, დედა-შვილს კი არა, სიძე სიმამრს ვეღარ სცნობს (ან პირიქით).

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მზად არის, თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან 6 დათმოს და მხოლოდ ორგან დააყენოს კანდიდატი და ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. ნაციონალებმა ღიად თქვეს, რომ ისანი და სამგორი სათავისოდ უნდათ, ანუ ყველაზე მსხვილი ოლქები, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან გლდანიც „დაითრიონ“, როგორც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოლქი.

დანარჩენი ოპოზიცია ხვდება, რომ ნაციონალები ამ ნაბიჯით პრაქტიკულად თბილისში გამარჯვებას ინაღდებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარიგება არ შედგება (რისი შანსიც ძალიან დიდია), ისინი მაინც აჯობებენ დანარჩენ ოპოზიციას და დედაქალაქში საკუთარ პარტნიორებს ბეჭზე დადებენ. აი, რამდენად ეყოფათ ეს ყველაფერი ნაციონალებს „ოცნების“ დასამარცხებლად, სხვა საკითხია, მაგრამ მთავარი ჯერჯერობით ის არის, ვინ იქნება მეორე, რადგან პირველობის შანსი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია.

„როგორც ადრე გითხარით და როგორც თქვენ დაწერეთ, ნაციონალურმა მოძრაობამ გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიების „გადაყრა“ დაიწყო. ანუ, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება ვერც ბაჩუკი ქარდავა, ვერც თაკო ჩარკვიანი, ვერც გიორგი ვაშაძე, ვერც მაჭუტაძე და ზოგადად, ვერავინ, ვისაც ერთკაციანი პარტიის იმიჯი აქვს. ამიტომ, ნაცებმა თამაშიდან გასვლა გადაწყვიტეს, მიხვდნენ, რომ მეტს ვერაფერს მიიღებენ და დამოუკიდებლად სურთ არჩევნებზე გასვლა. ამის ეშინოდათ სწორედ იმ ერთკაციანი პარტიის ლიდერებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობდნენ და გაბზარული ნიკა მელიამ გატეხა, როცა ბოლო შეხვედრაზე პირდაპირ დააფიქსირა, ჩვენს სიაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები იქნებიანო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის 11 პარტია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდებოდა, რეალურად, 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს და საოცნებო, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს და შემდეგ 4-წლიან დაფინანსებას უბრალოდ ვერ მიიღებს“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერების ერთმანეთისადმი მტრობა ყველაზე კარგად სწორედ ახლა გამოჩნდა, პრაქტიკულად, დღეში რამდენჯერმე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი რეკავს და პარტიის ლიდერებს უკიჟინებს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რათა ბოკერია და მისი გუნდი დაიძირნონ. მიშამ ყველაზე უკეთ იცის, რომ ბოლო პერიოდში, დასავლეთში ბოკერიამ სერიოზული „კანალი“ გაჭრა და დასავლელი პარტნიორებიც მასთან საუბარს ამჯობინებენ, ვიდრე სააკაშვილთან, რადგან გიგა საქართველოშია, მიშა – უკრაინაში და მისი დაბრუნების პერსპექტივას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი უსვია. თუმცა, სააკაშვილს საჩხუბარი და საჭიდაო მხოლოდ ეს არ აქვს.

არავინ მალავს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირებაც პიკზეა. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მიშას ემორჩილებიან და არიან ლიდერები, რომლებსაც დამოუკიდებელი თამაში სურთ და სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ პარტიიდან ვერ გაყრის. აჭარით დავიწყოთ, სადაც მთავარი კაცი ისევ ლევან ვარშალომიძეა და ყველამ იცის, რომ ის სააკაშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალები აჭარაში მაჟორიტარებად სწორედ იმ კაცს დააყენებენ, ვისზეც სააკაშვილი იტყვის თანხმობას. იგივეს ვერ ვიტყვით თბილისზე, სადაც კანდიდატებს უშუალოდ ნიკა მელია გადაწყვეტს და დიდი ალბათობით, ერთი კანდიდატი თავად იქნება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის ბოლოს, მმართველი გუნდი ზუგდიდში არ დააყენებს ისეთ კანდიდატს, რომელიც იმავე მელიას აფიქრებინებს, რომ სამეგრელოში უფრო მეტი შანსი ექნება.

საუბარი იმის შესახებ, რომ სამეგრელოში კანდიდატი შესაძლოა ისევ სანდრა რულოვსი იყოს, თითიდან გამოწოვილია. ოპოზიციის პირველმა ლედიმ თავად თქვა უარი მაჟორიტარობაზე და ძალიან დიდი ალბათობით, სიის პირველი ნომერი იქნება. ესეც სააკაშვილის იდეაა, რომელიც შემდგომში „მიშა ბრუნდება“ თემით უნდა განვითარდეს.

არავის სურს სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანთან ბრძოლა, ზუსტად ისე, როგორც ერიდებიან დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში კახა ოქრიაშვილთან ჭიდაობას. ასპროცენტიანი სიზუსტით ვამბობთ, რომ ამ ორ ოლქში მაჟორიტარები „ოცნებას“ უკვე დაყენებული ჰყავს და ოქრიაშვილსა და მკოიანსაც წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებული აქვთ.

და კახეთი! ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან ერთ კვირაში დავწერეთ, რომ ის არა მინისტრად, არამედ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. ამიტომ, არ გაგვკვირვებია, როცა თქვეს, ღარიბაშვილმა შესაძლოა კენჭი კახეთში იყაროს, ან სიის პირველი ნომერი გახდესო. ორივე შემთხვევაში, მას აშკარა უპირატესობა ექნება, თუმცა თუ ის მაჟორიტარი იქნება, კენჭს აუცილებლად გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში იყრის, ანუ ზუსტად იქ, სადაც დიდი ალბათობით, კანდიდატურას პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი დააყენებს. ეს კი დანარჩენი ოპოზიციისთვის პრაქტიკულად განაჩენია და ამიტომ, წაგებულ ომში შესვლა არავის სურს.

სამაგიეროდ, ნამდვილი ბრძოლა გამოცხადებული თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში კენჭისყრაზე. აქ მთავარ პრეტენზიას ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, თუმცა მისი წინააღმდეგი ნაცების თბილისური ბომონდია. არავისთვის არის უცხო, რომ ბოტკოველი უშუალოდ სააკაშვილის კაცია, მხოლოდ მის მითითებებს ასრულებს და როგორც გვეუბნებიან, თბილისურ ზარებს არც კი პასუხობს. სიტუაცია მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც მოულოდნელად გაირკვა, რომ თელავში, ნაციონალური მოძრაობის ფულით შეძენილი პარტიის სათაო ოფისი… როზმარი გალდავას საკუთრება გახდა. ბატონი როზმარი მარტვილშია რეგისტრირებული, დევნილია და გიორგი ბოტკოველის სიმამრი გახლავთ. პარტიის ლიდერებიც ამან გააბრაზა, რომ ოფისი, რომელშიც ფულია დახარჯული, ბოტკოველის სიმამრს ერგო ჩუქების სახით და ზოგადად, ოფისების თემა პარტიაში მძიმედ დგას.

როგორც გვეუბნებიან, კახეთის გზატკეცილზე არსებული ცენტრალური ოფისიდან პარტია დედაქალაქის ცენტრში იმიტომ გადმოვიდა, რომ მიშა მის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მელის გუნდმა მოახერხა, ოფისი რამდენიმე წლით გააქირავა და იმ ქირის სანაცვლოდ, დედაქალაქის ცენტრში ახალი ფართი აიღეს. როგორც გვეუბნებიან, პარტიის ლიდერები ახლა იმას იკვლევენ, სხვა ოფისებს რა ბედი ეწიათ, რადგან სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ სააკაშვილმა თავის ერთგულ ხალხს სამეგრელოს, აჭარის და იმერეთის ოფისებიც გადაუფორმა. ისევ კახეთს დავუბუნდეთ. მაჟორიტარობაზე პრეტენზია ლევან ბეჟაშვილსაც აქვს, ისიც სააკაშვილის კადრად ითვლება, მაგრამ არა ისე ერთგულად, როგორც ბოტკოველი. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, მიშა პარტიის ლიდერებისგან კატეგორიულად ითხოვს, რომ მაჟორიტარობის გარდა, ბოტკოველს სიაში გამსვლელი ადგილიც უბოძონ და ეს მაშინ, როცა ის ადამიანები, რომლებიც მაჟორიტარობაზე დათანხმდებიან, ბოლომდე რომ დაიხარჯონ, სიაში არ უნდა იყვნენ. ასეთია პირობა და მხოლოდ ბოტკოველისთვის და… აზერ სულეიმანოვისთვის გამონაკლისის დაშვება არავის სურს. ბატონი სულეიმანოვი მარნეული-გარდაბნის ოლქში იყრის კენჭს და იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ ევროპულ საქართველოში გადაბარგებულ ახმედ იმამყულიევზე მეტი გავლენა და რესურსი აქვს. თუმცა, მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოგება ურთულესი იქნება და ამიტომ, მაჟორიტარობის გარდა, სიაში გარანტირებული ადგილიც სურს.

ზოგადად, ბოტკოველის სიმამრი პარტიული ოფისის გარდა, უძრავ-მოძრავ ქონებაში აქტიურად არის ჩართული და რომ არ უჭირს, იქიდანაც ჩანს, რომ მისმა შვილმა (ვაჟმა) ბოტკოველის მეუღლეს 50 ათასი დოლარი აჩუქა, რაც დეკლარაციაშია ასახული. მართალია, არსად არ არის მითითებული, საიდან ჰქონდა ქალბატონი ხათუნა გალდავას ძმას 50 ათასი, მაგრამ ეს აუცილებელი არც არის, მას ქონებრივი დეკლარაცია შესავსები არ აქვს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბოტკოველი, რომელიც ბოლო წლები მარტო ცდილობს კახეთის გათრევას, არც უფულობას უჩივის და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პირობასაც დებს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, გამსვლელ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ, რაც ურთულესი გასაკეთებელი იქნება. სია კი არა, როგორც გვეუბნებიან, მას ოფისის პარტიისთვის დაბრუნებას თბილისიდან კატეგორიულად სთხოვენ, ის კი ხელს სააკაშვილისკენ იშვერს მიშამ მაჩუქა და არ დავაბრუნებო.

ყველაფერ ამის ფონზე, ევროპული საქართველო მღვრიე წყალში ცდილობს თევზის დაჭერას და შეიძლება გამოუვიდეს კიდეც. გიგა ბოკერიას გუნდი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე შიდა არეულობით, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ რეგიონებზე შეთანხმება არ მოხდება, უდიდესი ალბათობით, თბილისის შეთანხმებაც ჩაიშლება და…

„ნაციონალებმა პრეტენზია დედაქალაქში ორ ოლქზე გამოთქვეს, ევროპული საქართველო კი, იმის დასამტკიცებლად, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, სამი ოლქის „დათრევას“ შეეცდება, რასაც იგივე ნაციონალური მოძრაობა არ დათმობს და შედეგად, მოლაპარაკებების ჩაშლას სწორედ ბოკერიას გუნდს დააბრალებს. რეალურად, ეს ორივე პარტიას აწყობს, რადგან რვავე ოლქში მაჟორიტარების დაყენება მათ პროცენტულად ბევრად მეტ ხმებს მოუტანს, ვიდრე ორ-ორი ოლქის დანაწილება.

რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებულ სისტემას, ანუ 2 ნაციონალი, 2 ევროპელი, 2 ლელო, 1 ლეიბორისტი და 1 ალეკო ელისაშვილი (მაჟორიტარად), უკვე არ ეთანხმება ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და რაც მთავარია, გიორგი ვაშაძე. ამ სისტემით, ვაშაძე საერთოდ დამოუკიდებელ მოთამაშედ რჩება, რაც არ აწყობს“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.

და ლეიბორისტები – შალვა ნათელაშვილმა დაზუსტებით იცის, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავს, ისიც იცის, რომ მაჟორიტარობასთან ერთად, სიის პირველი ნომერიც იქნება და მანამ, სანამ პარლამენტში გუგავა მოვა, ნათელაშვილი მაქსიმალურად შეეცდება ისეთი პიროვნება იპოვოს, ვისაც სიაში მესამე ნომრად ჩაწერს, ანუ ლეიბორისტთა ლიდერი „ახალ ფრიდონ ინჯიას“ ეძებს.

ერთიც – ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტიული სიის პირველი ნომერი… ანზორ ბიწაძე იქნება!

წყარო – ალია

Next Post

დამრჩა განცდა, რომ გვარამიას, გაბუნიას არმოკვლა „გაუტყდა“ – დავით ჩიხელიძე

ოთხ ივნ 17 , 2020
2,097 წაკითხვადემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე,  გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით და ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე საუბრობს. “შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს, გვარამის, ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული ადამიანების, ბოლო დროინდელი, მიზანმიმართული ცილისწამება, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ემსახურება, ისინი ცდილობენ თეთრი შავად გვაჩვენონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ადამიანის უმთავრესი უფლება არის სიცოცხლის უფლება […]

შესაძლოა მოგეწონოთ