რუსული პროპაგანდის ნაღმი საქართველოში

საქართველო უარს აცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ერთადერთი მოტივით – საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია ცალკე აღებული რომელიმე უცხო სახელმწიფოს (მათ შორის, რუსეთის) მხოლოდ ერთი საელჩოს არსებობა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მაგრამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, თბილისს გარდა, რუსეთის საელჩოები ფუნქციონირებას განაგრძობენ სოხუმსა და ცხინვალში, რაც საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს სავსებით სწორი და გასაგები პოზიციაა.

ჩვენს ხელისუფლებასა და მთლიანობაში, საზოგადოებას, აღაშფოთებს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე განზრახ თუ უნებურად გამოჩნდება წიგნები და რუკები, რომლებშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს გარეშეა აღნიშნული. ახლახან კანონპროექტის იდეაც კი წამოაყენა ზოგიერთმა დეპუტატმა, რომ დაისაჯოს ისეთი რუკების გავრცელება, რომლებზეც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენელ ნაწილად არ იქნება გამოსახული.

ამ ფონზე სავსებით გაუგებარია ვითარება, რომელიც რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «სპუტნიკს» უკავშირდება. 2015 წელს რუსული სააგენტო «რია ნოვოსტის» თბილისის წარმომადგენლობის ბაზაზე სააგენტო «სპუტნიკი» დაარსდა. «სპუტნიკი» პრეზიდენტ პუტინის 2012 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მედიაჰოლდინგ «როსსია სეგოდნიას» განშტოებაა. ყურადღება მივაქციოთ: ეს ხდება უკრაინის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ყირიმის ანექსია და ღიად გამოვიდა შეიარაღებული სეპარატიზმის მხარდამჭერად დონეცკსა და ლუგანსკში. წესით და რიგით, ქართულ სახელმწიფო ორგანოებს ისევე არ უნდა მიეცათ რუსული სახელმწიფო ორგანოსათვის რეგისტრაციის უფლება, როგორც არ მისცეს რადიოსიხშირეზე გასვლის უფლება. გაუგებარია, განა მარტო რადიო უქმნის საინფორმაციო საფრთხეს საქართველოს? «სპუტნიკი» ხომ ინტერნეტში არის და თბილისში მისი ოფისი ემსახურება ვებ-გვერდის ინფორმაციებით დატვირთვასა და მათ გავრცელებას.

ისმის პრინციპული კითხვა: თუკი თბილისში დაუშვებელია რუსული სალჩოს ფუნქციონირება ცხინვალისა და სოხუმის პარალელურად, მაშინ რატომ ვხუჭავთ თვალს იმაზე, რომ «სპუტნიკის» თბილისის წარმომადგენლობის პარალელურად, «სპუტნიკს» თავისი წარმომადგენლობები აქვს ცხინვალსა და სოხუმში? ინტერნეტში «სპუტნიკი – საქართველოს» (https://sputnik-georgia.ru/ )ანალოგიურად, ფუნქციონირებენ საიტები «სპუტნიკი – აფხაზეთი» (https://sputnik-abkhazia.ru/) და «სპუტნიკი – სამხრეთი ოსეთი» (https://sputnik-ossetia.ru/). ამ საიტებზე ხშირად ნახავთ ანტიქართული შინაარსის მასალებს. ანტიქართული აქტიურობის ბოლო «აფეთქება» რუსეთის მიერ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ისტერიის ტალღას ემთხვევა – რა თქმა უნდა, ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის. მაგრამ, ყურადღება! «სპუტნიკის» არა მხოლოდ აფხაზური და ოსური წარმომადგენლობები გააქტიურდნენ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით, არამედ თბილისის წარმომადგენლობაც! როდესაც კი მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება, «სპუტნიკმა», ასე ვთქვათ, კლანჭები გამოაჩინა და ლაბორატორიასთან დაკავშირებით ნეგატიური კომენტარების მთელი სერია გამოაქვეყნა – იგორ გიორგაძის ინსინუაციების დაწვრილებითი განხილვით დაწყებული, თვითმარქვია ამერიკელი ექსპერტით, ჯეფრი სილვერმანით გაგრძელებული და, «მშობლიური» ვალერი კვარაცხელიათი დამთავრებული… საინტერესოა, რომ ეს და სხვა ნეგატიური მასალები, მიძღვნილი ლუგარის ლაბორატორიისადმი, «სპუტნიკ-საქართველომ» სოციალურ ქსელ «ფეისბუკში» რეკლამის საფუძველზე რამდენიმე დღის მანძილზე გაააქტიურა, რომ რაც შეიძლება, მეტ ადამიანს ენახა.

ეს ფაქტი უკვე საკმარისია საიმისოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებაზე და გაუუქმოს «სპუტნიკს» რეგისტრაცია. მართალია, «სპუტნიკი» იურიდიულად საქართველოში წარმოდგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის (რომელიც ამავე დროს «სპუნტიკის» დირექტორიცაა), მაგრამ ხომ არსებობს მორალური და პოლიტიკური ასპექტიც? «სპუტნიკის» ფუნქციონირების იურიდიული გამართულობაც ეჭვს ქვეშ დგება, რადგან თბილისში მოქმედი ვითომ დამოუკიდებელი შპს «სპუტნიკი» ემსახურება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იდენტურ საიტს, რუსული სახელმწიფო დაფინანსებით! «სპუტნიკის» საიტის, რომელიც ვიზუალურადაც იდენტურია, ერთდროული ფუნქციონირება თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში დაუშვებელია. ეს მით უფრო, როდესაც, ვიმეორებთ, დაფინანსება მოდის რუსეთის მთავრობისაგან.

როგორც ჩანს, «სპუტნიკის» მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მონოტონურმა სტილმა ქართული საზოგადოების ყურადღება მოადუნა და საზოგადოებაც შეეგუა მის არსებობას ქართულ საინფორმაციო სივრცეში. მაგრამ , როგორც ლუგარის ლაბორატორიის მაგალითმა აჩვენა, ეს არის არა ჩვეულებრივი მასმედია, არამედ რუსული სახელმწიფოს მიერ საქართველოში ჩადებული პროპაგანდისტული ნაღმი.

გიორგი რეხვიაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *