
„ის, რაც გუგუტიაანთკარში ხდება, არის რუსული მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა“ – წერს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში. პარტიის ლიდერი არსებულ ვითარებაში ნაწილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს:
„ფაქტია, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსული ოკუპაციის შეჩერება მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპანტების მიმართ საკმაოდ ლოიალობით გამოირჩევიან. ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების აღშფოთება და წუხილი ვერ აჩერებს ოკუპაციას.
საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ჟენევის ფორმატის გააქტიურება. თუ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი საქართველოს დეოკუპაციისკენ იქნება მიმართული, ეს ნაბიჯებიც უნდა გადადგას ქართულმა მხარემ, თუმცა არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელმაც დეოკუპაციის კუთხით არანაირი შედეგი არ მოგვიტანა“ – წერს გიორგი ლაღიძე.