„ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს დანაშაულად პრორუსულობას უთვლიან, ეს დასტურია თუ რა ძალა აქვს რუსეთს“

საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებამ მეორე პლანზე გადასწია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არადა გლობალიზაციის ეპოქაში საქართველო ისე, როგორც სხვა ქვეყანა, პოლიტიკური მოვლენების პირდაპირი თუ ირიბი ობიექტია, რაც ჩვენგან სერიოზულ ყურადღებას და განსჯას მოითხოვს. ქვეყანამ რახანია აირჩია ევროატლანტიკური კურსი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო ნატოსთან, აშშ-ნ დაახლოება რად ღირს ან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება.

აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მარტო რიტორიკით არ შემოიფარგლება, კონკრეტული სამუშაოებიც არის ჩატარებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას ვილაპარაკოთ ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე. თუმცა ამ ორგანიზაციებში გაწევრება მარტო ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული, მათაც უნდა ჰქონდეთ ასეთი. მათ კი ჯერ-ჯერობით დასაიმედებელი სიტყვები აქვთ მომარჯვებული – კარგი ბიჭები ხართ, ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, მაგრამ „საშინაო დავალებები“ ბოლომდე შესრულებული არ გაქვთ და როდესაც შეასრულებთ – კარიც გაიღებაო.
ეს, რაც შეეხება ნატოს. ევროკავშირის ზღურბლის გადალახვა გაცილებით რთულია, რამეთუ საჭიროა ქვეყნის კანონმდებლობის ამ ორგანიზაციის კანონებთან მისადაგება, ეკონომიკის გაჯანსაღება და სხვა მრავალი. აქვე აღვნიშნავ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ორგანიზაციაში გაწევრებას.

ცნობისთვის იმასაც გეტყვით – ასოცირების ხელშეკრულებით ჩრდილო აფრიკის და ლათინური ამერიკის კვეყნებიც რომ არინ „გაბედნიერებული“, თუმცა გაწევრება არც ერთ მათგანს თავში არ მოსვლიათ.
ნატოც და ევროკავშირიც დიდი პრობლემების წინაშე დგანან, რაც თავისთავად იწვევს საქართველოს თხოვნაზე ყურადღების ნაკლებ კონცენტრაციას. გარდა ამისა, ორივეს მზერა ამერიკა-რუსეთისკენ არის მიპყრობილი. „თეთრ სახლში“ პრეზიდენტ ტრამპის მისვლის შემდეგ ნატოს ყოფნა-არყოფნის თემა არაერთხელ გაჟღერდა, ცხადია ნაკლები ინტენსიურობით, ვიდრე საპრეზიდენტო მარათონის დროს. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა და მისი არსებობა ანაქრონიზმია, ვინაიდან ვის წინააღმდეგაც ის შეიქმნა – აღარ არის (სსრკ).
გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპმა შეცვალა რიტორიკა. აღარ ამბობს ნატოს გაუქმების თაობაზე, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ნატოს ბიუჯეტში საკუთარი ეროვნული შემოსავლის 2%-ი გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი დატოვებს ამ ორგანიზაციას.

ნატოს წევრები, არათუ 2%-ს, არამედ გაცილებით ნაკლებსაც არ იხდიან და რომ იტყვიან აშშ-ის კისერზე სხედან. აშშ-ი ორგანიზაციის ბიუჯეტის თითქმის 80%-ს ფარავს. „გინდათ, რომ აშშ-მ დაგიცვას – გადაიხადე შესაბამისი თანხა“, – აცხადებს ტრამპი.
არანაკლები მძიმე ვითარებაა შექმნილი ევროკავშირში, განსაკუთრებით აზია-აფრიკის ქვეყნებიდან ევროპას მისეული ლტოლვილების გამო. ბრიუსელის გადაწყვეტილებას, წევრი სახელმწიფოების მიერ გარკვეული რაოდენობის ლტოლვილების მიღების თაობაზე, უკმაყოფილება და დაუმორჩილებლობა ეგებება.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხმა სერიოზულად შეარყია მისი მონოლითურობა. „ბრექსიტს“ სხვებიც იზიარებენ – ჯერ-ჯერობით სიტყვიერად, საქმით კი მაშინ გაიზიარებენ, თუ ბრიუსელი არ გაითავისებს წევრი სახელმწიფოების კატეგორიულ მოთხოვნებს ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით.
ასე რომ, ორივე ორგანიზაციას ერთობ სერიოზული პრობლემები აქვს და საქართველოსთვის არ სცხელათ. ყოველივე აღნიშნულს ემატება რუსეთის ფაქტორი – მათი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები – სანქციებით გაუარესებულ სივრცეში.

აშშ-ის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციები, ავტომატურად პოულობს ევროკავშირულ მხარდაჭერას, რაც აშკარა დამადასტურებელია ევროპის ქვეყნებზე ვაშინგტონის განუზომელი პრესის.
ამერიკელთა დაძალებით შემოღებული ანტირუსული სანქციები რომ რუსეთზე ნეგატიურად აისახება, ფაქტია, მაგრამ არანაკლები ზარალი მოაქვს მას ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შექმნილმა ვითარებამ ნათლად დაგვანახა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოკრძალებული დამოკიდებულება „დიდი ბატონის“ მიმართ. აქედან გამომდინარე, მათი მტკიცება სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე, მითუმეტეს დემოკრატიაზე – ბევრ კითხვებს ბადებს. აშშ-ი საკუთარ თამაშს თამაშობს. მას ნაკლებად აინტერესებს ევროპელი მოკავშირეები.
ბიზნესმენი ტრამპი მოგების კუთხით იხილავს პოლიტიკურ საკითხებს, აყენებს რა პირველ რიგში მსოფლიოს ერთპიროვნულ მართვას ანუ იმ ვითარების გაგრძელებას, მეტოქე საბჭოთა კავშირის დაშლამ რომ უომრად არგუნა. „ცივი ომი“ მან პირწმინდად მოიგო და ამ მოგებაში დიდი წვლილი სწორედ საბჭოეთის ლიდერებს გორბაჩოვს, ელცინს, შევარდნაძეს, ე.წ. რუს ლიბერალებს შეატატინა.

მაგრამ ეს, 30 წლის წინათ იყო. დღეს სხვა რუსეთია – ფეხზე წამომდგარი, ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შემავალი – დახვეწილი, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი ბირთვული სახელმწიფო.
პუტინის რუსეთი ძირფესვიანად განსხვავდება წინამორბედისგან. მას სხვა ავტორიტეტი აქვს მსოფლიოში. მას მორიდებით ექცევიან, ეშინიათ კიდევაც, რაც თავისთავად იწვევს დაქსაქსული ევროპის და მასზე ალმაცრად მომზირალი ამერიკის შეკავშირებას.
დასავლური მედია, პოლიტიკა, საექსპერტო სამყარო ისეთ რუსეთს უხატავენ მსოფლიოს, საბჭოეთსაც რომ შეშურდებოდა. ხახადაღებული ვეება დათვი – რუსეთის ემბლემადაა ქცეული. დასავლეთის მტკიცებით, რუსეთი ერევა აშშ-ის პრეზიდენტის და კონგრესის არჩევნებში, დიდი ბრიტანეთის „ბრექსიტთან“ დაკავშირებულ რეფერენდუმში, საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც კი.
როდესაც მმართველი „ოცნება“ და ოპონენტი „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს უდიდეს დანაშაულად პრორუსულობას უთვლიან, დასტურია იმისა თუ რა ძალა აქვს რუსეთს. ეს, რომ ასე არ იყოს, ვინმე ახსენებდა მას?!

დიახ! რუსთი ძალაა, რაც თავისთავად უნდა იწვევდეს მორიდებას, დათვის არ გაღიზიანებას და არა ისეთ ქცევას, 2008 წელს „ნაცთა“ სიბრიყვით და ავანტიურიზმით მის ხახაში რომ ამოვყავით თავი. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ვაშაძე რუსეთის „კაცია“. იმავეს ამბობს „ოცნებაც“ და არ უკვირდება IღI-ის, NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეთა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობის ნახევარს რომ უტოლდება. იქნებ, სწორედ ამ ნახევარმა დაუჭირა რუსეთის „კაცად“ წოდებულს მხარი?
ის, რასაც რუსეთს სწამებენ დასავლეთის ქვეყნები და არა მარტო, გადაჭარბებულად მეჩვენება. როდესაც მსოფლიოს პირველი, გიგანტი ქვეყანა დაიწუწუნებს – „მიშველეთ, რუსეთი შეაჩერეთ, ის მერევა არჩევნების ჩატარებაშიო“ – უნებლიედ ბადებს კითხვას – ვინ არის პირველი, აშშ-ი თუ რუსეთი?
როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩივის – ინგლისში მცხოვრები რუსეთის ყოფილი აგენტი პუტინმა და მისმა საიდუმლო სამსახურმა მოკლესო, დიდი დიაპაზონი ჰქონია რუსეთს.
სხვა ცილისწამებათა ჩამოთვლას გაზეთის გვერდები ვერ დატევს. უნებლიედ იბადება კითხვა – თუ რუსეთი ესოდენ ყოვლისშემძლეა, რატომ არ თვლიან მას მსოფლიოს პირველ ქვეყნად?
„ეკონომიკურად სუსტიაო“, – მიპასუხებენ. სუსტი ქვეყანა ვერაფრით შეძლებს იმ საიდუმლო, თუნდაც ჯაშუშური საქმის წარმოებას, რასაც მას აბრალებენ.

დასავლეთს შეკავშირებისთვის სჭირდება მტერი და ისიც სახეზეა – რუსეთი, შემდეგ ჩინეთი, ირანი. ცნობილი ამერიკელი ექსპერტების მიხედვით, რუსეთი თავისი შეიარაღებით აშშ-ის ტოლია და მას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ არანაკლები საფრთხე ჩინეთიდანაც აქვს. ამიტომაც ცდილობს ვაშინგტონი კრემლთან საერთო ენის გამონახვას ანუ კრემლის გადაბირებას ჩინეთის საწინააღმდეგოდ. არადა, მოსკოვ-პეკინის მჭიდრო კავშირები, მათ შორის სამხედრო საქმეში ისეთია, რომ მათი გაწყვეტა მესამე ძალის ანუ აშშ-ის სასარგებლოდ დიდად საეჭვოა.
სულ ახლახანს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს მასპინძლებს შესთავაზა თანამშრომლობა მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, ანუ ჩინეთის, რაზეც მასპინძელმა, მათ შორის პრეზიდენტმა პუტინმა ხისტად მიუგო – ჩინეთის თემას ამ ქვეყნის დაუსწრებლად არ განიხილავს.
თბილისში ჩამოსულმა ბოლტონმა კი ჩინეთის გაღიზიანების მიზნით აი რა განაცხადა – მოსკოვში მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ ჩინეთიო. რას ნიშნავს ბოლტონის მზაკვრული განცხადება, თუ არა ჩინეთის ხელისუფლებაში რუსეთის მიმართ ეჭვის ჩაბუდებას?

ბოლტონის ტყუილი განცხადება მიზანმიმართული იყო — მოსკოვ-პეკინს შორის უკმაყოფილების გამოსაწვევად. რუსეთის საგარეო უწყებამ ბოლტონის ავანტიურას უმალ უპასუხა – ჩვენ არ გაგვიხილავს ჩინეთი და ვთვლით, რომ უჩინეთოდ საკითხის განხილვა შესაძლებელი ვერ იქნება.
საყურადღებოა აშშ-ის გენერალ-ლეიტენანტის, ევროპაში აშშ-ის ქვეითი ჯარების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის მოსაზრება მომავალთან დაკავშირებით. მისი აზრით, აშშ-ის კრახამდე 15 წელი დარჩა. 15 წლის შემდეგ ეს ქვეყანა ჩაებმება ჩინეთთან სამხედრო კონფლიქტში. ევროპელმა მოკავშირეებმა თვით უნდა იზრუნონ რუსეთისგან თავდაცვის მიზნით, ვინაიდან აშშ-ს მოუწევს ბრძოლა წყნარ ოკეანეში საკუთარი ინტერესების დასაცავად.
ეს განცხადება ჰოჯესმა გასულ თვეს ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა. ჰოჯესს გულახდილობაში არც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტების შტაბების თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი პოლ სელმა ჩამორჩა. მან თქვა, რომ ამერიკის არმია ემზადება რუსეთ-ჩინეთთან ომისთვის. მან ისიც განმარტა, რომ დატაკება ორივესთან ერთდროულად ვერ მოხდება, ვინაიდან ამერიკას ძალა არ ეყოფა და მას ევროპელი მოკავშირეების დახმარებაც დასჭირდება. სელვამ ევროპელებს შეახსენა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება იმ აუცილებელობითაა გამოწვეული – მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საფრთხე რომ ჰქვია.

ნატოს მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია, მაგრამ მის მდგომარეობას არ უწყობს ხელს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის განცხადება – „აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის შესაკავებლად საჭიროა ევროპული სამხედრო ძალების შექმნა“, რაზეც პარიზში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ასე უპასუხა – მაკრონის განცხადებამ აშშ შეურაცჰყო. თან ისიც დაუმატა – უმჯობესია ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, საწევრო გადიხადონო.
რუსეთთან დაპირისპირებული ამერიკა, მიუხედავად კრემლთან მოლაპარაკებისა, აგრძელებს რუსეთის სარაკეტო ალყაში მოქცევის პოლიტიკას. იმავდროულად ცდილობს ეკონომიკური ბერკეტებით უზრუნველყოს მისი მორჯულება და არა მარტო რუსეთის, არამედ რუსეთის მოკავშირე ირანისაც. ამ მიზნებს ემსახურებოდა ბოლტონის კავკასიაში ვიზიტი.
თბილისში მისი ყოფნის დროს იყო ისეთიც, რომელიც საჯაროდ არ გამოტანილა – მაგალითად, რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც თბილისი ახორციელებს დამოუკიდებლობის მიღებიდან. ირანთან პოლიტიკის გამკაცრება და აშშ-ის კურსის მხარდაჭერა ირანის იზოლაციასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, თბილისმა უკვე გადადგა ნაბიჯები – ბანკების მიერ ირანთან ოპერაციების გაუქმების თვალსაზრისით.
ერევანში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ფაშინიანთან შეხვედრის დროს მან ხაზი გაუსვა „ისტორიული კლიშეების“ ანუ რუსეთთან ურთიერთობების თავიდან აცილების საკითხს. ბოლტონმა ისიც შესთავაზა სომხებს – რუსეთის ნაცვლად იარაღი ამერიკაში იყიდონ, ვინაიდან ამერიკული უკეთესია რუსულზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთ-ირანის ურთიერთობებს – მათი შემდგომი შემცირების მიზნით. არადა, სომხეთისთვის ირანთან ურთიერთობა აუცილებელია, ვინაიდან ლამის კუთხეში მომწყვდეულს, რომ არა ირანთან არსებული დერეფანი, გაუჭირდებოდა.

ირანის იზოლაციის თემა ბოლტონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან მოლაპარაკების დროსაც გააჟღერა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა აშშ-ის რეალური პოლიტიკა, დაფუძნებული სხვის საშინაო საქმეებში ურცხვ ჩარევაზე.
5 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ირანის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. რას მოუტანს ის მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა ირანს – აწმყო და უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
დასავლეთ — რუსეთ-ჩინეთ-ირანს შორის დაპირისპირება კრიტიკულ ფაზაში შედის, რაც მოგვიწოდებს საზრიანი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა დიდთა ჭიდილში არ გავიჭყლიტოთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *