ლალი ცერაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ჯაბა იოსელიანთან, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა

5,989 წაკითხვა

„მედიაპრესი“ ექსკლუზიურად აქვეყნებს ინტერვიუს „საქართველოს მხედრიონის“ ხელმძღვნელ ჯაბა იოსელიანთან, რომელიც  ჟურნალისტმა ლალი ცერაძემ, 1994 წელს ჩაწერა და დღემდე ის არცერთ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა.

ჯაბა იოსელიანი – „ალბათ ჩვენც მოგვიგონებენ…“

ბატონო ჯაბა, „მხედრიონის“ პატრიოტულმა კრებულმა 1988 წლიდან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში – არც პოლიტპატიმრობა გაკვირვებია, არც დევნას და შევიწროებას შეუშინდა. „მხედრიონის“ ბირთვმა ღირსეულად ატარა თავისი ტვირთი და მართლის თქმის პრინციპით ეცადა თავისებური ელფერი და მიმართულება მიეცა იმდროინდელი სხვადასხვა პოლიტიკური დაპირისპირებებიდან გამოსასვლელად.

ამ დამსახურების მიუხედავად, ჯერ კიდევ კომუნისტების და შემდეგ ზვიად გამსახურდიას დროიდან გაუწყვეტლივ მიმდინარეობა “მხედრიონის” დევნა. ყველასათვის ცნობილია ასევე ის ხერხები და მეთოდები, რომლითაც მხედრიონელთა დისკრედიტაციას ეწევიან. და მაინც „მხედრიონი“ იმ პირველთაგანია, ვინც პირისპირ დაუდგა მტერს სამაჩაბლოში, აფხაზეთში და ბოლომდე პირნათლად შეასრულა თავისი მხედრული და მამულიშვილური ვალი. არავისთვის უცნობი არ არის, რამდენი „მხედრიონელის“ სიცოცხლე შეეწირა ამ საქმეს…

და ჩნდება, ერთგვარი, გულსშემძვრელი განაწყენების გულისტკივილი, რაც ნაომარ თაობას აწუხებს..

„მხედრიონელები“ თითქმის ყოველთვის განაწყენებული ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ერის ინტერესები და საქართველოს ინტერესები დავთმოთ ვინმეს უმადურობის გამო. იყო და არის მომენტები, როცა ჩვენ ზოგი შურით, ზოგი მტრობით, როდესაც რაღაც გადამწყვეტ საქმეს ვაკეთებთ, სწორედ მაშინ და შემდეგაც რაღაც პროვოკაციებს გვიწყობენ. ბუნებრივია განაწყენდები, როდესაც ჩამოხვალ ომიდან, იმ საშინელებიდან და იმის ნაცვლად, რომ შენივე ხალხმა კეთილად მიგიღოს, იწყება ცილისწამებები, განუკითხავი მოქმედება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ეს, ბუნებრივია, აღიზიანებთ ნაომარ ბიჭებს, რომლებიც მოელიან, რომ მათ შეხვდებიან, როგორც გმირებს და ამის ნაცვლად მათ ხვდებიან, როგორც ვიღაც მაწანწალებს…

მინდა გითხრათ, რომ “საქართველოს მხედრიონი” 1988 წლის მიწურულში დაახლოებით სულ ოც კაცს აერთიანებდა. თავდაპირველად ეს იყო კომუნისტური მმართველობის პირობებში თანამოაზრეთა პატარა არალეგალური გაერთიანება, რომელსაც სურდა მიეღო მინაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ქართული ეროვნული მენტალობის აღორძინებაში, დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ქართული ინტერესების დაცვაში და სეპარატისტული ტენდენციების შენელებაში და დაპირისპირებების მოგვარებაში.

მაშინ კი ჯერ კიდევ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიაში ვიყავით და ჩვენს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის მაშინდელი პოლიტელიტა უპირისპირებდა საბჭოთა ჯარს და ძალოვან უწყებებს. და, ამავე დროს, უპირისპირებდა რა ქართული მხარის მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნის წამოყენებას, რეგიონებში აღვივებდა სეპარატისტულ მისწრაფებებს. კომუნისტური ჩინოვნიკების არეულობის მოწყობის მცდელობებს კარგად აყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში შემოგზავნილი პირები და ისინი შემდეგ თავისი ქსენოფობიური განცხადებებით სხვა ეროვნებების მიმართ – აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებთან, ლეკებთან, რუსებთან, უფრო და უფრო ამწვავებდნენ დაპირისპირებას. ასევე ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ პიროვნებები და შემდეგ ორგანიზაციებად გაერთიანებული ძალები, რომლებიც მათთან მოლაპარაკებას არჩევდნენ უხეში ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებას, შეურაცხოფდნენ სხვა ერებს და ხალხებს და დაიწყეს მათი ფიზიკური განადგურება და შევიწროვება. ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ამის გამო დატოვა საქართველოს ტერიტორია.

ჩვენი პოზიცია იყო არა ვითარების ესკალაცია და სხვა ერების დაჩაგვრა და შევიწროება, არამედ მათ ჩვენს თანამოქალაქეებად ვთვლიდით და ვცდილობდით მათი არასწორი დამოკიდებულება და ქმედებები მიმართული ქართული სახელმწიფოს ერთიანობის რღვევისაკენ შეგვეჩერებინა არგუმენტირებული ახსნა-განმარტებებით და გარკვეულწილად ძალის დემონსტრირებითაც, რადგან სეპარატისტები აგროვებდნენ მომხრეებს და აიარაღებდნენ. “საქართველოს მხედრიონი” ამ ორივე მტრულად განწყობილი მხარეს შუაში აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ მოგვიწია მათთან პოლიტიკურ და ფიზიკურ დაპირისპირებაში ყოფნა.

დაიწყო პირველი სახალხო გამოსვლები, აქციები, დემონსტრაციები, გაფიცვები ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ჩვენც ვცდილობდით მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი თანამოქალაქეები ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან. სწორედ ამიტომაც, გამოვეხმაურეთ საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძეს თხოვნას და 1989 წლის 9 აპრილს გავყევით აფხაზეთში. ამ დროს აქ ტარდებოდა რუსეთის საწინააღმდეგო და დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო მიტინგები და ამის გამო შეიქმნა დაძაბულობა რუსეთის და სეპარატიზმის მომხრე, ადგილობრივ აფხაზ მოსახლეობასთან, რომელთაც სურდათ ქართველი მოსახლეობის დაშინება და შანტაჟი. მიტინგებმა 8 აპრილს გულრიფშში და 9 აპრილს სოხუმში ჩაიარა მშვიდობიანად და, საუბედუროდ, თბილისში რუსის ჯარის მიერ მხუთავი გაზებით და ალესილი ნიჩბებით დარბეული იქნა ქართველების მიტინგი. დაიღუპნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, უმეტესად ქალბატონები. ჩვენი ბიჭები ბოლომდე იქ იდგნენ და ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მათ შორის – ექიმებიც.

ჩვენ ვცდილობდით პრობლემები მოგვეგვარებინა, არამარტო აფხაზეთში. მინდა გაგახსენოთ ბოლნისში და მარნეულში განვითარებული დაპირისპირება ქართულ-აზარბაიჯანულ მოსახლეობას შორის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს 1989 წლის ივნისში. სეპარატისტების ჯგუფს სურდათ “ბორჩალოს რესპუბლიკის” გამოცხადება და, მიუხედავად დევნისა, მაინც ჩავაღწიეთ ადგილზე და მარნეულში, ბოლნისში და თამარისში დაპირისპირება მოლაპარაკებებით ჩავაქრეთ. ჩვენ მათ ვუხსნიდით, რომ საქართველო ეს ჩვენი საერთო სამშობლოა და არ უნდა ავყოლოდით რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს და ერთად გვებრძოლა სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

საუბედუროდ, უკვე 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტთან აფხზებსა და ქართველებს შორის პირველი სისხლი დაიღვარა და დაზარალდა ორივე მხარე. საბჭოთა მილიციამ და რუსის ჯარმა გადაკეტა მდინარე ღალიძგასთან გზა და იძულებული გავხდით ცხრამეტ საათში აფხაზეთ-სვანეთიდან დალის ხეობით ქართველების გვერდში დასადგომად გადავსულიყავით და კონფლიქტის გაღრმავება მოლაპარაკებებით შევაჩერეთ კიდეც.

ასევე, ეთნოდაპირისპირება დაიწყო სამაჩაბლოშიც და 1989 წლის 23 ნოემბერს ვითარების ნორმალიზებისათვის იქ ორი კვირა დავრჩით. ოსების სეპარატისტული ორგანიზაცია “ადამონ ნიხასი” აღვივებდა ორ ეროვნებას შორის შუღლს და მტრობას. შერიგების და მდგომარეობის დარეგულირების მსურველთა მიერ, გადაწყდა ჩატარებულიყო გაერთიანებული მიტინგი ცხინვალში და ამ თავყრილობაზე იქნებოდა საუბარი ერთა ურთიერთპატივისცემზე და სიყვარულით თანაცხოვრებაზე. “საქართველოს მხედრიონს” პროვოკაციის აღკვეთის მიზნით უნდა დაეცვა ეს ორმოცდაათიათასკაცინი მიტინგი, მაგრამ რუსების, ქართული კომუნისტური პარტიის მესვეურების ჩარევით და ზვიად გამსახურდიას მოლაპარაკებით მიტინგი ცხინვალის მოედანზე არ შედგა. ქართული მხარე არ შეუშვეს ქალაქში. შესასვლელთან მოსახლეობა მაინც ორად გაიყო და ფაქტიურად ჩატარდა ორი ურთიერთმბრალდებელი და აჟიტირებული მიტინგი. და ვითომდა მდგომარეობის დაწყნარების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით ოსების და ქართველების შუაში ჩადგა რუსის ჯარი.

ამასთან, ჩვენ მოგვიტანეს ამბავი, რომ აპირებდნენ ქართული მოსახლეობის დარბევას და ამიტომ და განვლაგდით ქართულ სოფლებში. მართლაც, ღამით ჯაველი ოსები 89 კაცის შემადგენლობით წამოვიდნენ სროლა-სროლით და ჩვენი სოფლები დაცხრილეს, ჩვენი ბიჭები და მოსახლეები დაიჭრნენ. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ექვსმა კაცმა შევძელით მათი განიარაღება, დავაკავეთ კიდეც და შემდეგ უკვე ოს ლიდერებთან ერთად მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ შეწყვეტილიყო ეს უაზრო დაპირისპირება, პიკეტები მოვხსენით ორივე მხარეს და მშვიდობიანი თანაარსებობა დაიწყო. მაგრამ სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ ოსების წინააღმდეგ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების მომხრე და სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა ჩვენს შორის პირველი განხეთქილება.

ჩვენს პოზიციებს თანდათან უფრო მეტი და მეტი ადამიანი იზიარებდა. ჩვენი ორგანიზაციის კარები ღია იყო ყველა საქართველოს მოყვარული ყველა ეროვნების წარმომადგენლისათვის და უკვე 1990 წლის თებერვალში “საქართველოს მხედრიონმა” უკვე თავისი მოქმედების მემორანდუმი გამოაქვეყნა და შავნაბადას ეკლესიაში ფიცი დავდეთ სამშობლოს ერთგულებაზე და საქართველოს ინტერესების დაცვაზე. ჩვენი ურთიერთობა ქართულ საზოგადოებაში ამით დაიწყო – ლოცვით და ფიცით.

და რადგან, ვატყობდით, რომ თვით ქართველებში იქმნებოდა რაღაც არასასურველი დაპირისპირება, ეროვნული თანხმობის სურვილით 1990 წლის 19 მარტს ჩავატარეთ შერიგების და პატიების დღე. სიონის ტაძარში ლოცვა აღვავლინეთ და მივიღეთ ურთიერთპატივისცემის დეკლარაცია. პატრიარქმა დაგვლოცა და მხოლოდ ერთი კაცი არ მოვიდა – ეს იყო ზვიად გამსახურდია.

ჩვენი ქმედების მართლზომიერების ვისაც სჯეროდა გვიკავშირდებოდნენ და გვთხოვდნენ გვერდში დგომას. მაგალითად, 1990 წლის 26 მაისს აფხაზეთიდან დაგვირეკა ჯონი ლატარიამ და გვთხოვა დავხმარებოდით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგის დაცვაში. ჩვენმა თამაზ ყურაშვილმა, ზაზა ვეფხვაძემ, გია სვანაძემ, გიგა არველაძემ, ბადრი ფირცხელიანმა კარგად გაართვეს თავი სიტუაციის განმუხტვას და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. უსისხლოდ ჩავშალეთ აფხაზების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა პროვოკაციული ღონისძიებები.

და როდესაც საქართველოს საზღვარს მოადგა 1990 წლის ზაფხულში მესხეთიდან გადასახლებული თურქები ვითომდა რაღაც “მშვიდობიანი მარშით”. მათ შესაჩერებლად ლესელიძეში მდინარე ფსოუს ნაპირებზე დაბანაკდა მთელი პატრიოტული ორგანიზაციები და ამის მოთავე იყო სწორედ “საქართველოს მხედრიონი”. ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა. გზად უკვე გუდაუთაზეც კი გადმოვიარეთ. მაშინ უკვე 1200 კაცამდე ვიყავით გაერთიანებული. შემდეგ “საქართველოს მხედრიონის” ინიციატივით ჩატარდა სამდღიანი შეკრება მარტყოფის სამხედრო პოლიგონზე, სადაც დაესწრო ყველა პატრიოტული სამხედრო შეიარაღებული და ძალისმიერი არაფორმალური ორგანიზაციების წარმომადგენელი. მიზანი იყო მათი გაერთიანება და ორგანიზება რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაციის და საშიშროების შემთხვევაში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული ძალების მხარდასაჭერად. ასე დავიწყეთ…

ბატონო ჯაბა, დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, გამართლებული იყო თუ არა სამხედრო გზით საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაყენება. იქნებ ჯობდა მისი მმართველობის წინააღმდეგ პოლიტიკური მეთოდებით გაგრძელებულიყო ბრძოლა?

ჩვენ ზვიად გამსახურდიასთან გვქონდა დაპირისპირება პოლიტიკურ საკითხებზე, არასწორ იდეოლოგიაზე, მმართველობის მეთოდებზე ხელისუფლების უზურპაციაზე. მან შეითავსა საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები და სულ რამდენიმე თვეში სახეზე იყო ქვეყნის განვითარება არა სახელისუფლებო დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა-გაძლიერებისაკენ, ადამიანის უფლებების დაცვისაკენ და საკანონმდებლო ბაზის შექმნისაკენ, არამედ პირიქით. ეს იყო ზვიად გამსახურდიას პატივმოყვარეობიდან ამოსული პათოლოგიური სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, რის მისაღწევადაც იგი ყველა მეთოდს ხმარობდა. რაღაც გარიგებებით კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან და არა მარტო გაემიჯნა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულ ეროვნულ-პატრიოტულ ძალებს, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც გამოუცხადა. ზ. გამსახურდიამ შექმნა პარტია “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო”. მიიღო მონაწილეობა კომუნისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებში და უზენაესი საბჭოში მათთან ერთობლივი ტაშისკვრით გახდა თავმჯდომარე. შემდეგ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და მათვე თავი პრეზიდენტად აარჩევინა ისე, რომ არც კი ჩაატარა რეფერენდუმი უნდოდა თუა არა ამგვარი მმართველობა საქართველოს მოსახლეობას. საპარლამენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოიღო საპრეზიდენტო მმართველობა და მოკლე ხანში დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი. გარკვეულწილად კონსტიტუცია მოირგო თავის თავზე.

“ეროვნულ ფორუმში” დარჩენილმა ორგანიზაციებმა მთელ საქართველოში ჩაატარეს არჩევნები და დააფუძნეს “ეროვნული კონგრესი”, რომლის სამოქმედო პროგრამას შეადგენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ხელისუფლებასთან დიალოგის მეშვეობით ქვეყნის ბედ-იღბლაში მონაწილეობის მიღება. გამსახურდიამ ისინი უშიშროების აგენტებად გამოაცხადა და დევნა დაუწყო.

ზვიად გამსახურდიამ თავისთვის ძალოვან საყრდნად შექმნა “ეროვნული გვარდია” და ყველა ძალოვანი უწყება დაიქვემდებარა პირადად. და სხვა მართვის მეთოდების მომხრე პარტების და პიროვნებების დარბევა და დაშინება დაიწყო სწორედ მათი მეშვეობით. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით და ამიტომაც მათ დაგვაპატიმრეს. საინტერესოა, რომ ზ. გამსახურდიას ბოლოს სწორედ თავის გვარდიასთან მოუხდა დაპირისპირება. 1991 წლის დეკემბერში ამ ორ ნაწილად გაყოფილი გვარდიის მესვეურებმა დაიწყეს კიდეც სამოქალაქო ომი, რომელიც შემდეგ მოედო თბილისიდან დასავლეთ საქართველოს, აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ზ. გამსახურდიამ ვერ დაალაგა ურთიერთობა რუსეთის, ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან, რომელთაც, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ მისი ლოზუნგები სხვა ერების დისკრიმინაციის, რელიგიათაშორის დაპირისპირების, ეკონომიკური მართვის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

მიუხედავად ამისა არასოდეს მსურდა საქართველოში განხორციელებულიყო სამხედრო მეთოდებით ხელისუფლების ცვლა. თავისი მმართველობის ათი თვის თავზე მან დაიპირისპირა მთელი ქართული საზოგადოება, ეკლესია, პარტიები, კუთხეები, მოქალაქეები, ოჯახები და ბოლოს საკუთარი თანაგუნდელებიც კი გადაუდგნენ. ამან გამოიწვია სამხედრო დაპირისპირება და თბილისის ომიც. მას არავისთან არ სურდა დიალოგი. არ მოდიოდა არანაირ შეთანხმებაზე, არავის აზრს არ ითვალისწინებდა, საერთოდ არ გელაპარაკებოდა. ყველა დააპატიმრა, ვინც მას არ ეთანხმებოდა. ბოლომდე ვეუბნებოდით – მოდი დავილაპარაკოთ, შევთანხმდეთ. დაიწყო ჩვენი ბიჭების დარბევები, ცილისწამების კომპანიები და ამისთვის იყენებდა უკვე რუსეთის ჯარს და ძალოვანებს. ამის გამო, 165 კაციანი შიმშილობის აქცია მოვაწყეთ ოპერის ბაღში ლოზუნგით “ეროვნული ძალები და უზენაესი საბჭო დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს”, “შეწყვეტილიყო ჩვენს მიმართ ცილისწამება და სამაჩაბლოში კი – სისხლისღვრა”. 8 დღის შემდეგ შეგვაწყვეტინეს შიმშილობა, მოგვატყუეს და შეთანხმების ნაცვლად 1991 წლის 18 თებერვალს ჩვენი ბიჭები რუსების ჯარის დახმარებით დაარბიეს “შავნაბადაზე” და შემდეგ დააპატიმრეს პოლიტიკური ლიდერები და მათ შორის მხედრიონელებიც.

შეიძლება, ჩემი აზრით, დავუშვათ რომ, ხალხი დაინახავდა მისი რეჟიმის უსუსურობას და მაისის თვისთვის მისი რეიტინგი საბოლოოდ დაეცემოდა. მაგრამ თვითონ არ მოიცადა, რა ვიცი რას მიხვდა? მაგრამ მან თავად წინ გაუსწრო მოვლენებს და თვითონ ატეხა სროლა და ომი და რა? არ უნდა ეპასუხათ? მე, პირადად, სამოქალაქო ომს და სისხლისღვრას და მდგომარეობის უფრო გართულებას, პატიმრობა ვარჩიე. დამაკავეს 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გამაფრთხილეს ჩემი დაკავების შესახებ და შემეძლო გავრიდებოდი. ჩვენ სამხედრო წინააღმდეგობის გაწევაც შეგვეძლო, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვით და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით გვინდოდა ბრძოლა.

1991 წლის 21 დეკემბერს დაწყებული ზ. გამსახურდიას და თავისივე თანამებრძოლების ურთიერთსროლას ბოლო ისევ “მხედრიონმა” მოუღო. გამოსვლისთანავე დავამთავრე ეს სისხლისღვრა უფრო მეტი სისხლი რომ არ დაღვრილიყო. და როდესაც ვაჟა ადამიას “მერაბ კოსტავას საზოგადოებამ” მოხსნა თავისუფლების მოედნის პიკეტი, პიონერთა სასახლის ტერიტორიიდან ჩავებით ბრძოლაში მხოლოდ 28 დეკემბერს, რადგან სხვაგვარად უკვე შეუძლებელი იყო – მხარე ან აქეთ უნდა აგერჩია, ან იქეთ. თბილისის ომის დროს დაიღუპა ჩვენი შესანიშნავი სტუდენტი ბიჭი სანდრო შაიშმელაშვილი. ის იყო მხედრიონიდან პირველი მსხვერპლი. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ და მისმა გარემოცვამ დატოვა მთავრობის სასახლე და საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდგომში შეეძლო კიდევ ეცადა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, მაგრამ მან კვლავ სამხედრო დაპირისპირება არჩია. ასე იყო…

ბატონო ჯაბა, როგორ გაიხსენებდით დასავლეთ საქართველოში “მხედრიონის” და გვარდიის წასვლას ფოთის გზის გასახსნელად და ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ წალენჯიხაში თქვენზე განხორციელებულ თავდასხმას?

თბილისის ომის შემდეგ რთული ვითარება შეიქმნა დასავლეთ საქართველოში.

იმ მოკლე პერიოდში არაერთი გამსახურდიას მომხრე გავათავისუფლეთ და დავინდეთ. გამოვაცხადეთ ამინისტიაც, მაგრამ რევანშისტებმა მაინც გადაკეტეს გზები და აღმოსავლეთ საქართველოს და თბილისის მოსახლეობას ეკონომიური კოლაფსი დაემუქრა. ტვირთები აღარ შემოდიოდა, დაიწყო ძარცვა-გლეჯა, ფაქტიურად ხალხი შიმშილობდა. ამას დაერთო სასტიკი ზამთარი და თოვლი. დივერსიები შუქის გადამცემ ხაზებზე. ჩაბნელდა ყველაფერი. სასწრაფოდ უნდა გაგვეხსნა გზა და ამ საქმის მოსაგვარებლად “მხედრიონში” უამრავი მოხალისე ჩაეწერა. ჩემი აზრით, ეს იყო მოქალაქეობრივი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის გამოვლენება. ჩვენ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოგვიწია ფოთის გზის გათავისუფლება 1992 წლის იანვარში, შემდეგ აპრილში მაშინ შესანიშნავი ახალგაზრდები დაიღუპნენ: დავით გადრანი, თენგიზ აფრასიძე, ლევან ტატიშვილი, კობა გაგიშვილი, ზვიად ბეგიაშვილი, იასონ ჭილაია და სხვები. ბოლოს და ბოლოს გზა გავხსენით.

ახლა რევნშისტებმა მოაწყეს თბილისში დივერსია და 1992 23 ივნისს ტელევიზიაშიც შეიჭრნენ. ჩვენმა ბიჭებმა ისევ იმარჯვეს, ბევრი მათგანი დაიჭრა კიდეც. 1992 წლის ივნისის ბოლოს კი, კვლავ დასავლეთ საქართველოში მოგვიწია გზების გასახსნელად წასვლა.

ეს გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო საბჭომ. თუმცა ბევრი ამის წინააღმდეგი იყო. იმიტომ რომ სხვა აზრები ჰქონდათ… მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მდგომარეობის დასარეგულირებლად, რესპუბლიკის სასიცოცხლო ობიექტების დასაცავად, ჩვენ სამეგრელოსკენ ავიღეთ გეზი. ქალაქებში ვხვდებოდით მოსახლეობას და ვურჩევდით მათთვის სასურველი ღირსეული პირები აერჩიათ დროებით მმართველებად, სანამ რამედენიმე თვეში ახალი არჩევნები ჩატარდებოდა და ქვეყანა დალაგდებოდა. ამისთვის წავედით…

და ამჯერად ზუგდიდის რაიონში ღრმად შევედით. სამ ნაწილად გავნაწილდით: ერთი დავტოვეთ ხობში (სამოცდაათ კაცამდე ჩავაბარეთ გიგა არველაძეს). უნდა აღინიშნოს, რომ ხობში საქმისამდი იყო ყოველთვის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამიტომ აქ დიდი შრომა არ დაგვჭირვებია. დანარჩენი, ასორმოცდაათ კაცამდე ავედით ჩხოროწყუში. შევხვდით აქ მოსახლეობას, ჩავატარეთ კრება. სხვათა შორის კარგად მიგვიღეს. ზვიადისტებმაც კი, როდესაც ნახეს ჩვენი პოზიცია რეალური და საფუძვლიანია, ჩვენს მხარეს დაიწყეს გადმოსვლა. ყველაფერი მოგვარდა: აირჩიეს თავისი ადგილობრივი გამგებელი გვარად გოგუა (შემდეგში იგი დაიღუპა), აღადგინეს გაუქმებული მილიცია, რომელიც მანამდე დატერორებული ყავდათ. ორმოც კაცამდე დავტოვეთ ადგილზე და აქედან ავედით წალენჯიხაში.

ჩხოროწყუში უკვე მოგვივიდა ხმები, რომ თავდასხმა უნდა მოეწყოთ, მაგრამ იქ კარგი მდებარეობა გვქონდა და ასე იოლად ვერ მოგვეკარებოდნენ. ამიტომ ეს თავდასხმა ეტყობა არ შედგა. ამის მიუხედავად ჩვენ ვცდილობდით გამსახურდიას შეიარაღებულ ხელმძღვანელებთან უსისხლოდ როგორმე მოგვეგვარებინა საქმე.

მოსახლეობა წალენჯიხაში კარგად შეგვხვდა. გადაწყდა, რომ ორშაბათს ისეთივე შეხვედრა მოგვეწყო ადგილობრივ საზოგადოებასთან, ხალხთან, როგორც ჩხოროწყუში და გველაპარაკა მტკივნეულ საკითხებზე. ბანდიტური ფორმირებები გასული იყვნენ და ერთი გასროლაც კი არ მომხდარა. დავბინავდით პროფტექნიკუმში და 6 ივლისს ღამით, ზუსტად ხუთ საათზე, მძინარეებს დაგვესხნენ თავს.

ჩვენს გარშემო იყო საცხოვრებელი სახლები. თურმე პირველ საათზე შემოსულან ქალაქში და მოსახლეობა ზოგი გაყარეს, ზოგი სარდაფებში ჩაყარეს და ჩასხდნენ მათ ოთახებში. შეკრებილან მთლიანად ექსპრეზიდენტის მომხრე ყველა შეიარაღებული ჯგუფი ერთად. ვერ დავაზუსტეთ რამდენნი იყვენენ – ზოგი სამას ამბობს, ზოგი – ოთხას კაცს. ყველა თანამედროვე იარაღს გვიშენდნენ: ავტომატს, ნაღმმტყორცნს, “ალაზანს”, ხელყუმბარებს. ყველაფერი დაგვაყარეს. ჩვენ ოცდაათ ორმოც მეტრში ვიყავით მათგან გარემოცული. ერთბაშად ყველა მხრიდან შემოგვიტიეს. დაჭრეს ბიჭები, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო, რომ გავიგეთ ჩვენი საყარაულოს კახელი ბიჭები დაუხოციათ – ყველას ყელი ქონდა გამოჭრილი.

პირველივე წუთებში ჩემს ბიჭებს ავუკრძალე საპასუხო სროლა. იმიტომ რომ ბნელოდა და ვიცოდით, რომ წინ მოსახლეობა იყო და ჩვენი საყარაულო მანქანები იდგა. მათ ბრმად ხომ არ ვესროდით? საათ-ნახევარი პასუხი არ გაგვიცია. გამთენიისას, როცა დავინახთ, რომ მოსახლეობა იქ არ არის, გავხსენით ცეცხლი. ველოდით ჩხოროწყუში და ხობში დატოვებულ მაშველს. მაგრამ მათ გზაზე გადაეღობნენ, აუფეთქეს ხიდი, ჯავშანტრანსპორტიორიც გადაუბრუნდათ და ამიტომ შეაგვიანდათ. ცხრა საათიანი გაცხარებული ბრძოლის შემდეგ, მაშველმა მოგვისწრო ჩხოროწყუდან და მომხდური გაიქცა. ჩვენ ამ ბრძოლაში რვა ვაჟკაცი დავკარგეთ. გამსახურდიას მომხრეებმაც ბევრი დანაკარგი ნახეს და გავდევნეთ. შემდეგ დავიწყეთ რაზმების გაგზავნა ღრმა სოფლებში და ტყეში მათი სადგომების მოსაშლალად და მე ვიტყოდი, ამ ბანდიტების, განსაიარაღებლად. კიდეც შემოგვითვალეს დანებება.

ჩვენდა გასაკვირად საპასუხოდ თბილისში ატყდა ერთი ამბავი. ამას აკეთებდნან პარტიები და ე. წ. “ჩუმი ზვიადისტები”.

რომ ჩვენ ვითომ გენოციდს ვუწყობდით მეგრელ მოსახლეობას, ვითომ ისეთ რამეს ვჩადიოდით რაც არ გვეკადრებოდა, ვითომ ვმარადიორობდით. ეს სინამდვილეს არ შეეფერებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობიდან ერთი კაციც არ დაღუპულა. დაიწვა რამდენიმე სახლი და ესეც იმის გამო, რომ საპასუხო სროლისას შესაძლოა სახლიც დამწვარიყო. რამდენიმე მანქანა მართლაც იყო წაყვანილი და ესეც იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი მანქანები სულყველა დაიბუგა და განადგურდა. და სამოძრაოდ კი ტრანსპორტი გვჭირდებოდა. იმათ კი სამი-ოთხი ნაყაჩაღარი მანქანა ეყენათ სახლში და დატაცებული ვაგონებიდან ტვირთი. პატრონები კი გაქცეულები იყვნენ. უმეტესობა მანქანების, ბიჭებმა შემდეგ დააბრუნეს კიდეც.

მოკლედ ბანდფორმირებების დანებების მოლაპარაკება ჩაგვიშალეს და გვიბრძანეს გამოსვლა. ამით დაღუპეს ყველაფერი. შექმნეს რაღაც კომისია, რომელსაც ჩვენი ქმედების მართლზომიერება უნდა გამოეკვლია. არ ვიცი რა უნდა გამოეკვლია და საბოლოოდ ვერც გამოიკვლიეს ვერაფერი. ბატონმა ედუარდ შევარდანძემაც მთხოვა გამოყვანა ბიჭების და მითხრა, რომ იქ შევიდოდა მილიცია და ის დაამყარებდა წესრიგს. ჩვენ სულ ასი კაცი ვიყავით დარჩენილი დაიღუპნენ, დაიჭრნენ ბიჭები. ზოგიც სახლებში გავუშვით. ასე რომ სამასი მილიციის თანამშრომელი ჩამოვიდა და ჩვენ, რომ წამოვედით მეორე დღესვე მოკურცხლეს და გამოიქცნენ იქიდან.

მერე რევანშისტებმა დაიწყეს ნელ-ნელა შემოსვლა, რადგან გული მიეცათ და იარაღის ჩაბარება კი არა და უფრო გაძლიერდნენ. დაიწყეს თანამდებობის პირების დატყვევება. ჩვენს შესამოწმებლად წამოსული ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო კავსაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, მოადგილე დათო სარალიძე და ბევრი კიდევ სხვა ტყვებაში ყავდათ და საკუთარ თავზე იწვნიეს რა “მშვიდობიან” მოსახლეებს ექომაგებოდნენ.

რევანშისტების ბანდა გახდა ორმოცდაათი კაციდან ასი კაცი, შემდეგ – ორასი, შემდეგ ათასი და დაიწყო კიდეც აფხაზეთის ომი. ჩემთვის წალენჯიხაში ხელი რომ არ შეეშალათ, დამთავრებული იყო საქმე. გზა გაიხსნებოდა და შემდეგ ეს ტრაგედიები არ მოხდებოდა. (აღსანიშნავია რომ უკვე 2003 წლის ნოემბერში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ნაციონალი მიხეილ სააკაშვილი გაურიგდა კიდეც გამსახურდიას მომხრეებს და სწორედ მათთან ალიანსში დაამხო ედუარდ შევარდანძის ავტორიტარული რეჟიმი და კლანური მმართველობა. თბილიისკენ მომავალ მათ ავტობუსს დიდი ტრაფარეტი ეკეთა სწორედ “წალენჯიხას” სახელწოდებით. ავტორი ლ. ც.)

ბატონი ჯაბა, საუბედუროდ, აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო სამხედრო მოქმედებები. თქვენ, ისევე როგორც სამაჩაბლოში, ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგი იყავით. შეიძლება ბევრს არ მოსწონდა თქვენი ამგვარი პოლიტიკური ხედვა და საბოლოოდ მაინც ვერ შეაჩერეთ სისხლისღვრა და დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

როდესაც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და სოხუმში პირველი ტყვია გავარდა, “მხედრიონი” იქ არ ვყოფილა. ჩვენ ვიყავით ომის წინააღმდეგი პირველივე დღიდან, მაგრამ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. და უფრო მეტად რომ არ გამწვავებულიყო ვითარება ჩავედი სოხუმში და ვცადე მოლაპარაკება აფხაზებთან მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი ასე ფიქრობდა და გამომეხმაურა, შევხვდით კიდევაც, მაგრამ საბოლოო შეხვედრაზე არ გამოცხადდა ვლადისლავ არძინბა და ჩაიშალა ყველაფერი.

მე ჯერ კიდევ მქონდა დაზავების იმედი და როდესაც გაგრიდან დამირეკა ბადრი ფირცხელიანმა და რჩევა მკითხა შემდგომი მოქმედების შესახებ, მივუგე, რომ გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა ამ პროვოკაციას არ ავყოლოდით. მაინც სოხუმის ინციდენტის მოკლე დროში დასრულების იმედი მქონდა. საუბედუროდ, სოხუმის საომარი მოქმედებები, იმხანად მხოლოდ ინციდნტი მეგონა. გაგრაში ძალიან დაიძაბა ვითარება. ბადრიმ ტელეფონით დამაკავშირა გაგრის აღმასკომის თავმჯდომარესთან ეროვნებით აფხაზთან, არძინბას ნათესავთან რუსლან იაზიჩბასთან და მე ვუთხარი – მოდით ნუ ავყვებით სროლებს სოხუმში. წყნარად იყავით და ერთმანეთს არ დაერიოთ მეთქი. იმ წუთას ის ვითომ დათანხმდა, მაგრამ ორ-სამ დღეში გავიგე გუდაუთაში გაიქცა.

აფხაზებმა გაგრაში შექმნეს რაღაც სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფება, ე. წ. “აფხაზური გვარდია” მდინარე ფსოუს საზღვარზე და ბიჭვინთაში. დაბა განთიადთან ინციდენტიც მოხდა დაიწყო სამხედრო დაპირისპირება. ბადრი ფირცხელიანი დამეკითხა, რა ეღონა. მე ვუთხარი რომ გაეტარებინა ეს ჯგუფი გუდაუთაში, რადგან მსხვრპლი არ გვინდოდა და გაატარეს კიდეც, რა თქმა უნდა უიარაღოდ.

შემდეგ მაინც უფრო მეტად გამწვავდა სიტუაცია. ჩვენ სამხედრო ხელმძღვანელობას ვუმტკიცებდით გაგრის სტრატეგიულ მნიშვნელობას. რომ საჭირო იყო ქალაქის გამაგრება, რადგან იქ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ბზიფის ხეობის გამოვლით უკვე შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯურის დაქირავებული მკვლელები.

ჩემი არგუმენტი ამის შესახებ შემდეგი იყო: სჯობს გაგრიდან დავიძრათ ქვევით გუდაუთისკენ და ზურგი (ე. ი. საქართველოს საზღვარი) გავამაგროთ, ვიდრე სოხუმიდან დაგვეწყო ზევით მოძრაობა. გაგრის დაკარგვით ჩვენ ვკარგავდით ყველაფერს, რადგან საზღვარი იხსნებოდა და შემდეგ ეს კიდეც ასე მოხდა. ჩვენ ყოველდღე ამაზე მივუთითებდით – დავიცვათ გაგრა, მაგრამ არავინ არაფერი არ გააკეთა და ჩემი მოსაზრებებიც, სამწუხაროდ, არავინ არ იღო ყურად.

შემდეგ გაგრაში 1992 წლის 14 აგვისტოს უკვე გადაისხა გვარდიის პირველი დესანტი და ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ. სახეზე იყო სამხედრო დაპირისპირება. და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად “მხედრიონსაც” დაგვიანებით 20 აგვისტოსთვის მოუწია ჩასვლა. თბილისიდან 200 მოხალისე წამომყვა და გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. გაგრა სიხარულით შეგვხვდა. ერთ თვეზე მეტი დავრჩით. ავიღეთ ძირითადი სიმაღლეები ბიჭვინთის გადასახვევამდე და პერიმეტრის დამცავი რკალი შევკარით. 29-30 აგვისტოს კოლხიდის შტურმზე ძალიან ვაჟკაცი ბიჭები დაგვეღუპნენ: ამირან პაპუნაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, მიშიკო ბურძგლა, ვალერი კაპანაძე, გია ბაინდურაშვილი, პავლიკა იოსელიანი და სხვადასხვა ფორმირების ალალი ბიჭები ღმერთმა აცხონოთ. და სწორედ მათმა თავდადებამ მოიტანა ის, რომ 3 სექტემბერს აფხაზებმა მოსკოვში ედუარდ შევარდანძესთან გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. გადაწყდა, რომ “მხედრიონს” უნდა დაეტოვებინა ქალაქი და გამოვედით კიდეც პოზიციებიდან. 30 კაციანი პატარა რაზმი მაინც დარჩა ქალაქში. ასევე იდგა რაღაც ჯარის მაგვარი ქართული ნაწილი, რომელსაც აკლდა ორგანიზებულობა, ქაოსური იყო სულ გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებული. და სანამ ჩვენი ბიჭები იყვნენ, კიდევ რაღაცას ამთლიანებდნენ და ხელმღვანელობდნენ. შემდეგ აფხაზებმა მუხანათურად დააღვიეს ხელშეკრულება და 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქში შემოიჭრნენ. ჩვენი გაგრის მხედრიონის პატარა რაზმი ბოლომდე იცავდა ქალაქს და მისი ნახევარი დაიბრუნა კიდეც. ბადრი ფირცხელიანის ბიჭები პირდაპირ შეაწყდნენ მტერს. ძალიან დიდი მსხვერპლი იყო, უთანასწორო ბროლა და გადამთიელმა ბოევიკებმა აიღეს კიდეც გაგრა. უმოწყალოდ დახვრიტეს და სადისტურად აწამეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

ბატონო ჯაბა, იყო შემთხვევები, როდესაც გაგრა-კოლხიდის პოზიციებიდან დაბრუნებული მებრძოლები გულნატკენი ყვებოდნენ, იმის შესახებ, რომ რომელიმე სიმაღლის აღების, შემდეგ იყო უკან დაბრუნების ბრძანება. და რატომ ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა აფხაზების სამხედრო ცენტრის გუდაუთას აღება?

მე მინდა გითხრათ, ერთი რამ, რომ ხანდახან ამას ცოტა ამატებენ ხოლმე. თუმცა რამდენჯერმე ასეთ შემთხვევას მართლაც ქონდა ადგილი. წინ წაწეულ რაზმს ზურგში აუცილებლად ჭირდება ძალა, რომელიც მის პოზიციებს გაამაგრებს და შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ასეთი ძალა ზურგში არ მოგვდევდა. დიდი სამხედრო ცოდნა არ არის საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი მაღლობი, ბრძოლის დროს, სტრატეგიული ადგილია. ასეთი მაღლობი, სახელწოდებით “კირილენკოს დაჩა”, გაგრაშიც იყო. აი, ამ მაღლობზე დავაყენეთ რაზმიც და არტირელიაც განვალაგეთ. ის აკონტროლებდა ბზიფის ხეობას და აფხაზების მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას. მაგრამ, გამოვედით თუ არა გაგრიდან, იმის მიზეზით, რომ თავს დაგვესხმებიანო, მიატოვეს იქაურობა და დაკარგეს სტრატეგიული პლაცდარმი. შემდეგ ეს ადგილი დაიკავეს აფხაზებმა და სწორედ აქედან შემოვიდა მტერი. რა დაბლობში ვერ დაესხმებოდნენ თავს?! ათასი სისულელე მოიგონეს.

სამხედრო უწყება იმ პერიოდში იყო თუ არა ვერაფერს გაიგებდი. გვარდია, მოხალისეებით, თბილისში შეკრებილი პირტიტველა ბიჭებით იყო დაკოპლექტებული. სროლაც კი არ იცოდნენ წესიერად და იარაღიც კი არ სჭეროდათ არასოდეს. ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო და სამხედრო ხელმძღვანელობიდან იქ არავინ არ ჩასულა. სახმელეთო ჯარების სარდალმაც ერთხელ გადაუფრინა და ეგ იყო. ბოლო დღეს ჩავიდა გაგრაში გია ყარყარაშვილი თავისი რაზმით, მაგრამ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება გუდაუთის აღებას, მე მაშინ ამის წინააღმდეგი ვიყავი. გაგრაში ჩვენ, რომ კარგად გავმაგრებულიყავით არ იყო ამის საჭიროება, რადგან მოლაპარაკებაზე უნდა წამოსულიყვნენ აფხაზები. გუდაუთაში ჩვენი შესვლა ორივე მხრიდან დიდ სისხლისღვრასთან იქნებოდა დაკავშირებული.

სხვათა შორის, მე მაშინ გუდაუთიდან დამირეკეს ოზგანმა და სხვებაც და მითხრეს – “რას აკეთებთ? ერთიანად გინდათ ამოგვხოცოთო?” მე ვუპასუხე – “რომ რა ვქნათ? აღარ ვიომოთ? როცა თქვენ შემოგყავთ გადამთიელი ბოევიკები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ?”

სამი სექტემბერი ახლოვდებოდა. ვიცოდი, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო და მაინც იმედი მქონდა, რომ რუსები ასე “ღორულად” არ გაგვწირავდნენ. ამიტომ გუდაუთაში წასვლის წინააღმდეგი ვიყავი. იქ იდგა რუსების სამხედრო ნაწილი სადესანტო რაზმი და ვინ გაგვიშვებდა წინ? თანაც სამხედრო გამოცდილების მქონე რეზერვი არ იყო, არც – რესურსები. ვიმედოვნებდით, რომ ომი არ განახლდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა!

ჩვენ რომ ჩამოვედით თბილისში. გაგრაში თავიდან გამწვავდა მდგომარეობა, მოწინააღმდეგემ დააღვია ხელშეკრულება და ვატყობდით ცუდად იყო საქმე. ისევ შევიკრიბეთ 200 კაცი და კვლავ წასვლას ვაპირებდით საბრძოლველად, მაგრამ იარაღი არ გვქონდა. როგორც იქნა 100 ავტომატი მილიციამ მოგვცა და ძალიან დიდი დამუნათებით – “გვარდიის ხელმძღვანელობამ არ გაიგოსო!” რატომ არ უნდა გაეგოთ არ ვიცი. არ უნდოდათ ჩვენ რომ შევიარაღებულიყავით და ისე გაიჭიმა იმ ასიოდე ავტომატის მოცემა, არ მოცემა, რომ როდესაც ჩვენ სოხუმში ჩავფრინდით, იქვე გავიგეთ გაგრის დაცემის შესახებ და განთიადი და ლესელიძე უკვე ჩაბარებული იყო.

ბატონო ჯაბა, თვლით თუ არა თქვენ, რომ გაგრიდან და ბზიფიდან “მხედრიონის” გამოსვლას, რაც სამშვიდობო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, გაგრის ამაზრზენი საშინელი ტრაგედია მოჰყვა? რა მოვლენები განვითარდა შემდეგ?

ჩემი აზრით, მთლად ასე იოლად ვერ დავთმობდით პოზიციებს – თუ გაგრას დავკარგავდით, ლესელიძეში გავმაგრედებოდით და ნელ-ნელა რაღაც იქნებოდა. ალბათ, ასეთი პანიკური ჩაბარება არ მოხდებოდა. მე მგონი მოსახლეობაც აგვყვებოდა და ცოტა ხანი მაინც გავძლებდით, რადგან რუსები მაშინ ასე იოლად და ღიად ვერ მოქმედებდნენ.

გაგრის დაცემის შემდეგ მოწინააღმდეგემ გადაკეტა სოხუმი ოჩამჩირის გზა ტამიშათან. სოხუმში უკვე მარტო თვითმფრინავებით ხვდებოდნენ ან გემით. ამიტომ დაიგეგმა გზის გაწმენდა აფხაზებისაგან და 16 ოქტომბერს ოჩამჩირიდან დაიძრა “მხედრიონის” შემადგენლობა და სოხუმიდან წამოვიდნენ “ავღანელები” გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით და მურადი ცხოვრებაძე თავისი რაზმით. ტამიში-კინდღის მონაკვეთზე დაგეღუპა ძალიან კარგი მეომარი საჩხერის ბატალიონიდან გვარდიელი ზურაბ აბაშიძე. ბრწყინვალედ მართავდა ბეემპეს და შესანიშნავად იბრძოლა, მაგრამ ბოლოს ნაღმზე აფეთქდა. ტამიშის ეს მონაკვეთი როდესაც არ იყო შევსებული ჩვენი მეომრებით მოწინააღმდეგის მიერ მაშინვე იკეტებოდა და პარტიზანულად შემოტევებით გვეომებოდნენ. ღამის ორ საათზე გავხსენით ეს დანაღმული გზა და კინდღში შევხვდით “ავღანელებს” და ჩამოვართვით ხელი. ამ ტრასაზე ძალიან საშიში იყო სიარული და ხელმძღვანელობიდან მარტო მე დავდიოდი. დაარქვეს “ჯაბას გზა”. გზა სოხუმზე ისევ გაიხსნა ტამიშზე დავაყენეთ ჩვენი პოსტები.

ბატონო ჯაბა, გაგრის დაცემის შემდეგ ბრძოლები დაიწყო ოჩამჩირის ფროტნზე. რა ვითარება იყო ამ პერიმეტრზე და რომელ შეტაკებებს გამოყოფდით განსაკუთრებით?

ყველა ბრძოლა, რომელშიც “მხედრიონი” მონაწილეობდა თავისებურად მძიმე იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქეთევანას ბრძოლას და ტამიშის ბრძოლებს გამოვყოფდი.

კოჩარასთან მდებარე სოფელ ქეთევანაში იყო მძიმე ბრძოლა. აქ დაიღუპნენ ჩვენი ნარჩევი ბიჭები: თემურ გაბუნია, მალხაზ ვაჩეიშვილი, თქვენი საქმროც ემზარ ონიანი, დათო რამიშვილი და სხვები ღმერთმა აცხონოთ. სამწუხაროდ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ქეთევანა-კოჩარაში ძალები არ გვეყო. ეს ძალიან დიდი სოფელია და ბევრი შემოსასვლელ-გასასველელები აქვს. აქ ექვსიათასამდე მაცხოვრებელი ცხოვრობდა და მგონი ათი კილომეტრი აქვს სიგრძე. ადგილობრივი მოსახლეობის იმედზე ვიყავით, რომელსაც დიდი რაოდენობით იარაღი დაურიგეთ და მოსახლეობამ, საუბედუროდ, გვიმტყუნა და გვიღალატა… ამის გამო საკუთარი ძალები არ გვეყო, რომ გავმაგრებულიყავით.

და ეს იყო ჩვენთვის დიდი დანაკარგი. მაშინ თავად იქ არ ვიყავი, მხოლოდ განვალაგეთ ხალხი და მე მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ თვითონ მოსახლეობამ დაიწყო პანიკური გაქცევა და იქნებ სპეციალურად გააკეთეს ეს, ვინ რა იცის?! მერე ჩვენ მეორედ და მესამედაც შევუტიეთ, მაგრამ უკვე ვეღარ ავიღეთ კოჩარა. საბოლოოდ მხოლოდ შევძელით სოფელი ლაბრის აღება და რადგან იქ უკეთესი პოზიციები გვქონდა გავმაგრდით.

მოვილაპარაკეთ კიდეც მთავარ შტაბში სოხუმში პაატა დათუაშვილთან 1992 წლის დეკემბრის დასაწყისში და შემდეგ დეკემბრის ბოლოს, რომ პირველი ბრიგადის ნაწილები უნდა წამოსულიყვნენ ჩვენს დასახმარებლად სოხუმიდან ოჩამჩირისკენ და ერთდროულად უნდა დაგვეწყო შეტევა-ოპერაცია კუტოლის ხაზის მოსაშლელად და ჯგერდის ასაღებად. ამის შემდეგ თავისუფლად ვიღებდით კოჩარს და ტყვარჩელი იქნებოდა ალყაში.

მაგრამ პირველად მათ ერთი დღე დაიგვიანეს, ჩვენ როცა ომი დავიწყეთ, ლაბრა ავიღეთ, კოჩარასაც ავიღებდით ისინი რომ წამოსულიყვნენ და დაეწყოთ შეტევა, აფხაზები დაიბნეოდნენ. მაშინ მოწინააღმდეგეს დიდი ძალა ჰქონდა, ჩვენ კი საიერიშოდ 200 კაცამდე ვიყავით. დანარჩენი პოზიციებზე გვყავდა განთავსებული. გვარდიას კი მეომრების ძალასთან ერთად ჰქონდა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებაც.

მაგრამ, საუბედუროდ, პირველად 7 დეკემბერს საერთოდ არ დაგვეხმარნენ. ამ დროს კი ბორჯომის მხედრიონის მეთაურმა გიგა გელაშვილმა თავისი ბიჭებით უკვე აიღო მთელი ლაბრა, ჩემი დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძე (წესრიგა) ბატალიონი “თბილისელის” ახლადჩამოსულ წევრების პატარა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და ნახევარი ცხენისწყალი ააღებინათ. გადაიწიეს სოფელ ბესლახუბაშიც. და საბოლოოდ, ძალების უქონლობის გამო, კოჩარა-ქეთევანას თავიდან აღების მცდელობა მარცხით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ისიც, რომ დაპირებული საარტირელიო ცეცხლი კუტოლზე სოხუმიდან საერთოდ არ განხორციელდა.

მეორედაც, 27 დეკემბერს საჭირო მიმართულებით არ წამოვიდნენ, როგორც იყო მოლაპარაკებული, გია ყარყარაშვილმა სულ სხვა მხარეს განახორციელა სოხუმიდან სამხედრო მარში – კუტოლი-ჯგერდას ნაცვლად აძიუბჟა – არაკიჩი – ატარა-არმიანსკაიასკენ. და, საუბედუროდ, სოფელ ვლადიმეროვკასთან, მათ დასახმარებლად გაფრენილი შესანიშნავი მფრინავი ჯიმი მაისურაძეც დაიღუპა, სულ რომ არ იყო საჭირო ისე. ასე რომ, გეგმის შეცვლას და არაკოორდინირებულობას მოყვა გაუმართლებელი მსხვერპლი. სხვა დროს, სხვა სახელმწიფოში ამაზე ვინმეს მოეთხოვებოდა პასუხი, მაგრამ მაშინ გამკითხავი არავინ არ იყო.

მძიმე ბრძოლები იყო ბესალხუბაშიც, არადუშიც, მერკულაშიც, ლაბრაშიც… დაგვეღუპა და დაგვეჭრა არაერთი მხედრიონელი. თავდადებით ივაჟკაცეს ბიჭებმა. საუბედრუროდ ამ შეტაკებებში დაიღუპნენ “გლდანის საძმოს”, “ასურეთის”, მხედრიონელები კახეთიდან და ბორჯომიდან, სვანების რაზმიდან.

ტყვარჩელის აღების კარგი ოპერაცია მოამზადა გია ვაშაკიძემ 1993 წლის აპრილში ლაშკანდერის მთიდან. ყველა საბუთი შედგა და ხელმოწერილ იქნა მთავარ შტაბში (ალბათ არის შენახული თავდაცვის სამინისტროში). მათ უნდა განეხორციელებინათ შეტევა ლაბრისაკენ და კუტოლისაკენ და ამ დროს ჩვენებიც დაიწყებდნენ ბრძოლას მთიდან ტყვარჩელის ასაღებად. მაგრამ გვიმტყუნეს და გვარდია არ წამოვიდა სოხუმიდან შეტევაზე.

გია ყარყარაშვილს ბრიგადაში ათასი კაცი ჰყავდა და ისინი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ თბილისში ჩამოვიდანენ. მერე მინისტრიც გახდა და იქ კი, მთაზე, ჩვენი ბიჭები ოცი დღე ელოდებოდნენ.

შემდეგ გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო კონტუზია, შეიძლება ასეც მოხდა, მაგრამ თავის ნაცვლად ხომ ვიღაც უნდა დაეტოვებინა. მთელი ბრიგადა მოიხსნა სოხუმიდან და თბილისში ჩავიდა. მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და ჩვენი ბიჭები კი იქ დატოვეს ლაშკანდარის მთის მწვერვალზე. იქ დაგვეღუპა ლანჩხუთელი ვაჟკაცი ჯამბული ხოფერია, დაგვეჭრა ხალხი, გაიყინენ იმ თოვლში, საკვების გარეშე რამდენ ხანს გაძლებდნენ? ორასი კაცით კი აბა რას გახდებოდი თვრამეტიათასიან ქალაქში და მხედრიონელები იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს იყო სამხედრო უნიათობის და უპასუხისმგებლობის გამოვლინება სრული სახით.

შემდეგ 1993 წლის ივლისში ვიბრძოდით ტამიშში, როდესაც გადმოისხა მოწინააღმდეგის კარგად შეიარაღებული დესანტი. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. “მხედრიონმა” მიუხედავად დიდი წინაღმდეგობისა, შესანიშნავად შეძლო შეტევის განხორციელება, მტერი მართლაც, რომ გაანადგურა და ტყვეებიც კი ავიყვანეთ… “მხედრიონი” იყო პირველ ეშელონში, ჩვენი ბიჭები სულ პირველები გადახტნენ მოწინააღმდეგის სანგრებში და აჩვენეს უმაგალითო გმირობა. რვაასკაციან სამხედრო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა მოწინააღმდეგემ სრული კრახი განიცადა. აქაც შესანიშნავი ახალგაზრდები დაგვეღუპნენ: გიორგი რაზმაძე, ზალიკო მდინარაძე, მერაბ კუპრეიშვილი, ვლადიმერ სემინიხინი, ენვერ უმბატოვი, გიორგი უტიაშვილი, კახა კინწურაშვილი და სხვები. მართალია ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა შენაერთებიც, მათ შორის გამსახურდიას მომხრე ქობალიას ხალხი, მაგრამ, ფაქტიურად, მათ არაფერი გადამწყვეტი არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებმა იბრძოლეს კიდეც. ჩვენ ვცდილობდით რევანშიტები შემოგვერიგებინა და საომრად გაგვექეზებინა. მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა. გზა ზუგდიდზე ისევ ჩაკეტეს.

ბატონო ჯაბა, ოჩამჩირის ფრონტის შემდეგ “მხედრიონისთვის” მძიმე იყო სოხუმის თავდაცვითი ბრძოლები, განსაკუთრებით რომელ საბრძოლო ეპიზოდებს გაიხსენებდით?

ოჩამჩირის შემდეგ ყველაზე მძიმე ბრძოლა იყო მართლაც რომ სოხუმში 1993 წლის სექტემბერში, მაგრამ ბევრმა შესაძლოა ეს არ იცის, რომ სოხუმი ორჯერ იყო ჩაბარებული საბოლოო დაცემამდე.

პირველად ეს 1992 წლის ნოემბრის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, როდესაც სოხუმის მაღლა სოფელ შრომას შემოუტიეს აფხაზებმა და ფრონტის ხაზიდან თითქმის ყველა გამოიქცა. მეორე დღეს იწყებოდა პარლამენტის პირველი საზეიმო სხდომა და უნდა გადმოვფრენილიყავი სოხუმიდან თბილისში. რამდენიმე ღამის უძილოები და ნაომრები ვიყავით და ვიგებთ, რომ შრომა იკარგება. თუმცა რამდენიმე ათეულ “ავღანელეს” მოუგერიებია მტერი და მაინც ძალაგამოცლილები ჩამოსულან დაბლობში. ჩვენ დავიძარით ოცი კაცით. შევბრუნდით ისევ ბრძოლის ველისკენ და მტერს შევუტიეთ. პოზიციებიც შევინარჩუნეთ, გავამაგრეთ და წინ წავიწიეთ კიდეც. შევედით სულ წინა პერიმეტრზე სოფელ კამანშიც.

ამ შეტაკების წინაპირობა იყო ის, რომ რამდენიმე ხნით ადრე, როცა სოხუმში ვიმყოფებოდა, ჩემთან კამანელი სვანები მოვიდნენ და მითხრეს, რომ კამანი არ გამაგრდა, თავდაცვა გაგვიჭირდება და სოხუმი დაიკარგებაო. წამოდით და თავად ნახეთ რა მდგომარეობააო. იქ წინ მდებარეობს ერთი მთა და თუ იმ სიმაღლეზე მტრები შემოვიდნენ, შრომა დაკარგულია და თუ შრომა დავკარგეთ, სოხუმი დაკარგულად ჩათვალეთო.

კამანში არ ვიყავი ნამყოფი და მე და ცხონებული გენო ადამია წავედით. აქ არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია. იმ ღამეს იქ ვილოცეთ, დავათვალიერეთ ადგილმდებარეობა და დავასკვენით, რომ პოზიცია მართლაც გასამაგრებელი იყო.

ადგილობრივებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ მე დავარწმუნებდი სამხედრო ხელმძღვანელობას და ტექნიკას და მეომრებს გამოუგზავნიდნენ. დავაწყნარე, დავაშვიდე ერთი მოხუცი მონადირე სახელად კაკო ერქვა და დავპირდი, რომ თუ შემოტევა დაიწყებოდა მაშინვე მასთან გავჩნდებოდი. დაუჯერებლად მიპასუხა “ეხ, მერე შენ ვინღა გიპოვნისო?” მივედი სამხედრო შტაბში და მაშინდელ ხელმძღვანელს პაატა დათუაშვილს ვუთხარი: დაუჯერეთ ამ კაცს, მართალია სამხედრო არ არის, მაგრამ გამოცდილი მონადირეა და იცის მეთქი ყველაფერი. მოვითხოვე კამანში დამატებითი ძალების გაგზავნა და დამპირდნენ ხვალვე გავაგზავნითო ხალხს.

წამოვედით იმათ იმედზე. ეს წინაპირობა იყო და ამის შემდეგ, როცა ჩვენ შევვარდით ოციოდე კაცით შრომაში 3 ნოემბერს, ხალხი უკვე პანიკურად გამორბოდა. და რას ვხედავ, ეს ჩემი ნაცნობი მონადირეც არ მორბის? მე შევძახე – “აი, კაკო, რომ დაგპირდი, ხომ მოვედი მეთქი…” და მთელი შეძახილებით, გამხნევებით შევაბრუნეთ ხალხი უკან პოზიციებზე. დიდი ძალისხმევის შემდეგ სიტუაცია შედარებით დავასტაბილურეთ.

ჩამოვედით თბილისში. მაშინ გოგა ხაინდრავაც ჩემთან იყო და მირჩია, რომ პირდაპირ შევსულიყავით ნაომარ ტანსაცელში პარლამენტის დარბაზში. მაგრამ მე პარლამენტის პირველ სხდომას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. სათანადოდ ჩავიცვი და პერანგზე ყველასათვის ცნობილი “ბაბოჩკა” გავიკეთე. რას იზავ, ეს ჟესტი ექსტრავაგანტულობაში ჩამითვალეს. პარლამენტარები გაცხარებული საუბრობდნენ აფხაზეთზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე. მე კი ვიჯექი და საომარი ვითარებიდან ჩამოსულს არავინ არაფერს არ მეკითხებოდა. და ამ დროს ჩვენ, რომ არ მივსულიყავით შრომაში, ჯერ კიდევ მაშინ დავკარგავდით სოხუმს. ეს ყველაფერი ისტორიის მიღმაა წასული.

მეორედაც ასე მოხდა – ოჩამჩირიდან მოვდიოდით თბილისში სოხუმის გავლით. წვიმიანი დღე იყო. შტაბში ერთი ალიაქოთი ტრიალებდა, რომ მტერი ცუგუროვკის ქვემოთ სასაფლაოსთან შუა სოხუმში შემოდიოდა. ეს ნაწილი უკვე გარღვეული იყო. ორმოცდაათი კაცი მოვითხოვე სასწრაფოდ. მაგრამ უარი მივიღე პაატა დათუაშვილისაგან – “რეზერვი არა გვაქვსო” და ამაზე მე გაბრაზებულმა ვიკითხე – “რა ესე იგი სოხუმს ვაბარებთ მეთქი?!” მაინც წავედი ჩემი დაცვის ბიჭებით, მათ შორის ჩემი დაცვის უფროსიც თამაზ ფანჩულიძეც მახლდა, გავიქეცით წინ და ვხედავთ მტერი უკვე შემოდის.

ჩვენი მხარის მეთაური, ვინც პოზიციებს იცავდა, ის ხელში დაჭრილი მორბოდა, ვიღაცა დაჭრილს მოათრევდა, ზოგი რას ყვიროდა ზოგი რას. ხომ იცით პანიკური სიტუაცია რაც არის და უკვე აშკარა იყო, რომ სადაცაა შემოვიდოდნენ. არ გინდა ახლა ამ დაშინებული ხალხის შებრუნება? დაჭრილი მეთაური, რომელიც ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფს მეთაურობდა, საბედნიეროდ, 1989 წელს აფხაზეთში ჩემი მასპინძელი ჯემალი აღმოჩნდა. შემდეგ დაიღუპა ღმერთმა აცხონოს და ისე იყო არეული, რომ ვერც მცნობდა და ვერაფერს ხედავდა. როდესაც გამოვემცნაურე, გონს მოვიდა და შეძახილებით, გამხნევებით შევაბრუნეთ ეს ხალხი. საბედნიეროდ, დაღამდა და აფხაზებიც ვეღარ შემოვიდნენ.

და ასე, კიდევ ერთხელ გადავარჩინეთ სიტუაცია…

ბოლოს, 1993 წლის სექტემბერში, როდესაც ქალაქი მასიურად იბომბებოდა, იმ დროს ჩავედით. მთელი ქალაქი პანიკას მოეცვა. დეზერტირობის ბევრი ფაქტიც იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატი. ერთადერთი ძალა, რომელსაც სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა დაემყარებინა და მტერი მოეგერიებინა “მხედრიონი” იყო. ამას არ ვაჭარბებ. თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ბრძოლაში შევედით და მტერი მეორე დღეს უკვე გუმისთის იქითაც გავყარეთ… ოჩამჩირიდან ჩვენი სამხედრო ფორმირებების შემოსვლას ველოდით. იქ მაშინ შვიდი ათასამდე კაცი იყო დაბანაკებული, მთელი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით. ჩვენ კი ორასორმოცდაათი-სამასი კაცი ვიყავით. ველოდეთ ერთი დღე, ველოდეთ ორი დღე, ველოდეთ სამი დღე, ველოდეთ ხუთი დღე, ველოდეთ ათი დღე, ველოდეთ თოთხმეტი დღე დამხმარე არ მოვიდა. დაწყდნენ ბავშვები, ბიჭები გადაიღალნენ და დაიღუპნენ, დაიჭრნენ, ხომ უნდა შეცვალო და ოდნავ მაინც შეასვენო რაღაცნაირად? როგორც კი ამას ვაკეთებდით, სხვები გამორბოდნენ – “მხედრიონი” წავიდა, ჩვენც გავყვებითო”…

სოხუმის ფუნიკოლიორი ჩვენ გვქონდა დაკავებული და მძიმე ბრძოლაც მოვიგერიეთ. შემდეგ დადგა პოლიცია დათო ზეიკიძის ხალხი და ეს სიმაღლე ჩააბარეს მტერს და ამით დაჩქარდა სოხუმის დაცემა. ასევე მოიქცა სოხუმის მესამე ბატალიონის ხალხი. რამოდენიმეჯერ მიგვატოვეს და ჩვენც რამდენიმეჯერ შევაბრუნეთ ხალხი. “მხედრიონი” იცავდა სოხუმის თითოეულ კვარტალს, ქუჩას და დიდი დანაკარგებიც გვქონდა.

საუბედუროდ, ჩვენი ბიჭებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს სოხუმში და ერთიანად აფეთქდა და დაიწვა ყველაფერი. იცით რა ბიჭები დაიღუპნენ? ჩვენს საშველად მოდიოდნენ და ამასთან იცოდნენ, რომ დაშვების შანსი ნულის ტოლი იყო: ერეკლე დანელიას ჯგუფი, ბესო მურუსიძის ჯგუფი ასურეთიდან, ჩვენი უშიშროების ბიჭები ზალიკო ამაშუკელის მეთაურობით და კიდევ ბევრი სხვები.

თავისუფლებაში დაბომბვის დროს დაიღუპნენ ჩვენი მხედრიონის ბიჭები ნუკრი ცისკაძე, გურამ აღნიაშვილი, კოტე ლატარია. სულ წინა პოზიციაზე დაიღუპა გუმისთაზე მსახიობი და ჟურნალისტი საშა იოსელიანი… რომელი ერთი გავიხსენო. ყველანი აცხონოს უფალმა.

რადგან ოჩამჩირე გადაკეტილი იყო სამეგრელოდან, გია ვაშაკიძე ბიჭებით სოხუმში სვანეთიდან წამოვიდა, მაგრამ ვერ მოასწრო ჩამოსვლა და რომ ჩამოესწრო შეიძლება კიდევ რაღაც გვეღონა. ოჩამჩირეში იყვნენ მთელი “მარშლები”, გენერლები, მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა. რამდენემე დღე ზვიად გამსახურდიაც ჩავიდა. მაგრამ ჩვენს დასახმარებლად გადმოსვლა რატომღაც ვერავინ “ვერ” შეძლო. აქედან “ვუწყობდით ხელს”, რამდენჯერმე წავიყვანე რამდენიმე კაცი და დავუწყე სროლა იქნებ დაძრულიყვნენ ოჩამჩირიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მიგვატოვეს და გაიქცნენ.

ბოლოს მაჭარკის ხიდზე ვცადეთ ხალხის შემობრუნება. კიდეც გავაკეთებდით ამას, მაგრამ სავალალოდ, უკვე მძიმე ტექნიკამაც მიგვტოვა და ყველა გაიქცა. ჩვენთან ბოლომდე იყო ვალერი ქვარაია თავისი ოცდაათი-ორმოცი კაცით, მაგრამ ამას არ შეეძლო სიტუაციის შეცვლა. სოხუმი სულ ბოლოს დატოვა “მხედრიონმა”…

გამოვიარეთ სვანეთის “გოლგოთის” გზა, უკან აფხაზები მოგვდევდნენ. დალის ხეობა ადგილობრივმა მხედრიონმა და “მონადირის” რაზმმა გაამაგრა ემზარ კვიციანის მეთაურობით და ხელი შეუშალეს მტრის წინსვლას. აფხაზებს უფრო მაღლა უნდოდათ ამოსვლა ნადავლისთვის, მაგრამ თოვლიც წამოვიდა და მტერმა გზა ვერ განაგრძო.

ბატონო ჯაბა, სოხუმის დაცემას შედეგად ის მოყვა, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. როგორც გვახსოვს, პირველი შემოტევების დროს იყო იმისთანა ფსიქოლოგიური განწყობა “მხედრიონში”, რომ ასე ვთქვათ, თანამოძმის წინააღმდეგ საომრად წასვლაზე ფეხს ითრევდნენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა ჩრდილოკავკასიელებთან და აფხაზებთან ზვიად გამსახურდიას ალიანსი, უკვე ქუთაისზე შემოტევისას, “მხედრიონი” გახდა ის ერთადერთი ძალა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძლო გადაედო თავი და მტრის წინსვლა შეეჩერებინა. ეს ხშირად “გულმავიწყებს” არ ახსენდებათ ხოლმე. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა ზვიად გამსახურდიას შესახებ და ერთმანეთის დაუნდობლობის ფენომენის შესახებ, როდესაც კუთხურობა ხშირად სჯაბნის საქართველოს ერთიანობის აზრს და შეგრძნებას.

“მხედრიონი” იყო ის ძალა, რომელიც წინ აღუდგა ზვიადის, ასე ვტყოდი, სულელურ-იდიოტურ დიქტატურას. ჩვენი შესაძლებლობები მან კარგად იცოდა პირველივე დღეებში და პალამენტის პირველივე სხდომაზე დაგეჯახა, იმიტომ რომ იცოდა ჩვენ დიქტატურის წინააღმდეგ ვიქნებოდით. ამიტომ ჩაგვსვა ციხეში და მოხდა ეს ყველაფერი. აფხაზეთის ომის დროს ზვიადის მომხრეებმა გადაკეტეს ყველაფერი და აფხაზეთშიც არ მოგვეხმარნენ. სხვა ფაქტორებთან ერთად, სოხუმი სწორედ მათ გამო დაიკარგა. ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ღალატი.

სოხუმის დაცემის შემდეგ, როდესაც ქუთაისზე დაიწყო შემოტევა, ზვიად გამსახურდია უკვე ფაქტიურად რუსეთის აგენტი გახდა და რუსეთის ზოგიერთ სამხედრო წრეებში იყო გათვლილი სქართველოს ორად გაყოფა. დასავლეთში ზვიად გამსახურდია იქნებოდა და აღმოსავლეთში ედუარდ შევარდანძე. დააჭმევინებდნენ ერთმანეთს და დაღუპავდნენ საქართველოს. ტერიტორიულ მთლიანობას უკვე საფრთხე შეექმნა აფხაზეთის შემდეგ სამეგრელოშიც. სასწორზე იდო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საერთოდ.

სოხუმიდან ჩვენ თბილისში ჩამოვედით, რამდენიმე ხანი ვიყავით აქ და შემდეგ ისევ ომში წავედით. ამას გვთხოვდა მთელი თბილისის ინტელიგენცია და ხალხი. რევანშისტებმა აფხაზებთან და ჩეჩნებთან შეკრეს ალიანსი და შემოუტიეს ქუთაისს. ამ დროს ჩვენ დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ ვიყავით და “მხედრიონის” დაშლას ითხოვდნენ დავით ზეიკიძე, ნოდარ ნათაძე, “ედეპეს” პარტია. რას ფიქრობდნენ არ ვიცი… თან უნდოდათ რომ გვებრძოლა და მტერი მოგვეგერიებინა თან, ჩვენი დაჭერაც უნდოდათ და დაშლა. ჩვენს წინააღმდეგ რაღაც პოლიტიკურ ხრიკებს აწყობდნენ. ვერ გაიგებდი რა უნდოდათ.

გამსახურდიას მომხრეებმა აიღეს სენაკი, ხობი, ფოთი და ისევ გადაკეტეს დასავლეთის გზა. მილიციამ მიატოვა იქაურობა. კაცი შვილი არ მოქმედებდა არაფერს. ისევ ჩვენ გავხდით იძულებული აგვესხა იარაღი და ჩავედით ქუთაისში. სამხედრო ტანსაცმელიც კი არ გვეცვა, ისე მოულოდნელად წავედით და ამან შემდეგ გადაგვარჩინა. იქ წინ რუქა დამიდეს (ამ ხალხს ჯერ არ ვასახელებ) და მითხრეს, თუ “მხედრიონი” და მარტო “მხედრიონი”, არ აიღებს სამ დღეში სამტრედიას, ხონს და აბაშას, თუ თქვენი კონტროლის ქვეშ არ იქნება, მორჩა დამთავრებულია საქმე, ორად იყოფა საქართველო. რუქაც დახაზული ჰქონდათ და გეგმაც შედგენილი – ჩვენ უნდა აგვეღო აბაშა მეორე დღეს. იქ ვითომდა გვარდია იყო, თვითმფრინავები, ტექნიკა და სინამდვილეში რამდენიმე კაცის გარდა ყველა გაქცეული დაგვხვდა. “მხედრიონი” ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული თბილისიდან და რუსთავიდან. ადგილზე მხოლოდ სამტრედიელები იყვნენ.

წავედით დაახლოებით თხუთმეტი კაცი დიდ ჯიხაიშში ღამის გასათევად, ვაშაკიძეებთან. თან ვფიქრობდი, რომ საბრძოლო გეგმა კარგი იყო და მაინცდამაინც “მხედრიონზე” აქცენტი უბრალოდ თქმა მეგონა. დილის შვიდ საათზე დაიგეგმა აბაშაზე შეტევა და ოპერაციის დაწყებამდე სამი-ოთხი საათი უნდა დაგვეძინა. უცბად შემოგვესმა სროლის და თვთმფრინავების ხმა. ვიფიქრეთ ეს იყო ბრძოლის დასაწყისი და ავიყარეთ… გავეშურეთ შტაბისკენ, რომელიც სამტრედიაში მილიციის შენობაში მდებარეობდა და იქ კაცი-შვილი არ დაგვხვდა. სროლა კი ისევ ისმოდა და ჩენ გვეგონა შეტევა დაიწყო. მარტო რუსულად ისმოდა რაციაში ყვირილი – “რას შვრებით, ჩვენებს ესვრითო?” ვიღაც რუსი სამხედრო ღრიალებდა. გადავწყვიტეთ მიშველება, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ. გვეგონა, რადგან სროლა და ერთი ამბავი იყო ქალაქში გაუგებრობა მოხდა. მე წინ მივიწევდი და უკან ბიჭები მომდევდნენ. სანამ მოედნამდე მივიდოდით, აივანზე ერთი მანდილოსანი გადმოდგა ტირილით და მეძახდა – “ბატონო ჯაბა, რას გვიშვრებიან, გვხოცავენო? რა ხდებაო?” მე გავჩერდი და დავუწყე დამშვიდება – “შედით ქალბატონი, ნუ გეშინიათ რაღაც გაუგებრობაა, არაფერია, ეს ჩვენები არიან მეთქი”. მეც ასე ვარ დარწმუნებული. ამასობაში დაცვამ გამასწრო და როცა ახლოს მივედი უკვე ვხედავ კაკო ვაშაკიძე მოფარებით მოდის უკან-უკან. და მითხრა, რომ ეს ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ ტანკით შემოსული და სასწრაფოდ უნდა გავცლოდით იქაურობას.

ამ დროს უკვე ჩემი დაცვის ბიჭები თამაზ ფანჩულიძე და გიგა გელაშვილი გაუთვითცნობიერებლად მივარდნენ ტანკისტებს და ქალაქში პანიკის დათესვისთვის ძალიან ეჩხუბნენ. იმათაც ესროლეს და საოცარია სწორედ, ელიავას ხალხისგან რა ძალამ გადაარჩინათ. სამოქალაქო ტანსაცმელში მილიციის თანამშრომლები ეგონათ და რაღაც ღვთის წყალობით გადარჩნენ აშკარა სიკვდილს ან ტყვეობას…

როგორც იქნა მივაღწიეთ ქუთაისში. ქუთაისთან და წყალტუბოსთან “მხედრინმა” უკვე მოიგერია რევანშისტების და აფხაზ-ჩეჩნების რაზმების შემოტევა და სენაკში ავიყვანეთ კიდეც ხუთი კაცი ტყვედ – სამი ჩეჩენი და ორი აფხაზი. ბრძოლებით ავიღეთ სამეგრელოს ქალაქები. ხობის ბრძოლაში ჩეჩნებთან და ადიღეელებთან შეტაკებაში დაიღუპა ჩვენი ლამაზი ვაჟკაცი არჩილ მიშველაძე. 1993 წლის 7 ნოემბერს შევედით ზუგდიდში და რუხის ციხესთან ჩავაყენეთ ჯარი, გავამაგრეთ ენგურის ნაპირები. ფოთის საპორტო ქალაქი გავათავისუფლეთ და გზა კვლავ გაიხსნა თბილისზე. გამსახურდიას მომხრეები გადავდნენ აფხაზეთში და სამთავრობო ძალებმა დიაკავეს სტრატეგიული პუნქტები. ამით დროებით დამთავრდა სამოქალაქო ომი საქართველოში. ამას ხელი შუწყო იმანაც, რომ ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ შესულიყო რუსეთის მიერ შექმნილ სახელწიფოთა “თანამეგობრობაში” და უკვე მას მხარი დაუჭირეს რუსეთის პოლიტიკურმა ძალებმა და სამხედროებმა.

ბატონო ჯაბა, “საქართველოს მხედრიონმა” იტვირთა ძალიან მძიმე ჯვარი სამშობლოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ბიჭები დაგვეღუპა ცხარე ბრძოლებში, თუ გზების გახსნაზე, ზოგიერთნი ახლაც ვერ აფასებენ იმას, თუ რა მსხვერპლი გაიღო სრულიად საქართველომ, თითქოს ეს მხოლოდ “მხედრიონის” ტკივილი იყოს და არა ჩვენი ნატანჯი მამულისა. ვითომ დაეკარგა თვით ერმა ამისი აღქმის უნარი?

ჯერ-ჯერობით ამისი დრო, ალბათ, არ დადგა. შემდეგ, ვიმედოვნებ, ყველაფერი შეიცვლება და ხალხი დააფასებს სამშობლოს წინაშე თავისი შვილების ამაგს. ვისაც დანახვა უნდა დაინახავს ყველაფერს – ცუდსაც და კარგსაც.

“მხედრიონი” რატომ ერქვა, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველებს ორასი წლის მონობის შემდეგ მხედრული სული დაგვიბრუნებოდა. მართალია ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ვმონაწილეობდით დიდ სამამულო ომში, მაგრამ მე ამ ომს მაინც ჩემი თვალთახედვით გარკვეულწილად დიდი იმპერიის მფლობელობაში მყოფი პატარა ერის მიერ გაწეულ მონურ ომს ვუწოდებ, რადგან სხვა არჩევანი არ იყო. თუ არ წახვიდოდო დაგიჭერდნენ და დაგხვრეტავდნენ. ის სხვა საქმეა, რომ 300 000 ქართველი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ომის ბატალიებმა, ისინი იქ გმირობის სწორუპოვარ მაგალითებს მაშინაც აჩვენებდნენ და დიდების შარავანდედი ფარავთ.

საქართველოში იმპერიას კი არ იცავდნენ ძალდატანებით, თავიანთი სამშობლოს ერთიანობისათვის დებდნენ თავს. ეს იყო მამულის დაცვა, ყივილი ქართული სისხლისა, ქართველობის დაბრუნებისა და შენარჩუნებისა. და მხედრიონელები ამდენი ხნის შემდეგ იყვნენ პირველები, ვინც თავის ქვეყანას ღირსეულად იცავდნენ და დაიცავენ კიდეც.

ბატონო ჯაბა, სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია “საქართველოს მხედრიონმა”, უკვე ხუთი წელის დაამტკიცა თავისი არსებობის აუცილებლობა – ბოლნისსა თუ სამაჩაბლოში, აფხაზეთში თუ დასავლეთ საქართველოში, ყველგან საკუთარი სიცოცხლის ფასად, მხედრიონის მედალიონით მკერდზე, არაერთმა ვაჟკაცმა ხატად აქცია სამშობლო და საუკუნო უკვდავების გზას დადგა. “მხედრიონის” თითოეული ბიჭი თქვენ გიცქერდათ, როგორც თავიანთ საერთო მეგობარს, როგორც უფროს ძმას, როგორც მამას და მოგყვებოდნენ ყველგან, სადაც განსაკუთრებით უჭირდა მამულს.

ქვეყნის, საქართველოსთვის გაწეული სამსახური იმ დროისათვის და დღეს და მომავალშიც, ალბათ, განსხვავდება ერთმანეთისგან და წლების გადასახედიდან თქვენი აზრიც, ამ წიგნში შესული, ძალზე მინშვნელოვანი იქნება.

ის ბიჭები, რომელბიც შეეწირნენ ამ წმინდა საქმეს, მამულისა და სიმართლის დაცვას, სამარადისოდ დარჩებიან საქართველოს ისტორიაში. ჯერ კიდევ არ არის დრო იმისა, რომ გაანალიზდეს მათი ღვაწლი, მათი როლი, რომელიც ამ ახალგაზრდებმა შეასრულეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელია და დიდი განზოგადოების საშუალებას იძლევა.

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო თავისუფლებისაკენ სწრაფვის, თავისუფლების შეგრძნების ერთ-ერთი გამოხატვა. ეს ახალგაზრდები კომუნისტურ წყობაში გაიზარდნენ და ინდივიდის დათრგუნვის ეს ტოტალიტარული სიმძიმე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცნობიერებული, მაგრამ ინტუიციურად, შინაგანი ძახილით მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ნორმალური ცხოვრება და რომ ადამიანის სიცოცხლე სხვაგვარად თავისუფლებისკენ სწრაფვით უნდა წარმართულიყო. ამიტომ ერთ-ერთ და ერთადერთ გამოვლენებად მიიჩნიეს ის, რომ ებრძოლათ სამშობლოს ერთიანობისათვის და დემოკრატიის გამარჯვებისათვის და რაც მთავარია პიროვნების თავისუფლებისათვის.

მე ადრეც ვთქვი ისიც, რომ ამ ბიჭებიდან ზოგიერთი ნასამართლევიც კი იყო და ისინი ორდენოსან ჩინოვნიკებს მირჩევნია და საჭირო მემენტში, განსაცდელის ჟამს მათ თავი მართლაც რომ საუკეთესოდ გამოავლინეს, რადგან გაიღეს სამშობლოსათვის ყველაზე დიდი მსხვერპლი რაც კი შეიძლება ადამიანმა გაიღოს – თავიანთი სიცოცხლე და შეეწირნენ წმიდათაწმინდა საქმეს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი ძალიან ნიშანდობლივად მიიჩნევს ახალგაზრდების ასეთ შემართებას, მოხალისეთა ჯგუფში გაერთიანებას და რაც შემდეგ პარიოტულ მოძრაობაში გადაიზარდა. “მხედრიონი” არ არის მხოლოდ, რაღაც სამხედრო შენაერთის მაგვარი გაერთიანება – “მხედრიონი” იყო და არის სამშობლოსმოყვარულთა მთელი მოძრაობა..

“საქართველოს მხედრიონის” დევიზი იყო და იქნება დემოკრატია და დამოუკიდებლობა. ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ამ ორ ფასეულობას არ დავთმობთ და შევეწირებით. ჩვენ ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, დავღვარეთ სისხლი და დავწექით, დიქტატურა კი, მაგრამ, საუბედუროდ, ჯერ კიდევ არსებობს. ყველა მხედრიონელის ვალია ბოლომდე იბძოლოს დიქტატურის წინააღმდეგ. მაშინ რას ვერჩოდით ზვიად გამსახურდიას? მაშ რატომ წევს მიწაში მრავალი მხედრიონელი?

გუშინაც და დღესაც არაერთი ტრიბუნიდან მიგვითითებენ “მხედრიონის” დაშლაზე. მე მათ ვპასუხობ “მხედრიონი” ვერ დაიშლება, შეიძლება დროებით დაიქსაქსოს, მაგრამ ეს ბიჭები მაინც გულით მხედრიონელებად დარჩებიან და თუ საჭირო იქნება კვლავ ერთად იქნებიან ის ახალგაზრდები, ვინც ვერ შეეგუებიან საქართველოს ერთიანობის დაკარგვას, დემოკრატიის დათრგუნვას, თავისუფლების არქონას. ასეთი ხალხი ყოველთვის მოძებნის ერთმანეთს, საერთო სულისკვეთებას გააერთიანებენ და ყველა სულით მხედრიონელი იქნება. “მხედრიონი” დემოსის შვილია, ხალხიდან მოდის და ყოველთვის ხალხის მასიდან აღდგება და აღორძინდება.

ისტორია მეორდება სხვადასხვა ფორმებში, საჭიროების შემთხვევაში შედგება “მხედრიონის” ხელახალი შეკრება და როცა გაუჭირდება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში მომავალში კვლავ შეიკრიბება გულნთებულ რჩეულ ვაჟკაცთა ლაშქარი მამულისათვის თავის გასაწირად და ალბათ ჩვენც მოგვიგონებენ…”

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს 1995 წლის 13-14 ნოემბრის ღამეს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდანაძის ბრძანებით საკუთარ ბინაში. ბრძანება შეასრულა შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ.

მე ვფიქრობ 1991-1992 წლების მოვლენების დროს დაღვრილი სისხლი და შეწირული ახალგაზრდების სიცოცხლე ბაირაღად უნდა ფრიალებდეს ჩვენს ისტორიაში – ყველა ურაპატრიოტმა და ტირანმა უნდა იცოდეს – საქართველოშო დიქტატურა ვერ იბოგინებს, ვერ ჩაკლავენ მხედრულ სულს, ვიდრე ერი იარსებებს. არ იქნება ჯაბა… იქნება სხვა… ამას მნიშვნელობა არა აქვს –საქართველოს მხედრიონი უკვდავია!“ (ჯაბა იოსელიანის „წერილი თავისუფალი მასმედიისადმი“, რომელიც გამოაგზავნა საპატიმროდან 1997 წლის 4 სექტემბერს).

Next Post

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ

პარ ივლ 10 , 2020
5,989 წაკითხვა2020 წლის საპარლამენტო არჩევნების „ქართული ოცნების“ სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს […]