„ნაციონალები დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობენ, თუმცა მინისტრი გახარია ირწმუნება და მის პირობას უნდა ვენდოთ, რომ..“ – ნუკრი ქანთარია

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ ნუკრი ქანთარიასთან

ბატონო ნუკრი, კარზე მოგვადგა ყველაზე დაძაბული და მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. კონკურენტი პოლიტიკური ძალა ცდილობს ხელისუფლება დანაშაულებრივ წინასაარჩევნო კამპანიაში დაადანაშაულოს, რომელიც ვაშაძის მომხრეთა მტკიცებით, ძალადობა-დაშინებაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზეა აგებული. შეძლებს ხელისუფლება 28 ნოემბერს სამართლიან და სამართლებრივ ჩარჩოებში არჩევნების ჩატარებას?

„გეთანხმებით, მართლაც დაძაბული და მძიმე საარჩევნო კამპანიის პირობებში აღმოვჩნდით, რადგან ნაციონალური მოძრაობა და მისი სტრატეგები სწორედ პროცესების ამგვარი განვითარების პირობებში ხედავენ საკუთარი მომხრეების მობილიზებას და ილუზიაში ყოფნას, რომ არჩევნებს იგებენ. მაგრამ მათი იმედები რეალობას ცდება. საქართველოს მოსახლეობას ყველაფერი კარგად ახსოვს და როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყვეს დღევანდელ ხელისუფლებაზე, მაინც არ დაუშვებს იმ სისასტიკის და ტერორის ქვეყანაში დაბრუნებას. ნაციონალების რომელიმე სახელისუფლო შტოში გამაგრება, ურალოდ, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. სცენარი და მათი ხელწერა ცნობილია და ახლაც, მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები ისე წარმოაჩენენ, თითქოს გამარჯვებულები არიან და ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, დაშინების მეთოდებს მიმართავს. წარმოაჩენენ, თითქოს ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებები და კრიმინალის ფაქტები, პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება. არაერთი მცდელობისა და პროვოკაციის მიუხედავად, ფაქტია, დღეს პოლიცია ადამიანურია და კანონის ჩარჩოებში მოქმედებს. შინაგან სამეთა მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს პროვოკაციის ცალკეული შემთხვევებთან პოლიციის ადექვატური მოქმედება, კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს. სრული მობილიზაციის პირობებში ნაციონალებმა აქცენტი რეგიონებზე აიღეს და დაძაბულობის კერების შექმნას ცდილობენ, თუმცა მინისტრი გახარია ირწმუნება და მის პირობას უნდა ვენდოთ, რომ ამჯერადაც ეს არჩევნები მშვიდ და ნორმალურ საარჩევნო ვითარეაში ჩაივლის“.

გრიგოლ ვაშაძის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ მაშველ რგოლად კრიმინალურ ავტორიტეტებს მოუხმო და ისინი დაშინების გზით აგროვებენ ხმებს სალომე ზურაბიშვილისთვის.

„ზურაბიშვილმა პირველი ტური მოიგო. მართალია, ვაშაძე ფეხდაფეხ მიყვება, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს. რაც შეეხება კრიმინალების დახმარებას და მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს, გეტყვით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლებას იმ ადამიანების მხარდაჭერის იმედი აქვთ, ვინც პირველ ტურში არ მიიღო მონაწილეობა და ხელისუფლებას გაუნაწყენდა“.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე კეთდება განცხადებები არჩვენების გაყალბებაზე, 600 ათასი ადამიანის მოსყიდვაზე, ყალბ პირადობებზე და ა.შ.

„არანაირი ყალბი პირადობები არ იქნება ამ არჩევნებზე და ესეც იმ სცენარის ნაწილია, რასაც დასავლელი პარტნიორებისთვის სააკაშვილის მომხრეები ქმნიან. რაც შეეხება 600 ათას ადამიანს, რომელთა მიმართაც ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა და მათ მიმართ ვალების ჩამოწერა მოხდება, ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და ამომრჩეველთა მოსყიდვასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორ გგონიათ, ამ ადამიანებიდან ყველა ხელისუფლების მომხრეა?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჭარბვალიანობის პრობლემა უნდა მოგვარდეს და აქ პარტიული სიმპათია-ანტიპათია, არაფერ შუაშია. ამ მხრივ კიდევ არაერთი ნაბიჯი გადაიდგმევა და ხალხი შვებას იგრძნობს“.

ამომრჩეველთა მობილიზებას მოძრაობა „არა ნაციზმს“ და პატრიოტთა ალიანსიც ცდილობენ. ძალიან ბევრი ხმა სჭირდება ხელისუფლებას მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გასაყვანად…

„ეს მხოლოდ მეორე ტური არ არის. მეორე ტური შეიძლება გახდეს გზის გასაყარი და გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმედი მაქვს, საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მრუდე გზით სვლას; არ დაუშვებს, რომ ხალხმა დაძაბულ გარემოში, დესტაბილიზაციის ზღვარზე იცხოვროს“.

 

 

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *