„პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით“ – გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას არ ახასიათებს პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *