მაღაზიის გამყიდველი ქალი დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს – რა მოხდა წუხელ მუხიანში?

1,444 წაკითხვა

ახალგაზრდა ქალი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება წუხელ მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს.

როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი უარით გაისტუმრა და მოსთხოვა, მარკეტი დაეტოვებინა.

მალევე საქმეში გამყიდველი ქალის მეუღლე, მარკეტის მეპატრონე ჩაერთო, რომელსაც, დაზარალებული ქალის ინფორმაციით, ხაბულიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ადგილზე რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც თამარ ბახსოლიანი ყვება, სწორედ ამ დროს მას ხაბულიანმა სახეში გაშლილი ხელი ძლიერად ჩაარტყა.

ქალმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან სამართალდამცველებს ჩვენება წუხელვე მისცა და დეტალურად უამბო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ბერდია ხაბულიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრია.

ეს ინფორმაცია თავად დეპუტატმა დაგვიდასტურა, რომელმაც მომხდარის შესახებ ჩვენგან შეიტყო. გვითხრა, რომ ხაბულიანი მისი დისშვილია და როგორც გაარკვია, ფიზიკური შეურაცხყოფა პირიქით მას მიაყენეს.

ბერდია ხაბულიანმა კი გვითხრა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

ბერდია ხაბულიანი:

– სახელიც არ ვიცი იმ ქალის. მოგცემთ ნომერს იქ ვინებიც იყვნენ, დაურეკეთ და გეტყვიან, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

-პოლიცია რატომ გამოიძახა აბა?

-არ ვიცი, მე წამოვედი ეგრევე და მერე რა მოხდა ვერ გეტყვი. იმ ქალმა რაღაც შეურაცხყოფები მომაყენა, ვუთხარი – ქალბატონი ხართ, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთთქო და წამოვედი. ქალზე ცხოვრებაში ხელი არ ამიწევია და არც ავწევ.

-მისი ინფორმაციით, ლუდის ნისიად აღება გსურდათ, რაზეც უარი გითხრათ და ამას მოჰყვა თქვენი გაღიზიანება…

-პირველად ნამდვილად გვინდოდა ლუდის აღება.

-თუ არ იცნობთ, სახელიც თუ არ იცით ამ ქალის, ნისიად როგორ მოგცემდათ ლუდს?

-არა, ასე არ ვიცნობ თორემ, ჩვეულებრივ დანახვით და მისალმებით ვიცნობ. სხვა შეხება არ მქონია არასდროს. უბანში, მეზობლად არის მაღაზია, მანქანა არ გვყავდა და გვეზარებოდა ჩასვლა ქვევით, ამიტომ ვთხოვე ნისიად მოეცა და ხვალ ჩამოგიტანთქო.

-ფიზიკური დაპირისპირება რას მოჰყვა?

– არა, მე ფიზიკურად არ შევხებივარ, მოგცემთ ნომერს იქ ვინებიც იყვნენ და კითხეთ თუ გინდათ.

ბერდია ხაბულიანის თხოვნითვე დავუკავშირდით მის მეზობელს, ხატია დადიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ხაბულიანს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და პირიქით, ქალი მისი მისამართით იგინებოდა.

ხატია დადიანი, ხაბულიანის მეზობელი:

-არავითარ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ვნახე გაცხოველებული ქალი, რომელზეც სურვილი გამიჩნდა, რომ შემომეცხო. იგინებოდა ბერდიას მისამართით. იქ მეგობარი კაცი აწყნარებდა – ნუ ყვირიხარ, ხომ ხედავ ბავშვი ტირისო. ქმარიც იქვე იყო. იქ იყვნენ ბიჭებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ ამ ქალს – რატომ იტყუები, ხომ არ დაურტყამსო.

-და თუ არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ხაბულიანს, ასე უმიზეზოდ რატომ იგინებოდა მაშინ ის ქალი…

-ჩემი ქმრის შეურაცხყოფას არ გაპატიებო… აშკარად იწვევდა ეს ქალი. საშინელებები აკეთა. შემდეგ ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია და კრიმინალური.

ბონდო კალატოზიშვილი, მარკეტის მეპატრონე:

„მეუღლემ მისცა ჩვენება. თუ რამე გაინტერესებთ გაეცანით რაც დაწერა. ხელის გარტყმის შესახებაც უწერია ჩვენებაში დეტალურად“.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Next Post

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია 9 ნარკომოვაჭრე

სამ ივლ 28 , 2020
1,444 წაკითხვაშსს-მ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს […]