Breaking News
Home / მთავარი სიახლე / თამაზ გოჩაშვილი – „ვეტერანები 3 იანვრის დარბევის გამოძიებას ვითხოვთ“

თამაზ გოჩაშვილი – „ვეტერანები 3 იანვრის დარბევის გამოძიებას ვითხოვთ“

ლალი ცერაძე

2010 წლის 27 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ზეობის დროს, როდესაც წინასაახალწლო სამზადისში იყო ქვეყანა, საქართველოს ვეტერანებმა დაიწყეს გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია. ეს იყო იმ განუკითხაობის, სისასტიკის, შეურაცხოფის მიმართ პროტესტი, რომელშიც ამ ფაშისტურმა პარტიამ ამყოფა მთელი ქართველი ხალხი და მათ შორის პატრიოტი ვაჟკაცი მეომრები.

 სანქცირებული აქციის დასარბევად ბატონი მიხეილის დავალებით დაიძრნენ მაშინდელიმშობლიურიპატრულის თანამშრომლები და ასევე განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული თბილისის სამმართველოს ოპერატული მუშაკები. მათ აშკარად ამოძრავებდათ  ქულების დაწერის სურვილი და მაამებლობა თავიანთი პატრონების მიმართ და არ ჰქონდათ არანაირი თანადგომის ან ოდნავი პატივისცემის გრძნობა ამ დიდებული ქართველი ვაჟკაცების მიმართ. დარბევამ მიიღო საერთაშორისო უარყოფითი გამოხმაურება და უკვე აშკარად ჩამოეხადა ნიღაბი ნაციონალების ფსევდოდემოკრატიულ და ფსევდოჰუმანურ მმართველობას.

გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ თამაზ გოჩაშვილთან, რომელიც ამ აქციის სულისჩამდგმელი და მონაწილე იყო. აფხაზეთის ომის დროს ბატონი თამაზი სადესანტომოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახლდათ. სამხედრო წოდებითმაიორი. მას თავი არ დაუზოგია ტამიშის დესანტის განადგურებისას თუ სოხუმის ბრძოლებში და რამის ყველაზე ბოლო წუთებში დაჭრილი გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან. წლების განმავლობაში ვეტერანების მიმართ გამოჩენილმა არასახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ და დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ბოლოს და ბოლოს მას შიმშილობის აქცია დააწყებინა და დღეს ვეტერანთა მოძრაობის ერთერთი აქტიური ლიდერია.

ბატონო თამაზ, 2010 წლის დეკემბრის ბოლოს თქვენ წამოიწყეთ ვეტერანთა შიმშილობის აქცია. როგორც მახსოვს, მიზეზად იქცა გვარდიის შენობაში დაღუპულ მეომართა სურათების გადაყრის ფაქტი. როგორ გაიხსენებდით ამ ამბავს?

შიმშილობის აქციას სულ სხვა საფუძველი ქონდა. საქმე იმაშია, რომ ვიყავი უმუშევარი და ძალიან გაჭირვებაში ჩავვარდი. ამ დროს კიდევ უარესი უბედურება დამემართა და ჩემი საყვარელ ადამიანს, დედას, ინსულტმა დაარტყა. ძალიან განვიცადე, როცა საავადმყოფოში მომთხოვეს ხუთასი ლარი, რომლის შოვნის არანაირი საშუალება არ მქონდა. მეგობრებმა ფული მომიგროვეს და არ იყო საკმარისი. როგორც იქნა საავადყოფოდან გამოვიყვანე და ისევ ხელახლა გახდა ავად. ახალი წელი მოდიოდა და ვხედავდი, რომ ჩემს ყველა გმირ ბიჭებს, რომლებთან ერთადაც სანგრებში ჩვენ ლუკმა ერთად გაგვიყვია, აბსოლუტურად ერთანირად მძიმე მდგომარეობა ქონდათ.

აშკარად ჩანდა, რომ გარშემო ხდებოდა სოციალური უსამართლობა. როდესაც ჩვენ შიმშილით ვიხოცებოდით, ნაციონალები ფეშენებელურ კონცერტებში და სანახაობებში, არარეალურ პროექტებში და ფოიერვერკებში, საკუთარ ფუფუნებაში ხარჯავდნენ თანხებს. მათ ვეტერანთა სოციუმი აქციეს ბოგანო, დაჩაგრულ ფენად და ნებისმიერ დაწესებულებაში სრული უპატივცემობით გვექცეოდნენ.

გადავწყვიტე თანამოაზრეები შემომეკრიბა და ისეთი აქცია მომეწყო, რომელიც ხელისუფლებას დაანახვებდა მკვეთრად გამოხატულ პროტესტს და თავგანწირვას ჩვენი მეომრების და დაღუპულთა ოჯახების მდგომარეობის გამოსწორებისათვის. ასევე მინდოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ხელისუფლებს, ნაციონალების დამცველ მთავრობებს ყურადღება მიექციათ ამ პრობლემებისადმი. ჩემს თანამებრძოლს თემურ ელისაშვილს გავუმხილე გულისნადები. გადავწყვიტეთ სწორედ ახალი წელი ჩაგვეშხამებინა ნაცხროვისთვის და დაგვეწყო გმირთა მოედანზე შიმშილობა. მინდოდა ბოლო მომეღო  ამ განუკითხაობისთვის და წავედით უკიდურეს გამწვავებაზე.

თან ვფიქრობდი – ამდენი ვიომე და დედა ვერ დამიწვენია საავადმყოფოში და წამალი ვერ მიყიდია მეთქი. ცარიელი ხელებით და მშივრები ვხვდებოდით ახალ წელს იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც ჩვენი სიცოცხლე არ გვენანებოდა. ამ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება არ იყო შინაგანად ადვილი საქმე, მაგრამ მეტი გამოსავალი არ დაგვიტოვეს.

დედის მიმართ ჩემი სიყვარულის და დახმარების სურვილს თან დაერთო 25 დეკემბერს გვარდიის სამმართველოდან ჩვენი მეგობრის მიერ გადაყრილი სურათების მოტანამ და ამ ფაქტზე სულ უფრო გული დაგვწყდა და დაგვანახა, რომ მართლაც სრული განუკითხაობა იყო. გულით მივხვდი უკან ვეღარ დავიხევდი. ამას უკვე ზღვარზე გადასვლა ერქვა. ნებისმიერი ჩვენთაგანი  შეიძლება შავ ჩარჩოში ჩასმული აღმოჩენილიყო და თითქოს გვეუბნებოდნენ მათი სულები, გთხოვთ დაიცავით ჩვენი ოჯახებიო. ამას თან დაემატა, ისიც რომ ბიჭები ცხოვრობდნენ საცოდავ 22 ლარიან სუფსიდიაზე, ძაღლებივით რომ მოგვიგდს და ბევრს მთავრობის დადგენილებით ეს მცირედიც მოუხსნეს. ჯანმრთელობის დაცვის მხრივ რაიმეს დახმარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

ფიქრობდით, რომ თქვენს პროტესტს რაიმე შედეგი მოჰყვებოდა?

მე ვიცოდი რაც მელოდებოდა. ამ ხნის კაცმა გულში ჩავიხუტე სადესანტო ბატალიონის ნატყვიარი და სისხლიანი დროშა და ჩემს მეგობართან ერთად იმ სიცივეში დავჯექით საშიმშილოდ. არ ვაღვევდით არანაირად კანონს და გამოვხატავდით უსიტყვო პროტესტს. რამე რომ არ დაებრალებინათ გარშემო ჩვენ თვითონ ვიცავდით სისუფთავეს და წესრიგს. ბიჭებმა ორი პატარა კარავი მოიტანეს და სამხედრო საძინებლები, რადგან ღამეც იქ ვიყავით, ძალიან ციოდა და შიმშილობის დროს სიცივე უფრო იგრძნობა.

რამდენი ადამიანი შიმშილობდით?

თავიდან ვიყავით მე და თემურ  ელისაშვილი და დაგვემატნენ, თამაზ თეიმურაზოვი, მალხაზ თოფურია და ავედით თორმეტ კაცამდე.

ბატონო თამაზ მახსოვს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა თქვენს აქციას?

მართლაც ყველა მოდიოდა ჩვენს გასამხნევებლად, უბრალო მოქალაქეებიც და პარტიების წარმომადგენლებიც. ჯონდი ბაღათურია, თემურ შაშიაშვილი, ვეტერანთა დეპატამენტიდანაც მოვიდნენ, ჩვენი მეგობრებიც გვამხნევებდნენ. განსაკუთრებით ყურადღებით გვექცეოდა ირაკლი ბათიაშვილი და ბოლომდე ჩვენთან იყო.

და ამ რამდენიმე დღიან შიმშილობას მოჰყვა  3 იანვარს თქვენი დარბევა უხეში ძალით?

დიახ ჩვენი პროტესტი არ დარჩა შეუმჩნეველი. ამბობენ, რომ მიშა სააკაშვილმა გმირთა მოედნის ხიდიდან დაგვათვალიერა და გასცა ბრძანება ჩვენი აყრის შესახებ. იმიტომ რომ მის „გაცისკროვნებულ“ ქალაქში, უმაღლესი რანგის საახალწლო და საოპერო  ფეშენკონცერტების ფონზე ჩვენ არ ვჩანდით კარგი ხედით და აშკარად ხელი შევუშალეთ. იმიტომ, რომ  იმ გალამაზებულ თბილისში თავისი მტკივნეული ფორმით სოციალურმა და პატრიოტულმა პრობლემბმა გადმოხეთქა.

მოედანზე შემოვიდა პოლიცია, რომელიც ცდილობდა ჩვენს განდევნას. ჩვენ მაშინვე დავსხედით და შევიკარით. მაგრამ თავიანთი სპეცმეთოდებით დაიწყეს ჩვენი აყრა. ამ დროს მოვიდა ბატონი გია ყარყარაშვილი და გვთხოვა შეგვეწყვიტა შიმშილობა და დაგვპირდა „სასწაულს მოვახდენ და თვენს გულისტკივილს მივიტან სადმე, სადაც მოაგვარებენო, თუ რაღაც შემიძლიაო“. ჩვენთვის ჩვენი გენერლის თხოვნა ყურადსაღები იყო და ნელ-ნელა ვაპირებდით დაშლას. ამავე დროს მე ყველას ვუხსნიდი, რომ არაფერს არ ვაშავებით, ჩვენი აქცია იყო სამართლებივ ჩარჩოში და საზოგადოებრივ წესრიგს არ ვარღვევდით. ძალიან ვღელავდი. ვხედავდი შემოტევა იწყებოდა. ნაშიმშილარი ვიყავი და თან ვგრძნობდი ძალები მტოვებდა. ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით პოლიციას და არაფრით არ გვინდოდა დათმობა. მალხაზ თოფურიაც ხმამაღლა ყვიროდა პრობლემებზე, რომ ჩვენს ბიჭებს პურის ნატეხიც არ ქონდათ სახლში და ხელისუფლება ფულს უაზროდ აპნევდა.

ამ დროს უკვე გამოჩნდნენ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ე. წ. მიშა სააკაშვილის „ზონდერები“ თბილისის პოლიციის სამმართველოდან. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ აგრესიით ზურაბ უკლება (საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი), კოტე დიღმელაშვილი, ზურაბ ვახტანგიშვილი თბილისის საპატრულო დეპარტამენტიდან. ჩვენ მივხვდით, რომ მათი მიზანი იყო ჩვენი გადაყვანა გზის სავალ ნაწილზე და დაპატიმრება. ამას მივუხვდით და როგორც იქნა ხელიდან გავუსხლტით. ვინც დაიჭირეს, ყველა საშინლად სცემეს (მათ შორის შოთა იამანიძე, შოთა ზღულაძე, სერგო დვალი, ლევან ასათიანი) და დააკავეს. განსაკუთრებით გაუსწორდნენ მალხაზ თოფურიას. ძალადობის მსხვერპლი გახდა ქალბატონი ეკა მათიაშვილი, რომელსაც სახეში იმდენად ძლიერად ჩაარტყეს, რომ მეორე დღეს ის პოლიციელი თვითონ ნაციონალებმა მოხსნეს სამსახურიდან. ახლაც ყურში ჩამესმის ერთ-ერთი ქალბატონის განწირული კივილი: „ქართველები არა ხართ, რა გემართებათ?!“, მაგრამ მათი შეჩერება შეუძლებელი იყო. დააკავეს თერთმეტი აქციის მონაწილე.

ბატონო თამაზ, რით დამთავრდა ეს აქცია?

იმდენად ამაზზრზენი და დამთრგუნველი ფაქტი მოხდა, რომ შიმშილობის აქციის აღკვეთის საკითხი გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და გამოიწვია დიდი რეზონანსი. მეორე დღეს გმირთა მოედანზე ჩვენს დასაცავად შეიკრიბნენ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტოკოსები და მოქალაქეები, მათ გააპროტესტეს ჩვენი დარბევა და მთელი თბილისის მოსახლეობას მოუწოდეს თანადგომისაკენ.

სახალხო დამცველმა დაგმო ჩვენი გადათელვა. ასევე მხარი მოგვცეს არასამთავრობოებმა და თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოთქვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მიმართ თავისი პროტესტი და  მან პოლიციის მიერ ძალის  გადამეტება აღიარა და დაგმო. ამან კიდევ შეაჩერათ სპეცსამსახურები და მასიურ დაჭერას გადავრჩით.

დაკავებულებს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ჩვენმა „სამართლიანმა“ სასამართლომ. იმ ბიჭებს, რომლებიც დღეში ერთ სიგარეტს და ერთ ნაჭერ პურს კმარულობდნენ, ასეთი ფორმით „დაეხმარნენ“ და ზოგიერთები ციხეშიც ჩასვეს. ეს „კომედიშოუ“ საჩვენებელი იყო მიშა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, მათი გულის მოსაგებად, საზოგადოების დასაშინებლად.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ  ჩვენი აქციის დარბევა იყო კარგი მაგალითი ნაციონალების ჭეშმარიტი ფაშისტური სახის გამოვლენებისა, რადგან მოშიმშილეთა მიმართ ძალის დემონსტრირება არის საერთაშორისო ჰუმანური კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ამასთან ნაციონალების პარტიული ბოსები ვახტანგ ბალავაძე, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი სატელევიზიო გამოსვლებით ათასნაირად გვლანძღავდნენ. ნაციონალების დავალებით ჩაატარეს ე. წ. „წმენდა“ და სახელმწიფო სტრუქტურებიდან ოთხმოცდაათი ვეტერანი გაათავისუფლეს.

და ამდენი ხანი გავიდა ჩვენი დამრბევებიდან არავინ არ არის დასჯილი, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და კომპენსაციაც დააკისრა სახელმწიფოს ვეტერანთა სასარგებლოდ.

მე პირადად მინდა, რომ ისე ვუყვარდე ჩემს სამშობლოს როგორც მე მიყვარს. როდესაც ჩვენი ბატალიონი „დე-შე-ბე“ ტამიშში 1993 წლის 2 ივლისს დესანტს შეეჩეხა,  მოწინააღმდეგეს მუსრი საგრძნობლად გავავლეთ და მათი გეგმები ჩავშალეთ, იმ ცხარე ბრძოლაში შორს ვიყავით იმ აზრისგან, რომ ჩვენ ამისთანა სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაგვყრიდა ჩვენი ხელისუფლება. და მე ვფიქრობ, ჯერაც არ ვცხოვრობ იმ საოცნებო მამულში, რომელიც თავის ღირსეულ და მოამაგე შვილებს სიყვარულით მოეფერება.

 

კომენტარები

Powered by themekiller.com