Breaking News
Home / მთავარი სიახლე / გივი ეჟიშვილი – „როგორ ამოხოცეს რუსებმა ქუთაისში მხედრიონელები 1993 წლის  11 მაისს“

გივი ეჟიშვილი – „როგორ ამოხოცეს რუსებმა ქუთაისში მხედრიონელები 1993 წლის  11 მაისს“

ლალი ცერაძე

სანამ აფხაზეთის ომი დაიწყო ქუთაისში დიდი მეურნეობა გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. სამოქალაქო ომის დროს და შემდეგ დიდი ეკონომიური გაჭირვება ჩამოვარდა და თან ვმუშაობდით და თან ჩვენს მამულიშვილურ ვალად მიგვაჩნდა დავხმარებოდით გაჭირვებულებს.

მშიერ მოსახლეობას და მეომრებს ჰუმანიტარულ აქციებსაც ვუწყობდით და ვეხმარებოდით რაც შეგვეძლო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო გადავწყვიტეთ ფრონტიც მოგვემარაგებინა და შინაგან კმაყოფილებას განვიცდიდით, როდესაც მშიერ ჯარისკაცს ვაპურებდით.

ნაღმების აფეთქების მხრივ ოჩამჩირის ფრონტზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო რუსების და აფხაზების დადებულ ნაღმებზე ხშირად იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები. გავიგეთ, რომ რუსების სამხედრო ნაწილებს შეიარაღებაში ქონდათ რაღაც საბრძოლო მანქანა, რომლის კომპიუტერული ახალი სისტემა ეძებდა და აფეთქებდა ნაღმებს.

ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ რამენაირად ეს მანქანა ხელში ჩაგვეგდო, უნდაც თანხის გადახდა ყოფილიყო საჭირო. მით უმეტეს, რომ რუსების სამხედრო ნაწილები უკვე გადიოდნენ დისლოკაციის ადგილიდან და იარაღსაც ყიდნენ ხოლმე.

იმდენი მოვახერხეთ, რომ  შევიძინეთ ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე ორი „ბეტეერი“ და 200 ავტომატი, რომლებიც სასწრაფოდ დაურიგეს ბიჭებს და ფრონტზე წაიყვანეს.

დავუკავშირდით ქუთაისში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელს  და მოლაპარაკება დავიწყეთ მათთან, რომ გარკვეული საფასურად ასეთი საბრძოლო მანქანა შეგვეძინა. თანაც მაშინ საღორიაზე მდებარე #35 სამხედრო ნაწილი დისლოკაციას იცვლიდა, გადადიოდა ბათუმში.

შეთანხმება შედგა თბილისში.

შევხვდით რუსების სამხედრო ჩინოვნიკებს და გადავიხადეთ 20 ათასი დოლარი. რუსებმა გვითხრეს, რომ იყიდვა-გაყიდვას ვერ გააკეთებდნენ ასე თავისუფლად და ღიად და უნდა გაგვეთამაშებინა, რომ თითქოს ჩვენ შევვარდით სამხედრო ნაწილში და დავიკავეთ. თუმცა უკვე ფაქტობრივად გასული იქნებოდნენ იქიდან.

ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ბატონი ჯაბა იოსელიანი. გავაფრთხილეთ მაშინდელი პარტიები და პრესა, რომ ჩვენ თან  შემოგვყოლოდნენ, გაეშუქებინათ  მიმდინარე პროცესები.

გვიხაროდა, რომ და ეს სტრატეგიული ტერიტორია ჩვენს ხელში გადმოდიოდა და აქ ჩადგებოდა ჩვენი ქართული გვარდია და მხედრიონი.

მე თბილისში ჩამოვედი საქმეებზე და მესმის საინფორმაციო გამოშვებაში, რომ 1993 წლის 11 მაისს რუსების სამხედრო ნაწილში დახოცეს ჩვენი ბიჭები.

მართლა ლომგული ბიჭები. თითქოს სპეციალურად იყვნენ შერჩეულები, რომ ქუთაისის მხედრიონი გაენადგურებინათ: ბიჭიკო შავრეშიანი, ალექსი ტყეშელაშვილი, ჯამბული (გერასიმე) კანდელაკი, მალხაზი ჯინჭველაშვილი, ემზარ მაწკეპლაძე და ჯონი ფრანგიშვილი.

როგორც შემდგომში გავიგე, ჩვენებს ძალიან დიდი სიფრთხილე გამოუჩენიათ, რადგან ახსოვდათ თუ როგორ ამოხოცეს გორში რუსების სამხედრო ნაწილში  საჩხერის ბატალიონის წევრები და მათი მეთაური ბესო ქუთათელაძე.

ამიტომავ, წინასწარ შეუშვიათ დაზვერვაზე ე. წ. „ბომჟად“ გადაცმული ბიჭი. იქ მას ვიღაც ქალები დახვედრია, ვითომ მათხოვრობა დაუწყია და თან თურმე ათავლიერებდა იქაურობას.

მან დაზუსტებით გამოიტანა ამბავი, რომ სამხედრო ნაწილი ცარიელია და არავინ არ არის, საშიში არაფერიაო.

ჩვენი ბიჭებიც დაწყნარებულან და დანდობილზე შესულან პოსტზე „კა-პე-პეზე“ და ეზოში ელოდებოდნენ პოლიტიკოსებს და პრესის წარმომადგენლებს.

გაკვირვებიათ, რომ მათგან არც ერთი  საეჭვოდ არ მისულა.

არავითარი ნღმების ამომცნობი მანქანა ან მძიმე ტექნიკა  არ დახვედრიათ შიგნით და მიხვდნენ, რომ რუსებმა მოატყუეს.

უცბად ატყდა სროლა ყველა მხრიდან და მცდელობის მიუხედავად ვეღარ გამოვიდნენ, რადგან მოულოდნელად ალყაში აღმოჩდნენ.

სახურავებიდანაც კი ესროდნენ და დიდი მასირებული ცეცხლის ქვეშ  ადგილზე დაიღუპნენ.

მხოლოდ მათმა მეთაურმა ბიჭიკო შავრეშიანმა იცოცხლა ცოტა ხანი და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდეც.

ისევე ძირ-ფესვიანად უნდოდათ ჩვენი მოსპობა. მძიმე ტექნიკით გადაუარეს  ჩვენს მეურნეობას. დაანგრიეს და მოსრეს ყველაფერი, რადგან გადარჩენილებმა იქ შეაფარეს თავი.

დაიჭირეს 10-12 კაცი და სამხედრო ნაწილზე თავდასხმა წაუყენეს ბრალად. ჩვენ მაშინ არავითარი თანადგომა და თანაგრძნობა არ გვიგვრძნია მაშინდელი ვითომდა ქართული ხელისუფლებისგან.

ჩვენი მაშინდელი ქალაქის მერი თემურ  შაშიაშვილი ჩვენს წინააღმდეგ  რაღაც საეჭვო განცხადებებს აკეთებდა კიდეც.

აღარ ახსოვდა ის, რომ სწორედ ეს ბიჭები ეხმარებოდნენ ქუთაისზე შეტევით წამოსული ზ. გამსახურდიას მომხრეების მოგერიებაში.  მაშინ კარგად ყვიროდა, “არიქა, ბიჭებო, მიშველეთ, მიშველეთო”.

დაკრძალვალზე და სამძიმარზე მოვიდა მარტო ბატონი ჯაბა იოსელიანი. გული დაწყდა ასეთი ვაჟკაცები რომ ამოხოცეს და ძალიან ინერვიულა.

მხედრიონელები მაშინ ფრონტზე აჩვენებდნენ გმირობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითებს. ამავე დროს, კარგად ჩანდა, რომ კომერციული ნიჭიც აღმოგვაჩნდა. ვეხმარებოლით ქუთაისის მოსახლეობას, პურით, შაქრით, პროდუქტებით.

იმდენი მოვახერხეთ, რომ ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი ინგლისში გასტროლებზე გაუშვით. დიდი ოვაციები დაიმსახურეს და პოპულარობაც მოიპოვეს.

როცა ოჩამჩირეს გაუჭირდა შესახვევი მასალა და სასწრაფოდ ტაშკენტიდან ჩამოვიტანე ბინტების კანტეინერები, წამლები და გადავეცი ოჩამჩირის ფრონტს და ქუთაისის საავადმყოფოს. და ამ ფონზე აშკარად ჩანდა, რომ ამ პირდაპირ დახვრეტაში ვიღაც შინაური ქართველების და იმჟამინდელი ხელისუფლების ხელი ერია. აშკარად  ჩანდა, რომ მათ სურდათ ჩვენი თავიდან მოშორება.

მე ის მიკვირდა, რომ მხედრიონში შემოსული ბიჭებიდან ზოგი კომუნისტების დროს ნასამართლევიც კი იყო. და ისეთმა ძლიერმა პატრიოტიზმმა გადმოხეთქა მაშინ, რომ ძველი ცხოვრება არც ახსოვდათ.

სიცოცხლეს შემართებით თმობდნენ მამულისათვის. ეს იყო მათთვის განწმენდა. და მართლაც, რომ სისხლით ჩამოიბანეს თავიანთი წარსული.

სანამ ფრონტზე ვაჟკაცები იხოცებოდნენ, ფუნქციონერი კარიერისტი პოლიტიკოსები და საქმოსნები ყიდულობდნენ და ყიდდნენ ყველაფერს.

იმერეთში და დასავლეთ საქართველოში მხედრიონს დიდი ძალის მოპოვება შეეძლო. ამიტომაც გაიმეტეს ეს ბიჭები. მით უმეტეს, რომ იარაღიან კაცს კიდევ თუ ფინანსურადაც არ უჭირს ეს არ აწყობდათ. ამოხოცეს ჩვენი ბიჭები და მეურნეობაც დაგვინგრიეს. ამაში მონაწილეობდნენ არა მარტო რუსები, არამედ რაღაცა ძალა, რომელმაც ისევ ჩვენგან გაიგო ამ სპეცოპერაციის შესახებ და ჩვენს წინააღმდეგ შეატრიალა ყველაფერი.

ასე სავალალოდ დასრულდა ქუთაისის მხედრიონელების ბედი და ისტორია. არანაირი გამოძიება ამ ფაქტზე არ ჩატარებულა.

სულ ახლხანს ამ ამოხოცილ ბიჭებს მემორიალური დაფა გაუხსნეს ქუთაისში. მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანთა დეპარტამენტის თანამშრომლებს გელა ცინაძეს და დავით ახრახაძეს, რომელთაც ვაჟკაცები არ დაივიწყეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

დრო ყველაფერს ალაგებს თავის ადგილზე და ყველას სახეს წარმოაჩენს.

დიახაც  ამ კაცებმა თავგანწირვის შარავანდედი შემოიხვიეს და ის პოლიტიკოსები კი, ვინც ისინი მოღალატურად გაწირა, ხალხმა თავისთავად ჩამოაშორა ქვეყნის მართვას.

 

 

 

კომენტარები

Powered by themekiller.com