პარასკევი , თებერვალი 22 2019
Breaking News
Home / მთავარი სიახლე / ყაზახეთის მისია გაეროს უშიშროების საბჭოში

ყაზახეთის მისია გაეროს უშიშროების საბჭოში

თბილისის ღია უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გაწეული მუშაობის შედეგებს მიეძღვნა. განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიური საზოგადოების წევრები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, იურისტები.

2016 წლის 28 ივნისს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში, კენჭისყრის შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკამ 193 ხმიდან დააგროვა 138 გაეროს წევრი-სახელმწიფოს ხმა და პირველად იქნა არჩეული გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად, 2017-2018 წლების მანძილზე. ყაზახეთი თავისი ვალდებულებების შესრულებას 2017 წლის 1-ლ იანვარს შეუდგა – პირველი შემთხვევა, როდესაც შუა აზიის რეგიონის წარმომადგენელს ხვდა წილად ამ ფუნქციის შესრულება. 2018 წლის იანვარში ყაზახეთმა დაიკავა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ადგილი.ყაზახეთის უფლებამოსილებები უშიშროების საბჭოში გასული წლის 31 დეკემბერს დასრულდა.

შუააზიური სახელმწიფო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობას იყენებდა თავისი ეროვნულ-სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად, საკუთარი სტაბილობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე, როგორც მთელი შუა აზიის რეგიონში ამავე შედეგის მისაღწევად. ასტანის ოფიციალური პოზიცია იყო და არის ცენტრალური აზიის რეგიონის გადაქცევა «მშვიდობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ზონად».

ქართველმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ოფიციალური ასტანის მიერ დასმული აქცენტები, როდესაც იგი უშიშროების საბჭოს წევრი, და განსაკუთრებით, თავმჯდომარე იყო, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის ავღანეთიც საკმარისია, რომელშიც ვითარების დარეგულირებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყაზახეთის სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ხომ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ავღანეთში ნატოს მისიაში, ქართველი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამყარებენ მშვიდობას ავღანეთში, ამ რისკის ფასი ჩვენ ვიცით დაღუპული ქართველი სამხედროების სავალალო მაგალითზე. ქართული საზოგადოებრიობა ავღანეთის ტერიტორიაზე მისიას არაერთგვაროვნად აღიქვამს, ისმის კრიტიკა. ასე რომ, რაც უფრო მალე გადაწყდება ავღანეთის პრობლემა, მით უკეთესი ყველასათვის, მათ შორის, საქართველოსათვის.

ყაზახეთი ავღანეთს დაეხმარა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში, ამ ქვეყანაში არსებული ურთულესი ფონის მიუხედავად, და ეს არჩევნები შედგა. გარდა ამისა, ყაზახეთი ეხმარებოდა და ეხმარება ავღანეთს განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე ფქვილისა და ხორბილის მიწოდებაში, ხიდებისა და ჯებირების მშენებლობაში, ყაზახეთმა ააშენა წყალსაცავი და სკოლები, საავადმყოფოები, გზები და ხიდები. ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ყაზახეთი აკეთებს, რათა დააჩქაროს ავღანეთის განვითარება. ყაზახეთმა საკუთარ თავზე აიღო 1000 ავღანელი სტუდენტის განათლების ვალდებულება. ეს პროგრამა გრძელდება და 2019 წლიდან აქცენტი ქალებზე გაკეთდება. სწავლება არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისთვისაც იქნება.

კიდევ უფრო საგრძნობი და თვალშისაცემია ყაზახეთის მცდელობები, გაუმჯობესდეს ვითარება სირიის არაბულ რესპუბლიკაში. საქმე მხოლოდ და არა იმდენად ოპერატიულ ვითარებას ეხება, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბევრად უფრო რთული ამოცანა იყო თურქეთის, ირანის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესების ჰარმონიზება სირიის საკითხის გარშემო. ამ სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერსების შეცვლა პრინციპში შეუძლებელია, მაგრამ ყაზახეთს არც დაუსახავს თავისთვის მიუღწეველი მიზნები. სამაგიეროდ, აშკარაა დიდი მოთამაშეების პოზიციების შერბილება. ისინი ისე აქტიურად აღარ უყენებენ ერთმანეთს ბრალდებებს ამა თუ იმ ქმედებებში, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდნენ.

მრგვალი მაგიდის მომხსენებელმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა:

«მასობრივი განადგურების შეიარაღებების გაუვრცელებლობა – დღესდეობით, კაცობრიობის გადარჩენის საკითხია. ეს არის ყაზახეთის გზავნილი, რომელიც მან მსოფლიოს გააცნო პლანეტის მთავარი ტრიბუნიდან. ეს არ იყო მხოლოდ მოწოდება, არამედ დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბირთვული საფრთხის მინიმიზაცია. გაეროს უშიშროების საბჭოში ყაზახეთის თავმჯდომარეობის მთავარ ღონისძიებად გვევლინება 2018 წლის 18 იანვარს უმაღლეს დონეზე გამართული თემატური ბრიფინგი, რომელსაც ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი პირადად უძღვებოდა. სხდომა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ფარგლებში ნდობის ჩამოყალიბების ღონისძიებებს ეხებოდა. ნურსულთან ნაზარბაევმა წამოაყენა ინიციატივა, შემუშავებულ იქნას მასობრივი განადგურების იარაღის შესყიდვის და გავრცელების შემთვევაში დასჯის მექანიზმი, რომელიც რეალურად შეძლებს მუშაობას. ნაზარბაევმა ასევე მოითხოვა, რომ გართულდეს ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობა. ყაზახეთის პრეზიდენტის აზრით, მთავარი მაინც ნდობის ჩამოყალიბებაა, დიალოგი სახელმწიფოთა შორის, ნაცვლად სახიფათო დაპირისპირებისა. ყაზახეთის პოზიციაა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ, იყვნენ წარმატებულნი და მსოფლიოში ავტორიტეტულნი ასეთი შეიარაღებების ფლობის გარეშეც.

სხდომის შედეგად მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდმომარის განცხადება (Presidential statement) გრიფით S/PRST/2018/1 ეძღვნება კონფლიქტების პრევენციის ყოვლისმომცველ სტრატეგიას. ამ დოკუმენტში სხვადასხვა მოთხოვნასთან (ძირითადად, პრევენციული ხასიათის) ერთად, პირველად იქნა შეტანილი მასობრივი განადგურების შეიარაღების გაუვრცელებლობის საკითხები. ამაში გამოიხატება მოცემული დოკუმენტის უნიკალურობა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის რანგში ყაზახეთის რესპუბლიკამ უზრუნველჰყო უშიშროების საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა, გაეროს სამდივნოსთან ერთად, და ასრულებდა მასზე მანდატით დაკისრებულ ფუნქციებს. ყაზახეთის თავმჯდომარეობის პერიოდში შედგა 30-მდე სხდომა კონსულტაციების, ბრიფინგებისა და დებატების ფორმატში, რომელთა შედეგად მიღეებულ იქნა რეზოლუციები და საბჭოს თავმჯდომარის განცხადებები პრესისათვის.

ჩვენ კი, საქართველოში, ვუწყით, რომ ყაზახეთი ჩვენი საიმედო მეგობარი და მოკავშირეა ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით; ასტანა არასოდეს არ სცნობს ჩვენს მიწებს «დამოუკიდებლად». ჩემი სახელით და, ვფიქრობ, არავინ ამ დარბაზში არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ვიტყვი თქვენი სახელითაც, მინდა, მადლობა გადავუხადო ყაზახეთს ასეთი პოზიციისათვის, ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის».

გულბაათ რცხილაძემ ასევე გააჟღერა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მშვიდობის საკითხების კვლევების დაწყებასთან, ამერიკელი, რუსი, ყაზახი და კავკასიელი ექსპერტების მონაწილეობით:

«დაბოლოს, გთხოვთ, ნება მიბოძოთ, დღესვე გავაჟღერო ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენ, როგორც ექსპერტებს, დაგაინტერესებთ:

გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოში ჩამოყალიბდეს საერთაშორისო საექსპერტო პლატფორმა კავკასიის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებული დიალოგის დასაწყებად. საუბარია საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენელ პოლიტოლოგებსა და მომიჯნავე სფეროების ექსპერტებზე.

როგორც აღვნიშნე, «დიალოგი» უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო ექსპერტებს შორის, მოიძებნოს კომპრომისი კავკასიურ პოლიტიკაში, შერბილდეს სადავო საკითხები და არ დავუშვათ ჩვენი რეგიონის გადაქცევა კონფრონტაციის ან, სულაც, ომის არენად. კავკასიური პრობლემატიკა საკმაოდ მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კასპიურ-შუააზიურ რეგიონთან. ყაზახეთს თავისი კონკრეტული ეკონომიკური ინტერესები აქვს საქართველოში თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების გამო. ყაზახეთი გახლავთ აზერბაიჯანის მეზობელი კასპიის ზღვაზე და აწარმოებს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ბაქოსთან. სომხეთთან ყაზახეთს აქვს საერთო თავდაცვითი სივრცე «ოდკბ»-ის ფარგლებში. ყაზახეთი და მისი შუააზიელი მეზობლები დაინტერესებულნი არიან «სტაბილობის სარტყლის» გაფართოებაში, თავის გარშემო – კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში აქტუალური რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემასთან დაკავშირებით. ასე რომ, მთლიანობაში ზედმეტია, ვამტკიცოთ კავკასიის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ურთიერთკავშირი. ეს არის ერთმანეთზე დამოკიდებულობა ევრაზიის კონტინენტის მასშტაბით.

ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში ჩაერთვებიან თურქი და ირანელი სპეციალისტებიც, ეს მომენტი მომწიფდება, თუკი პლატფორმა დაიწყებს ფუნქციონირებას. პლატფორმა ჩაფიქრებულია საერთაშორისო ექსპერტების პირდაპირი დიალოგისათვის, მოძებნილ იქნას შეხების წერტილები.

დღის წესრიგი ჯერ არ არის გარკვეული, ამჟამად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რუს და ამერიკელ კოლეგებთან. აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგების ინფორმირება მოხდება ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თავიანთი რჩევებით გვეხმარებიან ასევე ყაზახელი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ამ მხრივ თავიანთი ქვეყნის სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივების წყალობით. შემდეგ ეტაპზე ისინი პროცესში პირდაპირ ჩაერთვებიან.

იმედი მაქვს, რომ ყოველი თქვენგანი დაინტერესდება ამ პროექტით. მე მქონდა იდეა, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას «მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი ცენტრი». დღეს ჩვენ ახლოს ვართ ამ იდეის განხორციელებასთან.

ჩვენი მიზანია: არ დავუშვათ კავკასიის და, განსაკუთრებით, საქართველოს საბოლოო ჩამოყალიბება რუსეთსა და ამერიკას, დასავლეთს შორის დაპირისპირების არენად. ჩვენი პროექტი უნიკალურია, მას არ აქვს ანალოგი. ამაშია მისი მიმზიდველობა, მაგრამ, ამავე დროს, სირთულეც».

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ თურქოლოგი ზაურ მჭედლიშვილი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი, პროფესორი ვალერიან დოლიძე, აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა, ისტორიკოსები ტარიელ გაგნიძე და ვიქტორ ცაავა, ეკონომისტები იოსებ არჩვაძე, დემურ გიორხელიძე და სხვა სპეციალისტები. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, თბილისის ღია უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები, სხვა დაინტერესებული პირები. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ მომხსენებლები სოლიდარულნი იყვნენ ერთ საკითხში: საქართველოს მეგობრული თანამშრომლობა ყაზახეთთან უნდა გაღრმავდეს და აღიარებულ უნდა იქნას ამ სახელმწიფოს ღვაწლი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

კომენტარები

Powered by themekiller.com