ბათუმის მოსახლეობა, ქალაქის ნავსადგურში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. მიმართვის ტექსტს „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს!
ბ–ნო ბიძინა,
მოგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის ნავსადგურში, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მიმდინარეობს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. აღნიშნული ტერმინალი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიცავს დიდ რისკებს, კერძოდ: 1. ტექნოგენური საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს იმ ქიმიური ნივთიერებების აფეთქებამ, რომლებიც, აღნიშნულ ტერმინალში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასაწყობდეს;
2. ეკოლოგიური საფრთხეს, რომელსაც აუცილებლად გამოიწვევს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გარდა ამისა, გამოიწვევს შავი ზღვის აკვატორიის დაბინძურებას;
3. ტურისტული ქალაქის იმიჯის შელახვას, ქიმიური ტერმინალის ქალაქში არსებობა, სრულიად დაცული უსაფრთხოების ნორმების შემთხვევაშიც კი (მხოლოდ მისი არსებობა), აუცილებლად გამოწვევს ტურისტული ნაკადის სერიოზულ შემცირებას;
ბათუმის მოსახლეობამ ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართა 3 აქცია (2018 წლის 14 დეკემბერს, მიმდინარე წლის 20 იანვარს და 30 მარტს). მარტის თვეში ბათუმის მოსახლეობის მიერ აგრეთვე შეგროვდა 30 000 ხელმოწერა, რომელიც პირადად თქვენ გადმოგეგზავნათ.
მიუხედავად მოსახლეობის სერიოზული პროტესტისა, ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ტერმინალის მშენებლობას ჰყავს გავლენიანი მფარველები, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ბიზნეს წრეებში.
გთხოვთ დაგვეხმაროთ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებისა და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო)
კონსტანტინე მორგოშია (ალტერნატივა საქართველოსთვის თავმჯდომარე)
იოსებ მანჯავიძე (ისტორიკოსი)
ზურაბ მახარაძე (საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი)
შოთა გლურჯიძე (მხატვარი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
ნინო მიქიაშვილი (ჟურნალისტი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
გიორგი ჯახაშვილი (ეკოლოგი)
ბესარიონ შარაშიძე (რეჟისორი)
გიორგი ბარდაველიძე (სისხლის სამართლის ადვოკატი)
ქეთევან ბურნაძე (ვეტერინარი)
ნიკოლოზ ონიკაშვილი (იურისტი)