სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

სოსო ცინცაძე – „ვაი, რომ არც ივანიშვილია პოლიტიკოსი და არც მისი უმრავლესობა“

1 min read

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, გიგა ბოკერიამ პრემიერ ბახტაძეს უთხრა, უნდა გადადგეთო. რამდენად მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები? ბოლო დროს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თითქოს ფინანსთა მინისტრს წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ, ეკონომიკის მინისტრს კი უშვებენ, მაგრამ წასვლა არ უნდა.
– მე ახლა სამთავრობო ცვლილებებს არ ველოდები. თუ ცვლილებები იქნება, ეს შეცდომა იქნება. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ტოტალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ელემენტარული პოლიტ-ტექნოლოგიური ანბანია, რომ არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე მთავრობის შეცვლა გაუგებარია. არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მინისტრები ვერაფერს მოასწრებენ. რა, ეკონომიკას გამოასწორებენ, ცხოვრების დონეს გააუმჯობესებენ თუ სამუშაო ადგილებს შექმნიან?! ამიტომ, უფრო უპრიანი და რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიცვალოს მთავრობა.
– გახარია რამდენად შეიძლება იყოს მომავალი პრემიერი?
– მეეჭვება, რომ გახარია იყოს შემდეგი პრემიერი.
– რატომ?
– ძალოვანი სტრუქტურიდან წამოყვანილი მინისტრი რომ გახდეს პრემიერი, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხალხს ჰგონია. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ პირველი პოლიციელის ხელია საჭირო, გამკაცრებაა საჭირო. ეს აღიქმება ცუდად ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.
თუ გახარია გახდება პრემიერი, ეს იქნება გზავნილი, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება სრულ მობილიზებას და შეიძლება მეტსაც აპირებდეს, რბილად რომ ვთქვათ.
– თუმცა, ამბობენ, რომ გახარია ერთგულებით სარგებლობს ივანიშვილთან. გამორიცხავთ, რომ სწორედ ამ ნიშნით დანიშნოს?
– ვისაც არ უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილმა, შენ გნიშნავ პრემიერადო, მერწმუნეთ, მისი ერთგული იქნება. ყველაზე პირწავარდნილ ოპოზიციონერს რომ უთხრას, შენ იქნები ხვალიდან ქვეყნის პრემიერიო, ისიც კი ივანიშვილის ერთგული გახდება იმწუთშივე და ორ დღეში გვეტყვის, ყველაფერი კარგად არის, თქვენ ვერ ხედავთ ოღონდო.
მე რომ ვიყო ივანიშვილის ადგილზე, ყველაზე მწვავე ოპოზიციონერს ჩავაბარებდი ერთ-ორ სამინისტროს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ჩავაბარებდი გიგა ბოკერიას. ასე კიდევ რამდენიმე რთულ სამინისტროს. მაგალითად, რომან გოცირიძეს ჩავაბარებდი ეკონომიკის სამინისტროს.
ეს ძველი პოლიტიკური მეთოდია, ამაში ძალიან ძლიერი პოლიტიკა დევს, მაგრამ ვაი, რომ არც ივანიშვილია პოლიტიკოსი და არც მისი უმრავლესობა. არც ერთი წევრი არ მეგულება უმრავლესობაში, ვიზეც ვიტყოდი, რომ ის არის პოლიტიკოსი. ამ ნაბიჯით ხომ იქვე დაანგრევდა ოპოზიციის რეიტინგს ივანიშვილი. თან ხომ წარმოგიდგენიათ, წინასაარჩევნოდ ამას რა ეფექტი ექნებოდა?!
70-იან წლებში, იტალიის მაშინდელმა პრემიერმა გადაწყვიტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შრომის სამინისტრო კომუნისტური პარტიისთვის დაეთმო და სწორედ მათი წარმომადგენლები გამხდარიყვნენ მინისტრები. ვნახოთ ერთი, რას გააკეთებენო. ეს ძალიან ცნობილი მეთოდია პოლიტიკაში. რაღა შორს წავიდეთ. შევარდნაძემ ოპოზიციაში მყოფ, “მოქალაქეთა კავშირიდან” გასულ ახალგაზრდების ფრთას მინისტრის პოსტი შესთავაზა. მაშინ გია ბარამიძე დაუძინებელ ოპოზიციაში იყო შევარდნაძესთან. ბარამიძემ უარი განაცხადა, მაგრამ სააკაშვილი დათანხმდა და იუსტიციის მინისტრი გახდა.
– ივანიშვილმა შეიძლება იგივე ნაბიჯი გადადგას?
– შეუძლებელია, ამას სრულიად გამოვრიცხავ, რადგან, ივანიშვილისგან განსხვავებით, შევარდნაძე მართლა იყო პოლიტიკოსი. რას მეუბნებით თქვენ, რომ ივანიშვილი ბოკერიას ფინანსთა მინისტრობას შესთავაზებს?! ან გრიგოლ ვაშაძეს რომელიმე სამინისტროს?! ეს რომ გააკეთოს, მერწმუნეთ, კი არ წააგებს ივანიშვილი, პირიქით, გაიმარჯვებს – ამით ოპოზიციას გააშიშვლებს.
– რბილად რომ ვთქვათ, ამას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვებოდა.
– ძალიან სწორი შენიშვნაა! ამაშია საქმე, რომ საზოგადოებაც, ამომრჩეველიც უნდა გაიზარდოს ამ დონემდე. ეს ხომ პასუხისმგებლობის გაზიარებაა და სხვა არაფერი?! მაგრამ ამას რომ მივხვდეთ, როგორც ჩანს, კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ