სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ექოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი“

1 min read

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მხრიდან მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძის დასახელებას მორალურ კომპრომისს უწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიგი უგულავამ განაცხადა, ლადო კახაძე “მდარე პოლიტიკოსია”.

„ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ექოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი. დიდი სუფრა რომ იყოს და თამადა გვჭირდებოდეს, ამასაც შეიძლება დავთანხმებოდი. როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, ლადო კახაძის დაყენება არის მთაწმინდელების, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვა. „ქართული ოცნებისგან“ ეს ჩვეულებრივია იმიტომ, რომ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა კატასტროფის წინაშე არიან, ლადო კახაძის არჩევანი სწორედ ამის მანიშნებელია. როდესაც პარტიას აკლია კვალიფიციური იურისტები, ეკონომისტები, როცა მმართველი პარტიის და შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობა და უნიათობაა, ლადო კახაძე ნამდვილად მკვდარზე „ვენოკია“ „ქართული ოცნებისთვის“. მე მას პერსონალურ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ლადო კახაძემ რით დაგვამახსოვრა თავი? 90-იანების ბოლოში ის იყო „ლეიბორისტი“, შემდეგ გადმოხტა „მოქალაქეთა კავშირისკენ“ და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ იყო დიდი პაუზა, 2016 წელს ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს და მიიღო 2%“, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ შალვა შავგულიძის კანდიდატურას აკრიტიკებს, ხოლო თვითონ ლადო კახაძეს განიხილავს მაჟორიტარობის კანდიდატად.

„როდესაც „ქართული ოცნება“ გამოდის და შალვა შავგულიძეზე რამეს ლაპარაკობს, უბრალოდ სირცხვილი და ამორალურია, რატომ უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა თუნდაც ლადო კახაძე, ვინც 2 წლის წინ იყო იმ პარტიასთან, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მორალური ჯოჯოხეთი მოუწყო. ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ რიტორიკა და თავდასხმა ბატონ ბურჭულაძეზე, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“, მიშას პროექტია, დღეს აღარ არის ლადო კახაძე ამ პროექტის ნაწილი? სად არის თანმიმდევრულობა, რამეში ხომ უნდა იყოს „ქართული ოცნება“ თანმიმდევრული? ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან უსინდისობა, უზნეობა და არათანმიმდევრულობაა ეს არჩევანი. ლადო კახაძე არის მდარე პოლიტიკოსი. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის გამო, რომ იმ პარტიაში იყო კახაძე, რომელსაც გამყიდველებს ეძახდა, ეს მორალური კომპრომისია და სამწუხაროა, რომ ასეთ მორალურ კომპრომისს სთავაზობს საზოგადოებას „ქართული ოცნება“,- განაცხადა უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიონებში დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ეჭვობს, რომ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური ავტორიტეტით სარგებლობდეს რომელიმე მათგანი.

„დანარჩენ კანდიდატებს არ ვიცნობ. ვეჭვობ, რომ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური ნიჭით ან ავტორიტეტით შერჩეულიყვნენ ეს ადამიანები. „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი ბრენდის და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე გავიდეს ფონს ყველა რაიონებში, მაგრამ იმედი მაქვს ამჯერად ეს არ გამოუვათ“,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

ipn.ge

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ