Breaking News
Home / მთავარი სიახლე / ქართული ფსევდოპოლიტიკა – გიორგი ბარამიძე

ქართული ფსევდოპოლიტიკა – გიორგი ბარამიძე

ცვლილებები, რომლებსაც პირობითად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ვეძახით, XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული დღემდე, სულ უფრო უმწიფარი ქვეყნის მოქალაქეებად აღგვაქმევინებს თავს,რადგან  ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური სურათი არ იცვლება. რას ვცვლით? რისთვისვიბრძვით? რა მიზანი აქვს ქვეყანას? – შედეგის მისაღწევად, პირველ რიგში, ყველა ძალა, რომელსაც პოლიტიკურ ბრძოლაზე აქვს პრეტენზია, ამ კითხვებზე უნდა სცემდეს პასუხს და შესაბამისად მიდიოდეს დასახული მიზნისკენ.

საქართველოს საბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლების 30 წლის თავზე ქვეყანაში არსებულ ე.წ.პოლიტიკურ ველს თუ გადავხედავთ, ვერაფრით დავიმშვიდებთ თავს, რადგან ჩვენ თვალწინ და პარალელურად, პირდაპირი მნიშვნელობით, დაიზარდნენ საბჭოთა ნომენკლატურის პირტიტველა გოგო-ბიჭები, დამკვიდრდნენ პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებში, ისე შეეჩვივნენ მდგომარეობას, რომ პარლამენტი საკუთარ სახლად მიაჩნიათ, სადაც თავისუფლად შეიძლება გამოხატო ემოციები, წამოწვე, დაისვენო, გაერთო, მოკლედ, საქმისგან თავისუფალი დრო გაატარო; თავისუფლად გადაადგილდებიან ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიის გაერთიანებებში, უპირისპირდებიან სრულიად მიუღებელ პლატფორმებს, თუმცა მცირე, შეუმჩნეველი გადათამაშების პირობებში იქ აღმოჩნდებიან, სადაც პოლიტიკურ ქარცეცხლში იმყოფებოდნენ და „სისხლს ღვრიდნენ“, მაგრამ დღეს კომფორტულად არიან. ეს პროცესები კი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, თითქოს ქვეყანაში მოქალაქეები არ ვცხოვრობთ და პროცესები ჩვენი ინტერესების მიღმა უნდა ხდებოდეს.

არჩევნებიდან არჩევნებამდე მეტ-ნაკლები აქტიურობით სახელმწიფოს მმართველობის სათავეებთან სრულიად წარმოუდგენელი ადამიანები ცდილობენ მოსვლას იმისათვის, რომ თავიანთი მერკანტილური სურვილები აისრულონ, ბუნებაში პარაზიტებად წოდებული არსებების მსგავსად, მონდომებით იკვებებიან გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე დროდადრო კი კომფორტულად მიეყუდებიან ხოლმე იმ ძალას, რომლისგანაც სარგებელს ნახავენ ფინანსური თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს უკანასკნელი არ გამოაძევებს გადაჭარბებული მადის გამო, რაც უკანასკნელ პერიოდში მეტად თვალსაჩინოა. მათთვის არ არსებობს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული შეხედულებათა მწყობრი სისტემა, არსებობს პირობითი მტერი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უცერემონიოდ დაუმეგობრდებიან.

ხელისუფლებაში ამჟამად არსებულ ძალას არა ზემოხსენებულმა სვავებმა, არამედ მოქალაქეებმა შევახსენეთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მაშინაა წარმატებული, როდესაც მკაფიოდ გამოხატულია ხალხის ნება, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე სამართლებრივ სფეროში. როდესაც ადამიანების ხმა ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ იწყება შედარებით მწვავე და კონსტრუქციული ძვრები, სოციალური თემატიკის გააქტიურება, მტკივნეული და არაპოპულარული ქმედებები უზარმაზარი კერძო სისტემების მისამართით, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, გააღატაკეს ქართველი მოსახლეობა. მაგრამ ასეთ კატეგორიულ ქმედებებს მაშინვე მოჰყვება ხოლმე „ოპოზიციურ ძალთა“ და დიდი ჟურნალისტური კორპუსის მკაცრი შეფასებები, მიუხედავად იმისა, რომ იგივეჟურნალისტებისათვის ხელისუფლების მაკომპრომიტერებელ თემად ამავე კერძო ბიზნესის ლობირება ითვლებოდა.

ტელევიზიებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების რეიტინგი  მკვეთრად დავარდება, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ე.წ. სიმწვავე დაეკარგება, ამიტომაც ყოველდღიურად, დღის განსაკუთრებით რეიტინგულ მონაკვეთში, გვესმის ისტერიული წივილ-კივილი, ქილიკი და ცინიკური გამოსვლები, რომლებიც ასევე მოკლებულია ლოგიკასა და მიზანს.

ასეთი კურიოზების პირობებში ხელისუფლებისათვის ძალიან რთულია სახლმწიფოს განვითარებაზე ზრუნვა, რადგან ხშირად არასამართლიან ბრალდებებზე პასუხის გაცემის რეჟიმში უწევს ყოფნა, რათა სამოქალაქო აზრის მიმართ უპასუხისმგებლობაში არ დასდონ ბრალი.  ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის განკუთვნილი რესურსი იხარჯება არამიზნობრივად, უშედეგოდ, იმის განხილვით, სად უნდა მისცეს ინტერვიუ ქვეყნის პრეზიდენტმა, საჭიროა თუ არა  პროტოკოლი,  კანონი, თუ „გარეთ XXI საუკუნეა!“

დრო დღევანდელი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით არ მუშაობს, პირიქით, ის ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა რეალური სასიკეთო ცვლილებები აღვიქვათ. ამისთვის ძალების კონსოლიდირება და მოთმინებაა საჭირო  და არა მუდმივი კრიტიკა კრიტიკისთვის და საკუთარი ინტერესების დასაცავად. ქვეყნის ფეხზე დადგომას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას არაფერს შემატებს ცრუსაქმიანობა და ფსევდოოპოზიციური თამაში, რომლის ფასი დღეს ძალიან მაღალია და,  სამწუხაროდ, უფრო ძვირი იქნება ხვალ ჩვენი მოსახლეობისათვის. ამიტომაც ხელისუფლების მხრიდან სამართლიანი, სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული, თუნდაც მტკივნეული, გადაწყვეტილებები და ქმედებები კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, მიუხედავად იმისა, კვეთს თუ არა იგი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოქალაქეების ნაწილის ინტერესებს. მოსახლეობის მხარდასაჭერი, სამართლიანობასა და მოქალაქეების მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოყვანაზე ორიენტირებული აქტები არ უნდა იყოს ერთჯერადი, ვისაც  და რა მასშტაბის პრივილეგირებულ ადამიანებსაც უნდა ეხებოდეს იგი. ყველას პატივისცემასა და საარჩევნო  ხმას ხელისუფლება ვერასდროს მიიღებს და არც არის საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაცია სოცკოდექს ჯგუფის ხელმძღვანელი

გიორგი ბარამიძე

 

კომენტარები

Powered by themekiller.com