Breaking News
Home / მთავარი სიახლე / „ეს კანონპროექტი გახდება შეფასების საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან“ – არჩილ თალაკვაძე

„ეს კანონპროექტი გახდება შეფასების საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან“ – არჩილ თალაკვაძე

როდესაც იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა წარმოდგენილი, ჩვენ ამას განვიხილავთ და ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ვენეციის კომისიის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. ჩამოსულია ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია და მათ გავაცანით ის ოთხი ძირითადი პრინციპი, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და კითხვები. კერძოდ, ეს არის ის, რომ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე იურისტებს, რომლებიც სისტემის გარეთ არიან. სიის შედგენის და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე, პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან პრაქტიკულად ამერიკის კონგრესის სტანდარტით და კენჭისყრა მოხდება ინდივიდუალურად, თითოეულ კანდიდატურაზე. რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის ვალდებული, რომ ყველა წარმოდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს, პარლამენტი ამტკიცებს იმ კანდიდატებს, ვისაც ენდობა. ეს კანონპროექტი გახდება შეფასების საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით რეკომენდაციებს და დასკვნას მათი მხრიდან”,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ვენეციის კომისიის აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია.

„ვენეციის კომისიასთან იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა. სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ყოფილიყო, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი სუბიექტური კითხვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ პროექტზე. მათ გვითხრეს, რომ მოკლე ვადებში იქნება შეფასებები და როცა იქნება დასკვნა წარმოდგენილი, ჩვენ ამას განვიხილავთ და ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, გავითვალისწინებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

Powered by themekiller.com