სამ. ივნ 25th, 2019

MediaPress

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო

„შესაძლოა, ვიღაც ვიგინდარას ჰქონდეს სურვილი, რომ ჩუმად დათმოს გარეჯი“ – გიორგი ლაღიძე

1 min read

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მართებს, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ამავე დროს ძალიან პრინციპული უნდა იყოს თითოეული დეტალის მიმართ, რადგანაც ხელისუფლების მცირე გადაცდომამ შესაძლოა საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს, რაც შეიძლება ხელისუფლებისთვის  სავალალო შედეგით დამთავრდეს:

„დავით გარეჯთან დაკავშირებით გამართულ ყველა აქციაზე ვიყავი. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამასთან დაკავშირებით გამართულ ყველა აქციას დაესწრო ჩვენი პარტია და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ უდიდეს საქმეში.
სიამაყით ვარ სავსე, ეს არის ქართული სული, ყველას დავანახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს დავით გარეჯს. 28 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეები, რამდენიმე ათასი ადამიანი ვიყავით, ქართული დროშებით ჩიჩხიტურის კოშკთან ძალიან მშვიდობიანად მივედით.
საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არცერთ გოჯ მიწას, ეს უნდა იცოდეს როგორც საქართველოს, ისე აზეირბაიჯანის ხელისუფლებამ.
დავით გარეჯის ყველა ტაძარი არის ქართული –ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს, შევხედავთ თუ ისევ დაიწყო სამუშაოები და გართულებები, მაშინ საზოგადოება დაიწყებს მოქმედებებს, დაიცავს საკუთარ სიწმინდეებს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსი მთლიანად არის ქართული, საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის დადგენის დროს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის სურვილი, კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ინტერესები.
შესაძლოა, ვიღაც ვიგინდარას ჰქონდეს სურვილი, რომ ჩუმად დათმოს გარეჯი, იქ დაწესდება მონიტორინგი, ყოველდღიურ კონტროლს დავაწესებთ და თუ რაიმე გართულებები იქნება ავტეხავთ განგაშს, საზოგადოებას აქვს დიდი ძალა, თუ ფხიზლად ვიქნებით, ჩვენს მიწა-წყალს ვერავინ წაგვართმევს“.

დავით გარეჯთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, ძირითადად საუბარია მესამე ძალაზე ვისაც ეს დაპირისპირება აძლევს ხელს, თქვენ თუ ხედავთ მსგავს საფრთხეს?

„არ არის გამორიცხული მესამე ძალა მართლაც არსებობდეს. აქ არის რუსეთის ფაქტორი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აზერბაიჯანელები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ თავხედურად იქცევიან. ჩვენ ბუნებრივია სიფრთხილე გვმართებს, თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს დავით გარეჯის ერთ გოჯ მიწასაც კი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის რომ ორმხრივმა კომისიამ დროულად დაასრულოს მუშაობა და საკითხი გადაწყდეს სამართლიანად“.

საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე..

„საზღვრის დამდგენი კომისია ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა. რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობდა ეს კომისია, ვფიქრობ ეს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. დაახლოებით ერთი თვის წინ, კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რათა ერთხელდა სამუდამოდ დასრულდეს ამ საკითხზე მუშაობა და სპეკულაციები. დავით გარეჯი საქართველოა და ის არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“.

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ