თენგიზ ცერცვაძე დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს – „ბატონო დიმიტრი, იქნებ გვითხრათ როგორ უნდა მოვქცეულიყავით“

2,030 წაკითხვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. ცერცვაძის განცხადებით, ჟურნალისტის კითხვაზე ხუნდაძემ უპასუხა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

„ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.

ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით – დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?“ – აცხადებს ცერცვაძე.

იპნ

Next Post

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

კვი აგვ 23 , 2020
2,030 წაკითხვა„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. „ქართული ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატებზე შეჯერება მოახდინა. პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს […]

შესაძლოა მოგეწონოთ