„საარჩევნო მიზნებით მანიპულაციას დიდი ხანია შეჩვეულები ვართ. მაგრამ აზერბაიჯანთან მიმართებაში კონტექსტი ძალიან მძიმეა“ – ასე აფასებს გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ დავით-გარეჯის კომისიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მისი თქმით:
„აზერბაიჯანი ახლა ცხელი ომის მდგომარეობაშია ყარაბაღთან დაკავშირებით. ის ცდილობს, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები. ამ დროს გამოითქმება ეჭვები, რომ რაღაც რუკებია, მერე ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა ვიღაცას ქრთამი გადაუხადა ამაში. კონტექსტი გამოდის ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ ტიპის გაუგებრობის შემოტანა, თანაც ზუსტად ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით, არის წმინდა წყლის რუსული თამაში, მოდით, ასე ვთქვათ, რუსულ-სომხური. ასეთი დამთხვევა შეუძლებელია. რანაირი დამთხვევაა. თქვე კაი ადამიანებო, 1-2 კვირა მოიცადეთ. გავიდეს ცოტა დრო. რატომ გახდა ასეთი სასწრაფო, როდესაც იქ ომი დაიწყო?! ძნელი იქნება აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ შემთხვევით ხდება და მეტი არაფერი.
ნაბან წყალს ბავშვი თუ გადააყოლე, რა მნიშვნელობა აქვს, ამის შემდეგ რა მიზნებზე შეიძლება იყოს საუბარი. ამის შემდეგ ვიღაცას გაუკვირდება, როდესაც პრორუსობას დააბრალებენ“ – აცხადებს ხუხაშვილი.