ხელისუფლებავ! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც საქართველოს პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება
დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს ქმედება უაღრესად სახიფათოა.
„ხელისუფლებავ! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით? მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა. საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.
2007 წლის პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელობა. დახურულ სხდომაზე ვსაუბრობდით მძიმე პრობლემებზე, სწორედ გარეჯის მიმდებარე და სხვა სასაზღვრო ტერიტორიებზე. ამასთანავე, არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა.
„რესპუბლიკელები“ მკაცრად ვაკრიტიკებდით მაშინდელ ხელისუფლებას დსთ- ში დარჩენის, ორივე კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობოების ეგიდით რუსის ჯარის დატოვების გამო. ამასთანავე, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია, „რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით სათუთ საკითხებს.
თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა 1938 წლის რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება.
არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც.
ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“- წერს ბერძენიშვილი.