ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

1,500 წაკითხვა

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.

მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

ხიდაშელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი.

მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა.

თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა – ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება – თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.

საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით – აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა.

ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ – საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ.

აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს”,- ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.

Next Post

რატომ გაცვია ფეხსაცმელი ჩოხაზე? - თამარ მაყაშვილის კითხვა გურამ ფალავანდიშვილს

ოთხ ოქტ 14 , 2020
1,500 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ