„ ტრაბახში არ ჩამომართვათ..“ – კახა კალაძე

1,549 წაკითხვა

ტრაბახში არ ჩამომართვათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, გახლავთ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მარტვილში, სადაც აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და ქალაქში ვიმყოფები, მუნიციპალიტეტში, რომელიც საკუთარი ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და, რაღა თქმა უნდა, მარტვილის საოცარი კანიონით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.

აქ, მარტვილის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული ღირსებისა და შეგნების ხალხი ცხოვრობს. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, არაერთი ჩვენი თანამოქალაქისათვის, თქვენს დასახასიათებლად საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სიტყვებიც კმარა, რომლითაც მან საბჭოთა ოკუპანტებს მიმართა – „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

ჩემთვის, ერთი რიგითი ქართველისთვის, ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აღწერს თქვენს ბუნებას და შეუდრეკელ ხასიათს, მით უმეტეს, კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებისა და ძალმომრეობის ატანა გიწევდათ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

2012 წლიდან, ჩვენს ქვეყანაში და რასაკვირველია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.

სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა თქმა უნდა, ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ და არ ჩამომართვათ ეს ტრაბახში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს ღირსეულად, გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას, რასაც „ქართული ოცნების“ წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰქვია. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

Next Post

უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

შაბ ოქტ 17 , 2020
1,549 წაკითხვაქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ქართულენოვანი რესურსი, რომელიც დიდი სამამულო ომისადმი (1941-1945 წწ.) არის მიძღვნილი. ამის შესახებ, შეკრებილ სამუშაო ჯგუფსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, პროექტის ინიციატორმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ აცნობა თბილისში, 17 ოქტომბერს. ინტერნეტ-გვერდს ეწოდება „დიდი სამამულო“ (didisamamulo.ge). გვერდზე არის რამდენიმე რუბრიკა, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო არის ალფავიტის მიხედვით დალაგებული “დიდი სამამულო ომის ცნობარი“. აქ თავმოყრილი იქნება ენციკლოპედიური ცნობები სამამულო და მეორე […]