თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, კირცხის ტყეში, ჩამოსვა და გაუჩინარდა

924 წაკითხვა

არაოფიციალური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს – მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

იპნ

Next Post

„ჰუმანურად იქცეოდა” – რას ყვება გათავისუფლებული მძევალი ლაშა შენგელია

ხუთ ოქტ 22 , 2020
924 წაკითხვასამეგრელოს რეგიონში სპეცოპერაცია დასრულდა.  სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა, თავისუფალია. „გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა,“- უთხრა „კურიერს“ სატელეფონი საუბრისას ლაშა შენგელიამ.  

შესაძლოა მოგეწონოთ