სააკაშვილის ცინიზმი და ბურჯანაძის გულუბრყვილობა

2,079 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილის ცინიზმი უსაზღვროა. რაც მან თავისი პრეზიდენტობის დროს შავი საქმეები აკეთა პროგრესული ლოზუნგების ფონზე, ისეთს ბევრი ვერ დაიკვეხნის თანამედროვე მსოფლიოში და სწორედ ეს არის სააკაშვილის ცინიზმი. მაგრამ, იკითხავთ, ნინო ბურჯანაძე და გულუბრყვილობა?! განა ნინო ბურჯანაძე, გამოცდილი, ძლიერი პოლიტიკოსი „ლედი“, ყველა ყველაფერი და, გულუბრყვილობა როგორ უნდა დასწამო მას?!

მართლაც, გასაკვირია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ცინიკოსი სააკაშვილის წინაშე ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურად აშკარად წააგო, თანაც ისე, რომ მისი უსუსურობა, გულუბრყვილობად ჩანს. სააკაშვილმა მას არაერთი მახე დაუგო და ბურჯანაძე ყველა ამ დაგებულ მახეში გაება.

დავიწყოთ ნინო ბურჯანაძის გაოპოზიციონერების პერიოდით. 2008 წლის გაზაფხული, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი. მანამდე, 5 იანვარს, ბურჯანაძემ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, გადამწყვეტი დახმარება აღმოუჩინა „მიშას“, გაყალბების გზით მოეგო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.რასაკვირველია, ცბიერ ნინოს ეს სამსახური „მიშასთვის“ უანგაროდ არ გაუწევია. ბურჯანაძე დარწმუნებული იყო, რომ ამ არჩევნების შედეგად, სააკაშვილი იქნება სუსტი პრეზიდენტი, თავად კი გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს – მან ხომ დიდი დახმარება გაუწია სააკაშვილს და ეს ყველამ დაინახა.

მაგრამ ცინიკოსმა სააკაშვილმა ძალიან იოლად „გადააგდო“ ქალბატონი ნინო – კვლავ გაპრეზიდენტებულმა „მიშამ“ საარჩევნო სიაში არ ჩასვა ბურჯანაძისა და მისი მეუღლის – ბადრი ბიწაძის ნათესავები და ძმაკაცები. ამ მიზეზით კი, ბურჯანაძე წამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და მალევე ოპოზიციონრად მოგვევლინა. მაგრამ იგი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში მოტყუვდა, მის მიერვე დაგებულ მახეში გაება – უარი არ თქვა და იჩუქა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 კვმ), 31 696 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად, სიმბოლურ 1 ლარად. ეს ქონება, რომლის საბაზრო ფასი 12 მილიონ ლარს აჭარბებდა, პრეზიდენტის განკარგულებით, ბურჯანაძეს, არც მეტი, არც ნაკლები, „საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე, ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ არგუნა „მოწყალე მიშამ“.

როდესაც ბურჯანაძემ ნამეტანი „გაუტია“ და სააკაშვილს მთელი ძალით „შეუტია“, მახე დაიხურა – ბურჯანაძეს უძრავ ქონებაზე ანუ წყნეთში ნაჩუქარ შენობა-ნაგებობებზე გადასახადის გადახდა  მოსთხოვეს, რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით. ბევრ ჩვენგანს ახსოვს ალბათ, როგორ გაოგნებული ეკითხებოდა მომღერალი „უცნობი“ ქალბატონ ნინოს, შენ თვითონ რატომ არ დაუბრუნე, რატომ უკან არ მიუგდე მიშას ეგ უძრავი ქონებაო… ანგარებიანმა ქალბატონმა ნინომ საოცარი გულუბრყვილო პასუხი გასცა მას: როგორ, ორჯერ ვიყავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და განა არ მეკუთვნოდა ეს ქონებაო?! ვერ გააცნობიერა ამ ვითომ ძალზე ჭკვიანმა ქალბატონმა, რომ მას არ უღირდა ეს ქონება პოლიტიკურ დისკრედიტაციად, თუმცა სიხარბეს რას მოუხერხებს ადამიანი… საბოლოოდ, მან არც ფული გადაიხადა და სახელმწიფომ ჩამოართვა „დამსახურებული“ ქონება, რომელიც საბავშვო ხელოვნების სკოლას გადასცა.

ეს მარცხიანი პოლიტიკური სტარტი სააკაშვილის ოპოზიციის რანგში, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა მიზეზით წავიდა ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან (სააკაშვილის მიერ მისი საარჩევნო სიის დაწუნება), შემდეგ კი წყნეთის ქონების სკანდალი, საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ხალხს არ მიეღო ქ-ნი ნინო ოპოზიციურ ლიდერად. მას ეგონა, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევის შემდეგ შემოაბრუნებდა ვითარებას, მაგრამ პირიქით მოხდა – ბურჯანაძის დაძახილზე გასულ ხალხს რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა, თავად ბურჯანაძე და მისი უახლოესი გარემოცვა კი ხელუხლებელი დატოვა. ამან კიდევ ერთი უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია მის მიმართ. ბურჯანაძე იმაში მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისის მოვლენები მოგვიანებით სააკაშვილის წინააღმდეგ სამხილად გამოიყენა, მაგრამ ამან თავად ბურჯანაძეს არაფერი არგო – არც პრაგმატულად, არც მორალურად.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ქმედებების ანგარებითი ხასიათი, რომელიც გულუბრყვილობას ჰგავს ან ამ თვისებაში გადადის კიდეც.

აკაკი ბერაია

Next Post

ცხარე კამათი სალომე სამადაშვილსა და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს შორის (ვიდეო)

პარ ოქტ 23 , 2020
2,079 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ