წულუკიანი, კობახიძე, თალაკვაძე – ვინ სად მიდის

2,108 წაკითხვა

ახალ პარლამენტში თანამდებობების გადანაწილების პროცესი უკვე დაიწყო და კომიტეტების თავმჯდომარეობასა თუ ვიცე-სპიკერობაზე პრეტენზია ძალიან ბევრს აქვს. არც თუ მცირე ნაწილი ცალკე ფრაქციას და მის თავმჯდომარეობას ითხოვს. თუ არჩევნებამდე ცხადი იყო, რომ სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი კვლავ მინისტრთა კაბინეტში აინაცვლებდა, ახლა უკვე ღიად საუბრობენ, რომ 2012 წლიდან იუსტიციის უცვლელი მინისტრი პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს და ერთი წლის თავზე… პარლამენტის თავმჯდომარე გახდება. გუნდის შიგნით თითქმის არავინ მალავს, რომ არჩილ თალაკვაძეს ამერიკაში ელჩად ამზადებენ და ეს ერთი წელი, ანუ გარდამავალი პერიოდი, წულუკიანს საქმეში უკეთ გასარკვევად სჭირდება. სხვათა შორის, რამდენიმე მედიასაშუალებამ ისიც დაწერა, რომ წულუკიანს ბიძინა ივანიშვილი მომავალ პრემიერად მოიაზრებს, მაგრამ გიორგი გახარიას შეცვლა ამ ეტაპზე არ განიხილება. თანაც, პარლამენტში მყოფი წულუკიანის ნებისმიერ მინისტრად „აწევა“ უფრო მარტივი იქნება, ვიდრე კვლავ იუსტიციაში დაბრუნება და შემდეგ იქედან სხვა პოზიციაზე გადანაცვლება.

საინტერესოა, ირაკლი კობახიძის როლი მომავალ პარლამენტში. „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არცერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ მიიღებს და ის, უბრალოდ, ახალი კანონების წერით იქნება დაკავებული. დავიწყოთ იმით, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემთ ჩატარდება და რაც მთავარია, პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, ანუ, 31 ოქტომბერს რომ ამ სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები, პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდა. საუბარია იმაზე, რომ ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს და ამისათვის პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ეს, შესაძლოა, ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც 3%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი აქვს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საგანი გახდეს, თუმცა ჯერ არა, ეს მერე, როცა მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტურები გამოჩნდება.

პარლამენტში თანამდებობების გადანაწილების პარალელურად, უკვე ღიად მიდის საუბარი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მართალია, უმრავლესობის წევრებს კობახიძემ და კალაძემ გასაგებად უთხრეს, რომ ამ თემაზე საუბარი გაზაფხულიდან დაიწყება, მაგრამ ახლადგამომცხვარ დეპუტატებსა თუ ძველ გვარდიას, არანაირი სურვილი არ აქვთ, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ და თადარიგს ახლავე იჭერენ. რეალურად, ოპოზიციაშიც არავის სჯერა, რომ ხელახალი არჩევნები იქნება და აკი თქვა კიდეც დავით ბერძენიშვილმა, ეს პროტესტი 2021 წლის არჩევნებისთვის მზადებაა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას ვგეგმავთო.

ანი დვალიშვილი, ალია

Next Post

რითია უკმაყოფილო ივანიშვილი?

ორშ დეკ 7 , 2020
2,108 წაკითხვამართალია, მოქმედი ხელისუფლება ახალ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა. მას ჰპირდებოდნენ, რომ „ოცნების“ შედეგი 58-დან 60%-მდე იქნებოდა და 10%-იანი ცდომილება იმას ნიშნავს, რომ გუნდის ლიდერები რეალობისგან საკმაოდ დაშორებული არიან. თანაც, ეს არჩევნები ყველაზე ძვირი დაჯდა და მართლია, პარტიული შემოწირულობა არ იყო მცირე, როგორც გვეუბნებიან, საკუთარი ფულის დახარჯვა ივანიშვილს კვლავ მოუხდა და მთავარი აქცენტიც ამაზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ