„ჩვენ უკვე ვნახეთ, როდის თმობს ივანიშვილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

875 წაკითხვა

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ერთადერთი შედეგი, რაც ამ მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ახალ წლამდე დაიდოს არის ბიძინა ივანიშვილის სრული იზოლაცია. არანაირ დათმობაზე ივანიშვილი ახალ წლამდე არ წავა – ვერ ხედავს მაგის საჭიროებას.

ერთადერთი რეალისტური შედეგი იქნება ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და ამის შედეგად, ოლიგარქის სრული იზოლაცია.

ვისაც პოლიტიკა აინტერესებს და პროცესს კონტექსტში სვამს, არ შეიძლება სხვა მოლოდინი ჰქონდეს.

ივანიშვილი სრულ იზოლაციამდე არაფერს არ დათმობს – ყველაფერი, რასაც ის ახლა დათმობს, მას აწყობს და არა ოპოზიციას.

ეს არის იმდენად ნათელი, რომ ამაზე ნათელი რა შეიძლება იყოს, არც კი მესმის.

ამიტომ ოპოზიციამ სჯობს რეალისტური მიზანი დაისახოს და ამ ეტაპზე ივანიშვილის იზოლაციას დასჯერდეს ერთიანობის შენარჩუნებით.

(ისიც უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის ცდუნება ივანიშვილს პოზიციას მოკლე ვადაში გაუმყარებს, მაგრამ იზოლაციას არ ააცილებს – როგორც 2008 წელს, ისე ახლა, გატეხილი პოლიტიკოსები მმართველ ძალას შეერწყმებიან და არავინ მათ დამოუკიდებლობას არ დაიჯერებს)

როცა/თუ ამ მიზანს მიაღწევს, ოპოზიცია შემდეგ ნაბიჯზე უნდა გადავიდეს.

ჩვენ უკვე ვნახეთ, როდის თმობს ივანიშვილი:

მაშინ, როცა ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანი დგას.

ამიტომ, პირველი მიზნის მიღწევის შემდეგ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სრულმასშტაბიან და ყოვლისმომცველ კამპანიაზე მთელი ქვეყნაში და ამაში სამოქალაქო აქტივისტებიც უნდა დავეხმაროთ.

მაშინ როცა ივანიშვილი პარლამენტში თავის თავს დაელაპარაკება, ოპოზიცია ხალხს უნდა ესაუბროს და ისინი ცვლილებების საჭიროებაში დაარწმუნოს.

გაყალბებულ არჩევნებზე თანმიმდევრულობის და ერთიანობის შენარჩუნება ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობას მხოლოდ გაუადვილებს და ნდობას გააღრმავებს.

ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, როდის დგება გარეთ ბევრი ხალხი და არ იღლება – მაშინ, როდესაც პროტესტის დღის წესრიგი ამომრჩევლის ინტერესითაა ნაკარნახევი და არა რომელიმე ბელადის ჰალუცინაციით.

ამიტომ, ოპოზიციის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბელადის ახირებებისგან სრული დამოუკიდებლობის დემონსტრირებას – სხვანაირად არაფერი გამოვა.

მოკლედ, რეალისტური მიზნები დაისახეთ – ახლა ეგებ ერთიანობის შენარჩუნება შეძლოთ.

ახალი წლის მერე კი, ერთიანობის შენარჩუნებით გაზრდილ ნდობაზე კაპიტალიზაცია, იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოგყვეთ და ივანიშვილი დათმობაზე წამოიყვანოს.

რაც შეეხება საერთაშორისო მეგობრებს – მათ შევახსენებ, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა, ხშირად კეთილი განზრახვებითაა მოფენილი:

გაყალბებული არჩევნების გადაყლაპვის იძულება, მითუმეტეს ახლა, როცა ბოიკოტი გამოცხადებულია, იმ მიზეზით, რომ „30 წელია ყლაპავენ“ ერთი მხრივ ივანიშვილს ეხმარება ამომრჩევლის თვალში არჩევნებმა ფასი დაკარგოს და ძალაუფლება რაც შეიძლება მეტხანს დარჩეს.

მეორე მხრივ სააკაშვილის პოპულისტურ ნარატივს კვებავს – რომელიც 8 წელია ამტკიცებს რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ ყველა არჩევნებში მონაწილეობს.

არ მგონია ქართული დემოკრატიის ინტერესებში იყოს ან ერთი, ან მეორე.

ამიტომ არაა საჭირო იმ ხალხის ენთუზიაზმის ჩაკვლა, ვისაც არჩევნების ჯერ კიდევ სჯერა და გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს.“

Next Post

7 პოლიტიკოსის გვარი – ვინ დაასახელა “მთავარმა არხმა”?

სამ დეკ 8 , 2020
875 წაკითხვადღეს, ნიკა გვარამიამ დაანონსა, რომ სამი პარტიიდან 7 ოპოზიციონერს დაასახელებს, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ. რამდენიმე წუთის წინ, “მთავარმა არხმა” გააჟღერა მათი სახელები: ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიის წევრი, ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე და მისი პარტიის წევრი, პაატა მანჯგალაძე გირჩის წევრევბი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის შეხვდრაზე არ გამოჩენილან ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე. “გირჩის” წევრის, ვახო მეგრელიშვილის […]