ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ჩვენი კარი ყველა პარტიისთვის ღიაა“

1,557 წაკითხვა

პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და დადგენილი ბარიერი ვერ გადალახეს, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. „არასაპარლამენტო ოპოზიცია – ახალი პოლიტიკურ ძალთა პლატფორმა“ – ასე ჰქვია ერთობას, რომელიც შეეცდება ქვეყანაში მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გაერთიანებაში ნებისმიერ პარტიას შეუძლია შესვლა თუ ის მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს – არასდროს უთანამშრომლია სახელისუფლებო და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებთან. ამ ეტაპზე გაერთიანებაში ექვსი პოლიტიკური პარტია შედის: პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“, რომელსაც მამუკა ტუსკაძე ხელმძღვანელობს,  „მომავალი საქართველო“ –  გიორგი ლაღიძე,  ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – აკაკი ბართაია, „ზვიადის გზა“ – მიხეილ-გელა სალუაშვილი, „რეფორმატორები“ – დავით მიროტაძე,  „შეცვალე საქართველო“ – გიორგი გაგნიძე. პარტიებმა, დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ხელი შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს:

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი პოლიტიკური პარტიები ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და  ვთანხმდებით:

  • ჩვენი პლატფორმის, საგარეო პოლიტიკური კურსი არის მკვეთრად დეკლარირებული- ევროატლანტიკური;
  • თავისუფალი დემოკრატიული და სამართლიანი გარემოს შექმნა;
  • ვაცხადებთ, რომ სახელმწიფოში აუცილებელია კოსტრუქციული და არა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების არსებობა;
  • მნიშვნელოვანია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა;
  • პროტესტის გამოხატვა, კანონმდებლობით გათვალისიწნებული მეთოდებით;
  • მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა, როგორც არასამთავრებო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან და თანამოაზრე პოლიტიკურ ორგანიზაციებთან;
  • აქტიური ურთიერთობა მასმედიასთან;
  • პოლიტიკური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური თემატიკის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მემორანდუმის ხელმომწერი პარტიები, ახალ პოლიტიკურ ძალთა პლატფორმის პოზიციას აფიქსირებენ, ერთმანეთთან კოორდინაციის შემდეგ;
  • მემორანდუმზე ხელმოწერა სხვა პოლიტიკური სუბიექტებისათვის თავისუფალია, მემორანდუმზე ძირითად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ;
  • საკითხის გადაწყვეტა ხდება-კონსესუსით ან მონაწილე პარტიათა ხმათა უმრავლესობით.

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე „მედიაპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი გაერთიანება სულ მალე სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის:

„ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებულ მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, ჩართული იქნეს ჩვენი პოლიტიკური პლატფორმაც, ვინაიდან ჩვენ ყველანი ვიღებდით მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში და სერიოზული შედეგებიც ვაჩვენეთ.  ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღეიდან, ახალი პოლიტიკური პლატფორმა იწყებს პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიქნებით აქტიურები ყველა მიმართულებით, ვინაიდან, ქართული საზოგადოების დაკვეთაა ახალ პოლიტიკურ ძალთა შექმნა. არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, სამწუხაროდ თავისი რესურსები უკვე ამოწურეს და ამას ითხოვს ქართული საზოგადოება, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავის სიტყვას იტყვის დიდ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ მიზნის განხორციელებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები, სანამ არ იქნება მიზანი მიღწეული და ჩვენი ქვეყანა არ გამოვა უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან, და ასევე მანამ არ ჩატარდება არჩევნები, რომელიც უპასუხებს დემოკრატიულ პრინციპებს.“

მამუკა ტუსკაძე, „სოციალური სამართლიანობა“

„აქ წარმოდგენილ პარტიებს, საერთო ჯამში გვაქვს ოცი ათას ხმაზე მეტი მიღებული. იმედი გვაქვს, რომ კიდევ შემოგვიერთდებიან სხვა პოლიტიკური ძალები და ამ გაერთიანების მთავარი მიზანი ის არის, რომ არასაპარლამენტო ქოლგის ქვეშ  გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ ვთვლით, რომ ჩატარებულმა არჩევნებმა არ გამოხატა სრულფასოვნად ხალხის ნება, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არ შედგა. ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიქნებით არასაპარლამენტო კონსტრუქციული ოპოზიცია. იმედი, მაქვს, რომ ეს გაერთიანება თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქართულ პოლიტიკაში.

დავით მიროტაძე – პარტია „რეფორმატორები“-ს თავმჯდომარე.

„საქართველოში დაწყებულია პოლიტიკური კლასის ცვლილების პროცესი, ეს პოლიტიკური კლასი უნდა ჩანაცვლდეს ხალხისგან წამოსული ხალხით.  ჩვენი მთავარი კრიტერიუმია, ის, რომ ამ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო სუფთა წარსულის პოლიტიკური ძალები და ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა არც ერთი მოწვევის პარლამენტში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არასდროს არ შევსულვართ არანაირ პოლიტიკურ გარიგებაში არც ერთ ხელისუფლებასთან. ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს ხალხთან ერთად ყოფნა, რაც სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას არ ესმის. ასე, რომ ეს არის ძალიან სწორი ალტერნატივა რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება ბევრად მძლავრი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის“.

 

Next Post

„დღეს კობახიძემ თავისი მატრაკვეცობით ბიძინას...“ - გია ხუხაშვილი

ოთხ დეკ 9 , 2020
1,557 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: „დღეს კობახიძემ თავისი მატრაკვეცობით ბიძინას გაუჩალიჩა. კარებამდე მისული ხალხი ოპოზიციაში დააბრუნა…“

შესაძლოა მოგეწონოთ