ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით გამოკითხეს. ამისშესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.
მისივე ცნობით, სავარაუდო „ქილერთან“ დაკავშირებული პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ საქმეში სულ უფრო საინტერესო დეტალები იკვეთება.
კერძოდ, მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.
სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.
თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე. ამიტომ, ის ტელეფონით გამოკითხეს.
„ამ ხანგრძლივი სატელეფონო ჩვენების დეტალების შესახებ სასამართლოში არაფერი თქმულა, ისევე როგორც რულოვსის სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილთან“ , – აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმირ ესიპოვი, რომელიც ხანგოშვილის პროცესს აშუქებს.
იპნ