ელისაშვილი ნაციონალებს – „60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი პარლამენტში უნდა შევიდეთ!”

1,277 წაკითხვა

90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლა სირცხვილი არ არის, ეს ქვეყნის სამსახურია და ამისთვის იბრძოდნენ პარტიები, როდესაც წინასაარჩევნოდ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ.

„უნდა მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს, ნიკა მელიას, რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ხატია დეკანოიძეს, თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მინდა მათ მოვუწოდო, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავუსწოროთ ამ ქვეყანას თვალი, ხომ გვინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ ყველას შვილებმა, ვთქვათ ვაჟკაცურად, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ პარლამენტში. ნუ გრცხვენიათ, პარლამენტში არჩევისა და შესვლისთვის ვიბრძოდით და დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ 3 თვე, ეს სირცხვილი არ არის ეს ქვეყნის სამსახურია.

ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო – მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოიწონა, რომელმაც განაცხადა, რომ მალე ოპოზიციური პარტიები პარლამენტში იქნებიან და აღნიშნა, რომ სააკაშვილს კარგად ესმის, რას ნიშნავს ევროკავშირისა და ნატოს ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებები.

იპნ

Next Post

„ეს მძორი ვერ წამოჯდა პარლამენტში“ – იდა ბახტურიძის პოსტი ირაკლი ოქრუაშვილზე

შაბ დეკ 12 , 2020
1,277 წაკითხვაქალთა უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ პოსტს: „დავინახოთ პოზიტივიც – ეს მძორი ვერ წამოჯდა პარლამენტში, ანუ ერთით ნაკლები მძორი ძევს იქ“- წერს იდა ბახტურიძე.