პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, 2020 წლის პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს:
„2020 წელი არც თუ სახარბიელოდ წარიმართა. კოვიდ-პანდემიამ მძიმე დაღი დაამჩნია როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეს, რამაც კიდევ უფრო გააღატაკა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა. არც პოლიტიკური თვალსაზრისით მოიტანა ამ წელმა წარმატება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული უნდობლობა და ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ნამდვილად არ წაადგება. საერთო ჯამში, 2020 წელს, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით შევაფასებდი ნეგატიურად. ამას ემატება უამრავი ადამიანისათვის წართმეული სიცოცხლე, რომელიც კოვიდ-პანდემიამ იმსხვერპლა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი 2021 წელი მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. მინდა თითოეულ ოჯახს ვუსურვო ხვავი, ბარაქა, ქვეყანას ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობა და გამთლიანება“.