ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ნიკა მელიას ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ არჩევაზე საუბრობს.
ბევრი ელოდა, რომ სააკაშვილის ფავორიტი იქნებოდა ვარშალომიძე, მაგრამ პარტიის მხარდამჭერებმა მელია აირჩიეს. სააკაშვილის პოზიციები პარტიაშიც შესუსტდა?
„მე ასე არ შევხედავდი. დღემდე ნაციონალური მოძრაობაც და „ქართული ოცნებაც“ ერთი კაცის პარტიები იყო. იმდენად პარტია არ იყო, რამდენადაც რელიგიურ წარმონაქმნი, რომელიც ორიენტირებული იყო ბელადზე.
მელიას თავმჯდომარედ არჩევით ბელადზე ორიენტირებული სისტემა დაირღვა და უფრო გათანამედროვდა. თანამედროვე გაგებით ნაციონალური მოძრაობა პარტიად პარასკევს ჩამოყალიბდა, რამდენადაც ეს უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს. იმიტომ, რომ ამ პარტიაში ბელადომანია დამთავრდა.
კიდევ ერთი პარტია ვიცი, სადაც ყველაფერი აგებულია ბელადზე და ეს იქაც თუ დამთავრდება, შეიძლება საბოლოო ჯამში პოლიტიკურ პროცესში გადავიდეთ“.
ხომ არ აღმოჩნდება მისაბაძი სხვა პარტიებისთვისაც, რათა უფრო თანამედროვე პოლიტიკისკენ წავიდეთ?
„ბელადები სხვა პარტიებში მე არც მეგულება. ცდილობენ, რომ თანამედროვე ცივილიზებულ საწყისებზე დაიწყონ მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს მაგალითი სხვებისთვისაც იქნება, მაგრამ დღეს სულ სხვა პრობლემა გვაქვს. კი ბატონო, ეს პარტიები შიდა პარტიულ დემოკრატიას განავითარებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სახელისუფლებო პარტიის პრობლემა, რომელიც ისევ ანაქრონულ ბელადის მოდელზეა აგებული.
ერთია პარტიის პრობლემები, მაგრამ მეორეა, რომ ეს პარტია შეზრდილია სახელმწიფოს. ჩვენ არამხოლოდ პარტიულ ბელადთან გვაქვს საქმე, არამედ სახელმწიფოებრივ ბელადთან გვაქვს საქმე. ის პოლიტიკაა, რომელიც არც კი ვიცი, რომელი საუკუნისაა, მეოცე საუკუნეც კი არ არის, ღრმა წარსულია“.
ახალი თაობა