„გიორგიმ დანა ძაღლს ესროლა, მიშო ძაღლს გადაეფარა და დანა მას მოხვდა” – ახლოურების ტრაგედიის დეტალები

1,033 წაკითხვა

19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მისი 21 წლის ძმის, გიორგი ახლოურის, ინტერესს საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე იცავს.

– ახლობლები ამბობენ, რომ გიორგიმ დანა ძაღლს ესროლა, მიშო აეფარა ძაღლს და დანა მას მოხვდაო, ამ ინფორმაციას დამიდასტურებთ?
– დაახლოებით ასეთი მომენტი იყო, მაგრამ რადგან დუმილის უფლება აქვს არჩეული, დავიცვათ მისი უფლებები და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს იყო შემთხვევით მოხვედრილი დანა. სასწრაფო თავად გიორგიმ გამოიძახა, 4-ჯერ დარეკა სასწრაფოში, რადგან სასწრაფო მოსვლას აგვიანებდა. სთხოვდა დროზე მოსულიყვნენ და თან იმასაც ეკითხებოდა ოპერატორს, მასწავლეთ, რითი შეიძლებოდა ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო სასწრაფოს მოსვლამდეო.

სასწრაფომაც დააგვიანა და ეტყობა სისხლისგან დაიცალა. მძიმეა ბრალდებულის ემოციური მდგომარეობა საუბარიც კი უჭირს, განიცდის მომხდარს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც ძალიან წარმატებული ახალგაზრდაა, მას სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად ფლობს ენებს. მუშაობს ამჟამად გაყიდვების აგენტად და რეალიზებული, წარმატებული ახალგაზრდა იყო. არანაირი კრიმინალური წარსული მას არ აქვს.

მიშო ახლოურის მეგობრებს მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ყველა მათგანი ამბობს, რომ მომხდარი სრული შოკია მათთვის და წარმოუდგენელია, ძმამ ძმა სასიკვდილოდ რომ გაიმეტა.

კვირის პალიტრის ინფორმაციით, საქმეში დევს გამოკითხვის ოქმი, სადაც გიორგი მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

“გიორგი თურმე ამბობს, სამჯერ ვთხოვე ჩემს ძმას ტელევიზორისთვის დაეწია, დაუწევდა, მაგრამ ისევ მაღლა უწევდა, უკვე მესამედ რომ აუწია, მივედი და ტელევიზორს ანტენა მოვაძვრე, ამის გამო წავკამათდითო. ძმების კამათი მიშოს ძაღლმა გაიგონა, რადგან ძმები ჩხუბობდნენ, ძაღლმა მიშოს დაცვა სცადა და გიორგის უყეფდა და მისკენ მიიწევდა, ძაღლის ყეფამ ეტყობა გააღიზიანა გიორგი, გაბრაზებულმა გიორგიმ ძაღლს მოუქნია დანა, სიბნელე იყო დერეფანში ვერ დაინახა მიშო და ძაღლისთვის ძლიერად მოქნეული დანა შემთხვევით მიშოს მოხვდა და დაიჭრა,

ბიჭების მამაც სახლში იყო ამ დროს, მაგრამ მას სხვა ოთახში ეძინა, მას არაფერი დაუნახავს და მერე დადგა ამ მძიმე ფაქტის წინაშე.

5 შვილი ჰყავთ, მშობლები ახალი გაშორებულები არიან და მიშოს დედა 3 შვილთან ერთად თავის სახლში იყო. ამ ბინაში კი მიშო და გიორგი მამასთან ერთად იყვნენ”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

კვირის პალიტრა

Next Post

შორენა თეთრუაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა – რას სთხოვს საპატრიარქო ჟურნალისტებს?

პარ იან 8 , 2021
1,033 წაკითხვასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“ – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც ჩანს, ამ ამბის გამო, ჟურნალისტები ანდრია ჯაღმაიძეს ურეკავენ ინფორმაციის დასაზუსტებლად და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოციალურ ქსელში, წერს: “შემოდის უამრავი ზარი, ვთხოვ ჟურნალისტებს, […]