„ცოტა ხნის წინათ განა საკუთარი ყურით არ მოვისმინეთ სააკაშვილის ბიძისა და გუბაზ სანიკიძის დიალოგი? დაგვავიწყდა, როგორ იძლეოდა მითითებებს?! ისინი იმ გეგმას მიჰყვებიან, რაც ძალადობის გზით ხელისუფლების დამხობას გულისხმობს! ამ თამაშში შევიდნენ და ვეღარ გამოდიან! ვფიქრობ, პოლიტიკური საბოტაჟი, რასაც დღეს ოპოზიცია მიმართავს, გამოძიების საგანი უნდა გახდეს!“– ამის შესახებ დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ ასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„სხვის ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ, როდესაც ლეგალურ შემოსავალზე უარს აცხადებ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, საიდან ეს ფუფუნება? რა მოტივაცია გამოძრავებს ისეთი, რომ ქვეყნის განვითარება შეაფერხო და პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებები არ მიიღოს?! ეს ხომ საბოტაჟია?!
ესენი კოლექტიური სააკაშვილები არიან, ამიტომ მე, როგორც ერთი ამომრჩეველი, კატეგორიულად მოითხოვ, პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ჩემი ჯიბიდან არ დაფინანსდნენ, ხოლო ფული იმ სანიტრებმა, ექთნებმა და ექიმებმა მიიღონ, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან. კოვიდკლინიკაში, სადაც დედაჩემი წევს, სტუდენტები დიდი რისკის ქვეშ მუშაობენ, საოცარ სამოქალაქო, პროფესიულ გმირობას იჩენენ! მოლაყბეებს, უნდა გადავუხადოთ ხელფასი ქვეყნის ამოტრიალებაში და ასეთი ადამიანები უყურადღებოდ დავტოვოთ? შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს, ვითომ პირად კეთილდღეობაზე წინ ქვეყნის ბედს რომ აყენებენ, ბრაზის ნაოჭები აქვთ სახეზე. გამოურთეთ ტელევიზორს ხმა და დააკვირდით სხეულის ენას, როგორი აგრესია მოდის მათგან. როგორ შეიძლება მათი ხელისუფლებაში მოსვლა? ეს ადამიანები ისეთ მაზოხიზმში შევიდნენ, ვერც კი ხვდებიან, რატომ არ მისცა ქართველმა ხალხმა ხმა“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.