ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

1,688 წაკითხვა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შესავალი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.

ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.

ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.

ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.

როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით – ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.

შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.

რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, – ცხოვრება გამოაჩენს…

პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები

2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა – მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს.

რეტროსპექტივა

რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება. წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:

„გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.

• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.

• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.

• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.

• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.

• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.

• ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”

„…პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.”

„ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა”.

„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, …რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს”.

ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა – ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

საიდან დავიწყეთ

2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო – ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.

ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, – სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით – შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის, საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს.

2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.

გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, – გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.

ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, – როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი – როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს.

დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს

„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია. მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.

ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი (დანართი იხილეთ საიტზე).

კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.

ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.

გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.

შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ…“

ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.

მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს.

დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან – უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.

არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:

„მერე რა, რომ დავმარცხდით?!

მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!

მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!

მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!

მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!

მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!

არა!

ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!

ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!

ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .

(დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, – ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).

ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.

უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: “მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება – ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი – უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.

ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, – სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.

ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.

მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას – „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.

ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.

სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.

ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა.

ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.

მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ – თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.

რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.

მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც – თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო!

Next Post

„ეს უფრო გაქცევას ჰგავს ვიდრე..“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

ორშ იან 11 , 2021
1,688 წაკითხვაპირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას. გია ხუხაშვილის განცხადებით, […]

შესაძლოა მოგეწონოთ