ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები – „პირდაპირ ჩემი წინაპრების საძვალიდან ვიგერიებდი მომხდურს“ – თორნიკე გოგუაძე

3,368 წაკითხვა

ლალი ცერაძე

ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. გთავაზობთ სოხუმის ერთგული შვილების მოგონებებს ქალაქში მიმდინარე პროცესების და საომარი ვითარების შესახებ. მშობლიური კუთხის მიმართ გულში ყველას თავისი სიყვარული, გულისტკივილი და ნოსტალგია აქვს.  მცნება  „სოხუმელი“ დაკავშირებულია ზღვასთან, თოლიების გნიასთან,  გასაოცარ პეიზაჟებთან, ეგზოტიკურ ბუნებასთან, ტურისტებთან და მოსახლეობის ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულთან და პატივისცემასთან. აქ არ არსებობდა ეროვნების გარჩევა, ყველანი ლამაზი საპორტო ქალაქის შვილები იყვნენ.

ამჯერად შემოგთავაზებთ სოხუმელი კაცის, თორნიკე გოგუაძის, მოგონებას აფხაზეთის ომის დროს  სოხუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი მეგობრობა „ფეისბუკში“ ურთიერთობით დაიწყო და, საბედნიეროდის გამოეხმაურა ჩემს თხოვნას მოეთხრო თავისი ისტორია და ყოველ დღე მოუთმენლად ველოდი გვერდის გაგრძელებას.

ნაწყვეტი სერიიდან „მე სოხუმელი ვარ“

თორნიკე გოგუაძე 

ბრძოლა სოხუმისათვის თავისუფლებაში (მეორე ნაწილი)

მე ვთვლი, რომ ქართველები ძალიან ჰუმანური ხალხი ვართ. მტერ-მოყვარის გარჩევა არ ვიცით. ყველას ერთნაირ პატივს ვცემთ და ვენდობით. ეს ყველაზე დიდი მინუსია ჩვენს ხასიათში. ასეთივე უდარდელობით ვენდეთ რუსეთს და დავდეთ ხელშეკრულებები აფხაზ სეპარატისტებთან და მოტყუებით დავკარგეთ კიდეც ყველაფერი.

ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩვენი მოწინააღმდეგეები იარაღდებოდნენ და ხალხს იკრებდნენ. ამ პერიოდში გამოაცხადეს მობილიზაცია დ სამხედრო ნაწილები შექმნეს. თავიდან მოსკოვის ხელშეკრულებით გაგრის ტერიტორია წაგვართვეს, შემდეგ დაგომისის ხელშეკრულებით ახალშენი-კამანი-შრომა დავკარგეთ და მტერი უკვე სოხუმს ხელისგულივით ხედავდა. არც მაშინ ვისწავლეთ ჭკუა. როგორ შეიძლებოდა ქალაქიდან მძიმე ტექნიკის და ჯარის გაყვანა? ეს იყო თვითმკვლელობის ტოლფასი. სასწავლო წელი სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა დანიშნულიყო და უცებ სწავლა გადმოწიეს პირველ ნახევარში. რუსმა დამკვირვებლებმა და სეპარატისტებმა დააფიქსირეს, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკა გავიდა, მაგრამ მათი, საუბედუროდ, ადგილზე დარჩა. ქართველებმა კი გააპროტესტეს შენიღბული არსენალი, მაგრამ ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება.

უკვე სასკოლო მზადება გვქონდა და თითქოს სიმშვიდე იყო ქალაქში. მინდოდა მაქსიმალურად მომემარაგებინა სკოლები ინვენტარით და სასკოლო მასალებით და თბილისში გადავფრინდი. „იაკ-40“ ისეთი სავსე იყო, რომ მეგონა აღარ ჩავიდოდი თბილისში. შევხვდი „საქწიგნის“ გენერალურ დირექტორს ბატონ ზურაბ ჩილაჩავას და მაჩვენა აფხაზეთის სკოლებისათვის გერმანიაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები. რამდენჯერმე მომიწია თბილისში ჩაფრენა, რადგან სკოლის დირექტორები სასწრაფოდ ითხოვდნენ მომარაგებას. ჩვენ სოხუმის დაკარგვაზე და ჩაბარებაზე არც კი ვფიქრობდით.

ერთხელაც აფხაზეთის რადიომაუწყებლის ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან ინტერვიუსთვის. ძალიან პროვოკაციულ კითხვებს მისმევდა და მე თავს ვარიდებდი. მხოლოდ წიგნებზე და საქმეზე ვესაუბრებოდი. ბოლოს ვუთხარი „არც ჩვენ და არც აფხაზებს სხვა სამშობლო არ გააჩნიათ მეთქი“. რამოდენიმე დღის შემდეგ უნდა მოსულიყო ტელევიზიაც და იმ საბედისწერო დღეს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო კიდეც.

თხუთმეტ სექტემბერს სოხუმს ყველა მხრიდან შემოუტიეს რუსებმა და სეპარატისტებმა. ქალაქი მომენტალურად დაცარიელდა. გადაკეტეს ასევე კოდორის ხიდი და შრომა-თავისუფლების მხრიდან დაიწყეს შემოსვლა. აჩადარას მხარე პრინციპში ცარიელი იყო. შემთხვევით ადგილობრვმა ბიჭებმა და იარაღს სტაცეს ხელი და რაც შეეძლოთ  გაამაგრეს პოზიციები. ასევე ქვედა ეშერის მხრიდანაც გაარღვია მტერმა დაცვა და „უჩხოზში“ შემოიჭრა. აქ დაიღუპა, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი რეზო ფირცხალავა.

დიდი დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.  ჩვენ მათ პოლიტიკას დავენდეთ და ოჯახები ჩამოვიყვანეთ სოხუმში. რა დროს სკოლის დაწყება იყო, როცა შეიარაღებული დაგეშილი მტერი ქალქის მისადგომებს მაღლობიდან დაყურებდა? გამოდის, რომ გაგვწირეს.

ქალაქი იბომბებოდა ყოველი მხრიდან, მაგრამ არც ერთი სოხუმელი არ ფიქრობდა ქალაქის ჩაბარებას. სახლში მივვარდი, გადავიცვი და გავიქეცი მინისტრთა საბჭოსაკენ. იქ უკვე ცუდი ამბები დამახვედრეს – მტერმა ყოველი მხრიდან გამოარღვია ფრონტის ხაზი და შემოიჭრნენ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსებმა და სეპარატისტებმა ეშმაკურ ტაქტიკას მომართეს – შენაერთები დაყვეს ჯგუფებად, რომელშიც 9-10 კაცი შედიოდა. მათ შორის იყო ერთი აფხაზი, რომელმაც იცოდა ადგილმდებარეობა და დავალების შესასრულებლად უშვებდნენ. ქუჩა-ქუჩა მოიწევდნენ წინ. მათ შემადგენლობაში რუსები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები იყვნენ.

სოხუმის დამცველებს ყველაზე დიდი პრობლემა  ოჯახების დარდი და მათი გაყვანის აუცილებლობა ჰქონდათ. თან წინა ხაზზე მტერს იგერიებდნენ და თან შვილებზე ფიქრობდნენ, რომლებიც უმოწყალოდ იბომბებოდნენ. სოხუმის დასახლებაა ასეთი „ვიემი“ . იქ მყავდა ძირი ოჯახი და იქითკენ გავიქეცი. უმცროს ძმას ვუთხარი მომზადებულიყვნენ წასასვლელად. მამაჩემს არ უნდოდა ძმის გაშვება, მაგრამ დედა ჩაერია და ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. შემდეგ კი ზღვის სანაპიროსკენ გავეშურე. იქნებ ვინმე მენახა, რომ  ჩემები ფოთისკენ ან ბათუმისკენ გაეყვანა. ჩემი მეზობელი შემხვდა შენგელია და „ბარკასით“ გაყვანა შემომთავაზა. იმ მომენტში ძიძარიას ქუჩაზე მაღლობზე აფსუების მინამიოტები და ბეემპეები იყო განლაგებული და იქიდან მთელი სანაპირო ჩანდა. ისინი არავის არ ინდობდნენ. მე მივირბინე სახლში და ვუთხარი – „თქვენ რომ სამშვიდობოს გახვალთ, მე ჩვენს ბიჭებთან ერთად დავრჩები მეთქი“.

ქალაქში ცუდი სიტუაცია იყო. ხალხი აიყარა და ქალაქიდან გასვლა დიწყო. ეს ძალიან რთული იყო ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. ქალაქი იბომბებოდა. სიმამრს ჩავაბარე ჩემი ოჯახი, ბარკასამდე მიყვანა ვთხოვე და ისევ სამინისტროსკენ გავიქეცი ყოფილი ლენინის მოედანზე. აქ ხალხმრავლობა იყო.  საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და გვამშვიდებდა, რომ სოხუმის დასაცავად მოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან და ქალაქში ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა. მაგრამ ეს ილუზია იყო. ქალაქის ალყა ვიწროვდებოდა და რაც ყველაზე სამწუხაროა პანიკამ მოიცვა ყველა.

მე ჩემს ახლობლებთან ვიდექი, როდესაც ვიღაცამ შემოგვძახა – „ვიემი“ აფსუებმა აიღესო“. სამნი ვიყავით და ერთ-ერთ ჩემს მეგობარს მოტოციკლი ყავდა იმით წავედით. ობკომის გარაჟთან ადამიანის ჭაჭანება არ დაგვხვდა. რაღაც ისეთი საშიში სიჩუმე იდგა, მაგრად შეგვეშინდა. ერთმანეთს გადავხედეთ, მივედით მაღაზიამდე და რვა მარტის ქუჩიდან ვიღაც   კაცი  მარტო მოდიოდა. შევაჩერეთ და ვკითხეთ, რა ხდებოდა. მან არაფერი არ გვიპასუხა, ისე გაკურცხლა ქალაქის მხარეს. გავაგრძელეთ გზა და ერთი გასროლის ხმაც არ ისმოდა.

დაახლოებით ერთ საათში უკვე თავისუფლების სასაფლაოსთან მივედით, ხალხმრავლობა იყო. და მივხვდით, რომ აქედან წამსვლელები არ ვიყავით.

ყველა ჩვენი ახლობელი, ბავშვობის მეგობარი, ყველა „ვიემელი“ იქ იდგა. ვიგრძენი მთავარი, არც ერთი მათგანი არ მიგვატოვებდა განსაცდელში. ამის იმედი გვქონდა ყოველ ჩვენთაგანს.

ქალაქიდან ამოვიდნენ თავდაცვის მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი თავისი ბიჭებით და სოსო ახალაია. მივესალმეთ ერთმანეთს და სოსომ მკითხა – „რა ქენი, გაიყვანეო ოჯახი?“ მეც თავდაჯერებით დადებითი პასუხი მივეცი. „ეს კარგია, ხელები გაქვს ხსნილიო“ მიპასუხა. არ გასულა დიდი დრო და რუსებმა დაიწყეს ამ ადგილის დაბომბვა. გვიშენდნენ „აგეესის“ სისტემის ყუმბართმტყორცნებიდან და 120 მილიმეტრიანი მინამიოტებიდან. საშინელი ხმა აქვს. სადმე ახლოს რომ გაიწუილებს ყურთასმენა მიაქვს. დაახლოებით 50-60 კაცი ვიყავით. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით.

ისე სასაცილო შესახედები ვიყავით საფლავებს შორის გაწოლილები. ჩემს გვერდით ჩემი ძმა და მეგობარი ვალერი ბოჯგუა აღმოჩნდა. ვეკითხები „ილიჩ, შენ გახსოვს სად არიან დაკარძალულები ჩემი ბაბუა და ბებია?“ „კიო, როგორ არ მახსოვსო“ მიპასუხა. „მაშინ თუ ძმა ხარ, თუ მომკლეს და რამე მომივიდა, სახლში არ წამიღო, პირდაპირ ბაბუაჩემის სასაფლაოზე დამასაფლავეთ მეთქი“. ამ მინამიოტის ნამსხვრევების წვიმაში ისეთი ისტერიული სიცილი აგვიტყდა, ვინც ცოტა მოშორებით იყვნენ ჩაწოლილები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა ჩვენს თავს. ეგონათ ალბათ შიშისგან ხომ არ გაუბერესო. ისე გამოვიდა, რომ პირდაპირ ჩემი წინაპრების საძვალიდან ვიგერიებდი მომხდურს.

შემდეგ ნელი სვლით, როგორც იქნა გავცდით სასაფლაოებს და ეზო-ეზო მივაღწიეთ თავისუფლების სკოლის შენობასთან.იქ პერიმეტრზე კარგა მოზრდილ ბეტონის ბლოკებს ამოვეფარეთ და ჩამოვჯექით.

ჩვენს გვერდით გია ყარყარაშვილი და მისი ბიჭები აღმოჩდნენ. ერთმანეთს გავესაუბრეთ, მაგრამ მათ საიმედო არაფერი არ თქვეს. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ახლა უფრო დავკარგე ყოველგვარი იმედი. იმ სულ წინა პოზიციიდან თავისუფლებში აშკარად ჩანდა, რომ აფხაზეთი და სოხუმი განწირული იყო. გიამ რეალურად შეაფასა იქ არსებული უნუგეშო სიტუაცია და ქალაქისკენ წავიდა. მას სოხუმის გრანიზონში უთხრეს, რომ თავისუფლებაში პოზიციები გამაგრებული იყო და საიმედოდ დაცული. და როცა დარწმინდა, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო უკმაყოფილო და გაღიზიანებული ქალაქში დაბრუნდა.

თავისუფლებას იცავდნენ ძირითადად ადგილობრივი – ჩამბელი და „ვიემელი“ ბიჭები.

თავისუფლების ერთი ქუჩა გადასარბენი იყო და ყველამ გადავირბინეთ. და სადღაც რამდენიმე მეტრში ნაღმი აფეთქდა. დავრჩით მე და ერთი თბილისელი ბიჭი, რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი. სიკვდილზე კი ერთად წავედით. მას ჩემი ყუმბართმტყორცნის ყუმბარებიანი ჩანთა ეკიდა. უფალმა შემიწყალა მეორედაც. იქვე ვალერი და სოსო გაწერელიას მოკარი თვალი. მათთან მივედი. თბილისელ ბიჭს ჩანთა გამოვართვი და ვალერისთან მოვილაპარაკე, რომ მათ შევუერთდებოდი ან გვიან ღამით არ ადრე დილით, როგორც კი ჩემი ოჯახის ამბავს გავიგებდი.

მე და სოსო იქვე სიმინდებში გავწექით დაღლილები. დაღამდა. სროლა შეწყდა. არავის არ უნდოდა თავისი პოზიციის გამხელა. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე დამყარდა. თურმე რა ძნელი ყოფილა სიმინდის ფოთლის შრიალი შემოდგომაზე. როცა სიო ოდნავ დაუბერავდა, ისეთი გრძნობა გვქონდა, ვითომ ვიღაც მოიპარებოდა. ამ გაუგებარ სიტუაციაში ჯობია ზურგზე დაწვე და თვალები ცაში აღაპყრო.

იმ ღამეს რუსები და აფხაზები შეტევაზე არ გადმოსულან. ხოლო მე შევიტყვე, რომ ჩემი მეუღლე, ორი ბავშვი და უმცროსი ძმა ქალაქიდან არსად არ წასულან. ჩემს მოლოდინში სახლში დარჩენილან. ვერ მიმატოვეს. რეალურად ვიგრძენი, რომ ჩემს ოჯახს სასიკვდილო საფრთხე ელოდა და დიდ ხათაბალაში გამხვიეს. უკან დასახევი გზაც არ მქონდა და მათ კი ვერ მივატოვებდი. მე, ჩემი მეუღლე და ძმა კი გავიდოდით რამენაირად, მაგრამ ბავშვებით ეს შეუძლებელი იყო.

თავისუფლებაში ბრძოლა გაჩაღდა. ბიჭებმა მაგრად იომეს. ჩვენი მეთაური  იმ ბრძოლაში კონსტანტინე (გუთუ) ჯღამაია იყო და აფსუების ტანკი ახლოს მიუშვა და ყუმბართმტყორცნით აუფეთქა. ტანკისტები შიგ ჩაიწვნენ. (ეს ტანკი მოგვიანებით აფსუებს შეუკეთებიათ და მონუმენტად დაუდგავთ სკოლის წინ).  უკვე ცხადი იყო, რომ თავისუფლებას ვერ დავიცავდით ცარიელი ხელებით. მძიმე ტექნიკა გატანილი იყო  გემებით და რკინიგზით. მარტო ავტომატები, ყუმბართმტყორცნი და ტყვიამფრქვევი და  მეტი არაფერი.

ქართველების ნაკადი ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა მაჭარკისკენ. იქ იდგა უკრაინის გემები. ვინც ვერ მოხვდა მაგ ბოლო გემზე ისინი უკვე მერხეულის გავლით სვანეთისკენ წავიდნენ.

Next Post

მაგიური ციფრი ქართულ პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს

ხუთ სექ 12 , 2019
3,368 წაკითხვამამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები […]

შესაძლოა მოგეწონოთ