ნანა კაკაბაძის გამოხმაურება ხათუნა ლაგაზიძის ტელემიმართვაზე, რომელიც მან „მთავარი არხი“-ს ეთერში გააკეთა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიმართა და მათ ბეჩავები უწოდა.
შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქში სათაურს „ხათუნა ლაგაზიძე ქართული ოცნების შეშინებულ ამომრჩევლებს მიმართავს“. დამაინტერესა, რას გულისხმობდა ავტორი, ვინაიდან ხმა მეც სწორედ „ქართულ ოცნებას“მივეცი.
ჯერ სად „უშიშრობა“ და სად ლაგაზიძე და მეორეც, სად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინება და სად შიში ქართული ოცნების ამომრჩევლობის გამო.
როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კეკლუცობები, ნაძირლობები და ვაი-ჭირისუფლობები მაღალი ღირებულებების სახელით. რა საშინლად გამოიყურებიან ლაგაზიძე და მისნაირი მედროვე კონფორმისტები საზოგადოების იმ ჯანსაღი ნაწილის თვალში, რომლებმაც თავისი ცხოვრების წესით აჩვენეს ქვეყანას, რას ნიშნავს დაძლიო შიში, როცა ჭეშმარიტება შენს მხარეზეა.
ასეთი იყო სწორედ 70-იანი წლების იმ დისიდენტების ცხოვრება, რომებლმაც ძლიეს შიშსა და კონფორმიზმს და პირად კეთილდღეობაზე მაღლა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა დააყენეს, ძლიეს შიშს არა სიტყვიერად და ვიღაცების წინაშე საკეკლუცოდ, არამედ საქმით, როდესაც პირადი და ქვეყნის თავისუფლების მოსაპოვებლად ციხეებსა და გულაგებს არ შეუშინდნენ.
ამ დროს კი ლაგაზიძე და მისი მსგავსები მართალი სიტყვის თქმას კი არა, გაგონებასაც კი გაურბოდნენ და შიშისა და პირადი კეთილდღეობის გამო მორჩილების „მახინას“ – კომპარტიას ემსახურებოდნენ.
„უშიშარი“ ლაგაზიძე არც 80-90-იანი წლების მიჯნის ეროვნული მოძრაობიდან ახსოვს არავის. ალბათ იტყვის, 19-20 წლისა ვიყავი და როგორ უნდა გახსოვდეთო, მაგრამ პირადად მე, „შეშინებული“ ნანა კაკაბაძე 16-17 წლის ასაკში უკვე რამდენჯერმე ვიყავი დაკავებული ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის, ხოლო 20-21 წლისა უკვე პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.
შემდეგ ძალიან „შეშინებულმა“ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის მართლა საშიში რეჟიმის წინააღმდეგ გავაგრძელე ბრძოლა.
დავინტერესდი და გავიგე, რომ თურმე „უშიშარ“ ხათუნა ლაგაზიძეს საბჭოეთის დანგრევამ ხელი შეუშალა კომკავშირული და პარტიული კარიერის გაკეთებაში, თუმცა მოუხერხებია და 90-ანებიდან შევარდნაძის უშიშროების საბჭოში უმსახურია, ამიტომ სააკაშვილის რეჟიმისთვის თავი ვეღარ მოუწონებია და „ექსპერტად“ დაუწყია მსახურება.
ამ სტატუსით ბიძინასაც შესთავაზა სამსახური, რომელმაც არ მიიღო და გაბრაზებულმა ახლა პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილი პარტიით სცადა გაპოლიტიკოსება.
იქიდან გამობუნძულებული ისევ ექსპერტობას დაბრუნებია და შეთავსებით ბიზნესიც აუწყვია. როგორც ჩანს, ის ახლა უკვე ახალ ხვრელებს ეძებს და მისი აზრით პერსპექტიული პოლიტიკური ძალისთვის საკუთარი „უშიშრობის“ დასამტკიცებლად სრულიად უტიფრად და უსირცხვილოდ ბიძინას ელექტორატს უწოდებს „მშიშრებს“, თანაც სრულიად არაადეკვატურ კონტექსტში.
ანუ ამ „მშიშრებში“ მეც მოვიაზრები. სინამდვილეში კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ოპონირება რომ საშიში იყოს, ლაგაზიძე და მისნაირები სწორედ ამ პარტიის წევრები იქნებოდნენ, ხოლო მე და ოცნების ბევრი ჩემნაირი ამომრჩეველი ისევ ვისხდებოდით ციხეებში.
მაშინ, როდესაც ხარ მშიშარა და ამავდროულად ყველა დროში გინდა მშვიდი და კომფორტული ცხოვრება, უნდა შეეცადო რომ დაუკრეფავში არ გადახვიდე, თორემ ვიღაც აუცილებლად მოგიტრიალდება და სიმართლეს პირში მოგახლის.
სიმართლე კი ის არის, რომ ლაგაზიძეები ყოველთვის იქ არიან, სადაც ბოლშევიზმი და ბოლშევიკური სულისკვეთებაა, სულ ერთია, რა დროს რა სახელი ჰქვია მათ პარტიას.“- აცხადებს ნანა კაკაბაძე.