კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „კავკასუსში“ მომხდარი ფაქტები შეიძლება კალაძის პოლიტიკურ განეიტრალებასთანაც იყოს კავშირში.
კალაძემ შეიძლება დასაყრდენი იპოვოს ოპოზიციაში?
კალაძეს აქვს ოპოზიციასთან კავშირები, ყოველთვის ჰქონდა, თუმცა, მე მაინც არა მგონია, რომ მხოლოდ ამის იმედად იყოს და ეს ნაბიჯი ისე გადადგას. თუკი ეს სცენარი პოლიტიკურად განხორციელდება, მაშინ, არ არის გამორიცხული, მან საკუთარ ძალაზეც იფიქროს.
ეს იმ შემთხვევაში, თუ ის პრემიერი ვერ გახდა?
დიახ, ბუნებრივია, ასეა, თუმცა, არა მგონია, ვერ ხვდებოდეს, ამ შემთხვევაში როგორი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს, ან, შეიძლება, გაზაფხულზე მართლაც დასთანხმდეს “ქართული ოცნება” კალაძის გაპრემიერებას, მაგრამ – დროებით. არც ის არის გამორიცხული, ისე განვითარდეს მოვლენები, ახალი კონსტიტუციის პირობებში შექმნან მოცემულობა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შეიქმნას ქვეყანაში ხელოვნურად, ინსპირირებით და საჭირო გახდეს ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ამ შემთხვევაში სრულიად გასაგები იქნება, რომ “ქართული ოცნება” კახა კალაძეს თანამდებობის მიღმა ტოვებს და ამით შეიძლება დასრულდეს კალაძის პოლიტიკური კარიერა სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მას პარლამენტის ახალ გუნდში არ ჰყავს დასაყრდენი. მას დასაყრდენი არ ჰყავს არც ძალოვნებში.