იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება არ გადადგამს ასეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. თუ გადადგამს, ძალიან ძვირად დაუჯდება, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ნიკა მელიას შესაძლო დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ნიკა მელია არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში და მას ვერავინ გადაადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც არ სჯერა.
„ნიკა ჩემი უმცროსი მეგობარია, მაგრამ რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ის უსამართლობას ებრძვის, ებრძვის პრინციპულად, ვაჟკაცურად და შესაბამისად, ყველა იმ ქმედებაში, რაც იქნება საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უსამართლოდ არ დაჩაგროს ქვეყნის მოქალაქე და ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე და ჩემი თანაპარტიელები, ვიქნებით ნიკა მელიას გვერდით. მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე საკმარისი გამოცდილება მაქვს და საკმარისად მუშაობს ჩემი ტვინი იმისათვის, რომ მე თვითონ განვსაზღვრო, ვინ ვის თამაშობს. ნიკა მელია არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, მას ვერავინ ვერ გადაადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომლისაც მას არ სჯერა და რაც მთავარია, ახლა რისიც მას სჯერა, ეს არის სწორი. ის რომ ცდებოდეს, მე ჩემს აზრს ვეტყოდი მას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
იპნ